ნაზი ბერიძე
13.06.2023

ნატოს ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი განთავსდება. ანალიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ამას რუსეთის მხრიდან დასავლეთის ბირთვულ შანტაჟად მიიჩნევს. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება არა რუსეთის ინტერესებს, არამედ ბელარუსის უსაფრთხოებას უკავშირდება და რომ იგი უყოყმანოდ გამოიყენებს ამ იარაღს, თუკი ამის საჭროება დადგება.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" მოვლენების ასეთ განვითარებას გამორიცხავს. მისი თქმით, ამ რაკეტების გადაცემა არ ნიშნავს, რომ ბელარუსი ბირთვული სახელმწიფო ხდება, თუმცა ეს ევროპის უსაფრთხოებას ახალი გამოწვევების წინაშე დააყენებს.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსში ბირთული იარაღის განთავსება მისი თხოვნა და „დაჟინებული მოთხოვნა" იყო და არა რუსეთის შეთავაზება.

„მე ვთვლი, რომ ასეთი იარაღის მქონე ქვეყანასთან ომი არავის მოუნდება. ღმერთმა არ ქნას, რომ მე მომიწიოს გადაწყვეტილების მიღება ამ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით 21-ე საუკუნეში, მაგრამ თუ ჩვენს წინააღმდეგ იქნება აგრესია, ჩემი მხრიდან არანაირი ყოყმანი არ იქნება", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

25 მარტს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მინსკის თხოვნით განათავსებს თავის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელარუსში, როგორც ამას აშშ დიდი ხანია აკეთებს მისი მოკავშირეების ტერიტორიაზე.

9 ივნისს პუტინმა სოჭში ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება დაიწყება მას შემდეგ, როცა საწყობი ობიექტები მზად იქნება, სავარაუდოდ 7-8 ივლისისთვის.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მუქარის მიუხედავად, ბელარუსი ამ ბირთვულ იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს.

„ლუკაშენკო თავის ტრადიციულ ფორმაშია. იგი, ასე ვთქვათ, ხმაურობს მაშინ, როდესაც პრაქტიკულად არაფრის თავი არ აქვს. მისი განცხადება იმ იარაღის შესახებ, რომლის განლაგებასაც რუსეთი აპირებს ბელარუსში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბელარუსს მისი გამოყენების საშუალება და უფლება ექნება. ამიტომ, თავისთავად, ეს არის გულზე მუშტის ბრაგუნი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ერთმნიშვნევლონად უჩვენებს თუ რა განწყობაზეა ეს დიქტატორი, ბელარუსის პრეზიდენტი. გასაკვირი არ არის ის, რომ ბატონი პუტინი სწორედ ამგვარ პიროვნებებთან ახერხებს კავშირის დამყარებას და თანამშრომლობას.

„ევროპის უსაფრთხოებაზე ტაქტიური ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგება, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება. ეს ნიშნავს ბირთვული რისკების გაზრდას და შესაძლოა ამან მიიყვანოს საქმე სიტუაციის გართულებამდე რაღაც პირობებში, რომელიც შეიძლება შეიქმნას, მაგალითად, იგივე რუსულ-უკრაინული კონფლიქტის კონტექსტშიც.

„თუმცა, ფორმალურად ბელარუსი ბირთვული სახელმწიფო ვერ გახდება. ეს ბირთვული იარაღი მას არ გადაეცემა განკარგულებაში. მას არ ექნება ამის გამოყენების უფლება. ეს არის რუსული ბირთვული იარაღი, რომელიც უბრალოდ განლაგებული იქნება ბელარუსში", - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×