ნაზი ბერიძე
16.06.2023

უკრაინის კონტრშეტევის განვითარების პარალელურად, დასავლეთი კიევის მხარდაჭერას აძლიერებს. გერმანიამ დღეს განაცხადა, რომ უკრაინას კიდევ 64 რაკეტას გადასცემს „პეტრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის - ამის შესახებ პარასკევს თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას განაცხადა.

პისტორიუსმა უკრაინასთვის „პეტრიოტის" რაკეტების მიწოდების გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, მათი ქვეყნის რუსული ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა დაადასტურა რომ რაკეტები კიევში „დაუყოვნებლივ" გაიგზავნება.

ამერიკული „პეტრიოტი" არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემა მსოფლიოში, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია უკრაინის არმიისთვის.

ერთი დღით ადრე, 15 ივნისს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანებულმა სამეფომ, შეერთებულმა შტატებმა, დანიამ და ნიდერლანდებმა გააფორმეს შეთანხმება, რაც უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ასობით რაკეტის ერთობლივ გადაცემას გულისხმობს. მიწოდება უკვე დაწყებულია და უახლოეს კვირებში უნდა დასრულდეს - ხაზგასმულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფომაციაში.

განცხადება დაემთხვა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ქვეყნების საკონტაქტო ჯგუფის მე-13 შეხვედრას, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.

თავდაცვის მეთაურების წინა, მე-12 შეხვედრაზე ითქვა, რომ ევროკავშირი ივლისის ბოლომდე უზრუნველყოფდა კიევისთვის ახალი საბრძოლო მასალის წარმოებას და დანია მზად იყო დაეწყო F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მართვისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნა საჰაერო ძალების ბაზაზე იუტლანდის ნახევარკუნძულზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×