ნაზი ბერიძე
16.06.2023

კონტრიერიშის დასაწყისი ათიოდე დღის წინ ვერ გახდა ისეთი შთამბეჭდავი, როგორც მოსალოდნელი იყო და დააანონსებული თვეების განმავლობაში, თუმცა შეიძლება ჯერ ყველაფერი წინ იყოს, რადგან ჯერ-ჯერობით უკრაინას არ შეუყვანია ის ძირითადი რეზერვები, რომელსაც იგი ამ ნახევარი წლის განმავლობაში ქმნიდა - აცხადებს „რეზონანსთან" უკრაინის ფრონტებზე არსებულ სიტუაციაზე საუბრისას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი

მისი თქმით, კონტრშეტევის დაწყებიდან არ არის საკმარისი დრო გასული მისი ანალიზისთვის, და ჯერ იმის თქმაც რთულია, ეს მთავარი, გენერალური კონტრშეტევაა, თუ მოწინააღმდეგის დასაბნევად გამიზნული მცირე კონტრიერიშები სხვადასხვა მიმართულებაზე, რასაც შემდეგ სხვა მიმართულებაზე ძირითადი შეტევა უნდა მოჰყვეს.

„ეს ჯერ გამოკვეთილი არ არის, თუმცა ლოგიკურია თუ ვიფიქრებთ, რომ მიმართულება იქნება ზაპოროჟიეს ფრონტზე ტოკმაკისკენ და შემდეგ მელიტოპოლისკენ, ასევე უგლედარის მხრიდან ბერდიანსკისკენ გაჭრა და აზოვის ზღვის სანაპიროზე გასვლა, რათა გადაკეტონ რუსი ოკუპანტების სახმელეთო დერეფანი დაწყებული როსტოვის ოლქიდან დამთავრებული ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულით. ეს არის ყველაზე ლოგიკური ამოცანა-მინიმუმი, რაც, თუ შესრულდა, ჩაითვლება ძალიან დიდ წარმატებად. ანუ, საუბარია აზოვის ზღვის სანაპიროს დაბრუნებასა და მელიტოპოლისა და ბერდიანსკის გაათავისუფლებაზე.

„ხელაღებით იმის თქმა, რომ ერთი მხარე შეძლებს სერიოზული გამარჯვების მოპოვებას ან მეორე, ძნელია. ხედავთ, რომ ომი თითქმის წელიწადნახევარია გრძელდება გარდამავალი უპირატესობებით, თუ თავიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოახერხეს მოულოდნელობის ეფექტის გამოყენება და თავს დაესხნენ უკრაინას როგორც ჩრდილოეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან, მერე ერთგვარი საბრძოლო ინიციატივა უკრაინამ აიღო თავის ხელში და გახსოვთ გასული წლის შემოდგომაზე როგორ ერთმანეთის მიყოლებით გაათავისუფლა ჯერ ხარკოვის ოლქი და ლუგანსკის მიმართულებით დიდი ტერიტორია, ასევე ხერსონის მარჯვენა სანაპირო, მდინარე დნეპრი.

„დღეს ასე ვეღარ გამოვა იმიტომ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს ჰქონდათ დიდი დრო - ნახევარი წელი დაახლოებით - და მოახერხეს ეშელონირებული ორი-სამი თავდაცვითი ზღუდის მოწყობა ზაპოროჟიეს ოკუპირებული ტერიტორიის სამხრეთ მიმართულებით. ამიტომაც დღეს უკრაინის არმია რომ უტევს, მას უწევს რამდენიმე სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა, სანამ მიაღწევს ამ ზღუდეებამდე. ეს არის პირველ რიგში დანაღმული ველები, რისი გადალახვა ძალიან რთულია. განაღმვა, როდესაც უკრაინული ჯავშანჯგუფები წინ მიიწევენ და მათ წინ მიდის განმნაღველი საინჟინრო ტექნიკა, ძალიან ნელა ხორციელდება. სწრაფად რთულია ამის გაკეთება და ამით სარგებლობს რუსული მხარე - საარტილერიო დარტყმებს აყენებს ამ ნელა მოძრავ უკრაინულ ჯავშან-ჯგუფებს. გარდა ამისა, ავიაციის მხრითაც რუსეთი ბევრად უფრო ძლიერია, მათ შორის თვითმფრინავებით და ამ ყველაფრის დაძლევა ძალიან რთულია, თუმცა შეუძლებელი - არა. ახლა ის ეტაპია, როცა სასწორი შეიძლება გადაიხაროს ნებისმიერ მხარეს.

„კონტრიერიშის დასაწყისი ათიოდე დღის წინ ვერ გახდა ისეთი შთამბეჭდავი, როგორც მოსალოდნელი იყო და დააანონსებული თვეების განმავლობაში, თუმცა შეიძლება ჯერ ყველაფერი წინ იყოს, რადგან ჯერ-ჯერობით უკრაინას არ ჩაურთვია ის ძირითადი რეზერვები, რომელსაც იგი ამ ნახევარი წლის განმავლობაში ქმნიდა," - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი ალადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×