თამთა ჩაჩანიძე
25.07.2023

ფრონტზე ბახმუტი კვლავ ერთ-ერთი ცხელი წერტილია. უკრაინელები ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციებს ნელი ტემპით აგრძელებენ, რის შედეგადაც მტერი იძულებული გახდა, რომ რამდენიმე დასახლებაში პოზიციები დაეტოვებინა. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, თუ ოპერაცია წარმატებით განვითარდა, უკრაინელები ბახმუტში მყოფი რუსული ძალების ალყაში მოქცევას შეძლებენ. ეს ამოცანა აქვთ თავად უკრაინულ სამხედრო ხელმძღვანელობასაც.

გარდა იმისა, რომ ბახმუტი უკრაინისთვისაც და რუსეთისთვისაც ომში ერთ-ერთი საკვანძო წერტილი გახდა, მისი დაბრუნება ფსიქოლოგიური კუთხითაც მნიშვნელოვანია, რადგან ქალქიდან „ვაგნერის" გასვლის შემდეგ მის ხელმძღვანელს ევგენი პრიგოჟნს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან პრეტენზიები ჰქონდა, რაც არშემდგარი ამბოხის ერთ-ერთი მიზეზი გახდა და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ ქალაქი უკრაინულმა არმიამ ალყაში მოაქცია, არაა გამორიცხული, რომ კვლავ მიუბრუნდეს კრემლს.

გარდა ამისა, უკრაინის ფრონტზე ცხელი წერტილები ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და ხარკოვის მიმართულებებია. გარკვეულ ტერიტორიებზე რუსებს თავდაცვითი ნაგებობები კარგად აქვთ მოწყობილი და უკრაინელებისთვის პრობლემას ქმნიან.

რა ხდება ფრონტის ხაზზე

25 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა ანდრეი კოვალევმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინული ჯარები ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთის მიმართულებაზე შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ, რის შედეგადაც მტერი იძულებული გახდა, რომ ანდრეევკას დასახლებაში პოზიციები დაეტოვებინა.

ბოლო მონაცემებით, გათავისუფლებულია დაახლოებით 35 კვ. კმ ტერიტორია, გასულ კვირას უკრაინულმა ჯარებმა დაახლოებით 4 კვ.კმ. მიწა დაიბრუნეს.

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ფრონტზე სამი აქტიური წერტილია - ბახმუტი, ზაპოროჟიე და ასევე ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის მიმართულება.

„სამი მიმართულებაა აქტიური - ბახმუტი, სამხრეთში ზაპოროჟიეს ოლქში რაბოტინე, რომელიც უკრაინელთათვის აუღებელი ტერიტორია გახდა, რადგან რუსებს ძალიან კარგად აქვთ გამაგრებული, თან შემაღლებული ტერიტორიაა. მას უკრაინელები ძალიან დიდი ძალებით უტევენ და შეტევა 20 კილომენტრის სიგანეზე მიდის. მათ შორის კოპანის დასახლებასაც უტევენ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის საფორტიფიკაციო ნაგებობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს უტევენ და უკრაინელები ჯერჯერობით მის აღებას ვერ ახერხებენ.

„მესამე ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქების სასაზღვრო მიმართულებაა, აქ საბოლოო ჯამში ექვსი თვეა პერმანენტული ბრძოლა მიდის. ესაა ტვორჩინას დასახლება, რომელიც კუპიანსკის თავზეა. კუპიანსკის წერტილი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და უკრაინელებმა ჯერ კიდევ ხერსონის ოპერაციისას გაათავისუფლეს, მაგრამ რუსები ცდილობენ, რომ უკრაინელები აიძულონ და საკუთარი საჯარისო ნაწილები ჩრდილოეთით გადაისროლონ, რათა უკრაინული შეტევის ერთ-ერთი მთავარი ღერძი გაფანტონ.

„აქ რუსებს დიდი ძალები ჰყავს მობილიზებული. ზოგიერთი შეფასებთ, ასი ათასი კაციცაა. სინამდვილეში, კუპიანსკიდან სამხრეთამდე მდინარე სევერსკი დონეცამდე რომ ტერიტორია წარმოვიდგინოთ, სადაც რუსებს მეორე საფორტიფიკაციო ნაგებობები აქვს, დაახლოებით 85 კმ-ია და აქ რომ ასი ათასი სამხედრო განალაგო, ძალიან დიდი მასშტაბი და დიდი ძალები არ გამოდის. თუმცა პრობლემას ქმნიან იმდენად, რომ უკრაინის ყურადღება აქეთ მიმართონ.

„მათ ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში რამდენიმე შეტევა სცადეს, ერთი რუბეჟნოესა და კრემინას მონაკვეთზე წარუმატებლად, თუმცა უფრო წარმატებული გამოდგა მათი შეტევა დვორჩინას მიმართულებაზე, მათ ტყეში წინ წაიწიეს. ეს თვისობრივად ფრონტის ხაზზე არაფერს ცვლის, მაგრამ უკრაინელები იძულებული არიან, რომ ყურადღება ამ მიმართულებითაც ჰქონდეთ", - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ფრონტზე ბოლო დღეებში სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა.

„ფრონტზე დიდი ცვლილებები არ ყოფილა. ყველგან პოზიციური ბრძოლებია. ცხელი მიმართულებებია ბახმუტი, ზაპოროჟიე, ხერსონი, ხარკოვი და ლუგანსკი", - განაცხადა მაისაიამ.

მოაქცევენ თუ არა უკრაინელები ბახმუტს ალყაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერი სერჰი ჩერევატი აცხადებს, რომ თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით ინიციატივას ინარჩუნებენ და უკრაინული მიწის გათავისუფლებას აგრძელებენ ას-ას მეტრობით.

ჩერევატის თქმით, წარმატებული მოქმედებები მიდის ბახმუტის ირგვლივ ანდრეევკასა და სხვა დასახლებებში, რაც უკრაინულ ძალებს საშუალებას მისცემს, რომ ბახმუტში მყოფი რუსული ძალები ალყაში მოაქციონ.

„კვირაში ჯერჯერობით კილომეტრებს ვითვლით. მოვა დრო და ათობით კილომეტრს გავათავისუფლებთ. მთავარი პრინციპი - თანამიმდევრულობა და სამხედრო პერსონალის მაქსიმალური დაცვაა, მოწინააღმდეგისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებისას", - განაცხადა ჩერევატიმ.

ჩერევატი დასძენს, რომ ამ დღეებში ბახმუტის მიმართულებით 95 ოკუპანტია ლიკვიდირებული, 187 დაიჭრა, სამი კი ტყვედ აიყვანეს. მისი მონაცემებით, განადგურდა რუსების მნიშვნელოვანი საბრძოლო ტექნიკა.

პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინელები ბახმუტს სამხრეთიდან და ჩრდილოეტიდან უტევენ და თუ ოპერაცია წარმატებით განვითარდა, ქალაქს ალყაში მოაქცევენ.

„ფაქტი სახეზეა, რომ უკრაინელები (ბახმუტის) სამხრეთით ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ და რუსული საფორტიფიკაციო ნაგებობები, რომელიც ამ მიმართულებაზე ძალიან ცოტა იყო, უკრაინული შეტევის ქვეშაა მოქცეული. ეს იქნება კლიშიივკა, ანდრეევკა თუ კურგიმილკა. სამივე დასახლება პრაქტიკულად ნაწილობრივ უკრაინელთა ხელშია. ზოგიერთ ტერიტორიაზე რუსები შეტევას ვეღარ უძლებენ და შესაძლოა დასახლებები ნებისმიერ წუთს დატოვონ.

„ეს ნიშნავს, რომ რუსებს სამხრეთიდან მომარაგება გაუჭირდებათ. რაც შეეხება ჩრდილოეთს, ამ მიმართულებიდანაც უკრაინელები უტევენ და არა მხოლოდ კრამატორსკისა და სლავიანსკის მიმავალი გზიდან, არამედ უტევენ ძალიან ახლოს სოლედარის გზიდანაც კი. ანუ ცდილობენ სოლედარზე ჩრდილოეთიდან მოხდეს დარტყმა. თუკი ეს გამოვიდა, რა თქმა უნდა, ბახმუტი დე ფაქტო ალყაში მოეცევა და მხოლოდ ერთი გასასვლელი ექნება. მაგრამ იმ ერთი გასასვლელის გამოყენების საშუალებაც ლიმიტირებულია, რადგან ამ მონაკვეთს ძირითადად უკრაინელები ბომბავენ.

„ბახმუტის გათავისუფლება სრულიად რეალური იქნება, თუკი ეს პოერაცია წარმატებით განვითარდა. რა თქმა უნდა,საბოლოო ჯამში ამის პრაქტიკაში განხორციელება ადვილი არ იქნება, რადგან რუსებს ამ მიმართულებით ძალიან დიდი სარეზერვო ნაწილები ჰყავთ, მაგრამ როგორც ჩანს, უკრანელები დინამიურად და მეთოდურად ცდილობენ ტერიტორიების გათავისუფლებას, ეს უბრალოდ დროის საკითხია.

„თუ რუსებს უკრაინული შეტევის მოსაგერიებლად რესურსები და რეზერვები არ ეყო, იძულებული გახდება, რომ სამხედრო ნაწილები მოხსნას და ქალაქიდან გავიდეს. ადგილზე დაახლოებით 40 ათასი ადამიანია, რაც ცოტა არაა, მაგრამ როცა კითხვები გვქონდა თუ ბახმუტი როგორ აიღეს, გავიხსენოთ, რომ მათ აქ არა მხოლოდ უზარმაზარი რეგულარული არმია ჰყავდათ, არამედ „ვაგნერიც" იყო, რომელსაც თავის მხრივ პატიმრებიც ჰყავდა. ეს გულისხმობდა, რომ მსხვერპლის გაღების ძალიან დიდი საშუალება ჰქონდათ. ახლა კი მათ ეს საშუალება აღარ აქვთ, რადგან ამ ადამიანებს ასე მასობრივად ვეღარ შეწირავენ, როგორც მანამდე ამას „ვაგნერი" აკეთებდა", - განაცხადა გიორგი კობერიძემ რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რუსებს ბახმუტში ოპერატიული ალყაში მოქცევის საფრთხე ნამდვილად აქვთ. ბახმუტის გათავისუფლება კი არის როგორც სტრატეგიული, ისე პოლიტიკური მნიშნელობის.

„რუსებს ბახმუტში ოპერატიული ტომარაში მოქცევის საფრთხე ნამდვილად აქვთ. ესაა კლიშიივკის გათავისუფლება და სტრატეგიული სიმაღლეების დაკავება, რომელიც უკრაინულ მხარეს საშუალებას აძლევს, რომ შეტევა პირდაპირ განავითაროს და რუსეთი აიძულოს, რომ პოზიციები დატოვოს, ან ოპერატიულ ტომარაში მოაქციოს.

„თუ რუსები პოზიციებს არ დატოვებენ და არ წავლენ, ტომარაში მოქცევიან. მათ ბახმუტში საკმაოდ სერიოზული ჯგუფი ჰყავთ. უკრაინელებს შეუძლიათ, რომ ორმაგი ალყა შემოარტყან და რუსების ეს დაჯგუფება იძულებული გახდეს დანებდეს. ამას კი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ეფექტიც ექნება.

„ბახმუტს გეოსტრატეგიული მნიშვნელიბა აქვს და თუ ის დაიბრუნეს, ეს უკრაინელებს საშუალებას მისცემს, რომ შეტევები უკვე ოკუპირებული დონეცკის მიმართულებით განავითარონ. ასევე შესაძლოა შეტევა განვითარდეს მარიუპოლის მიმართულებითაც.

„ამას ფსიქოლოგიური და პოლიტიკური მომენტიც აქვს და არაა გამორიცხული, რომ თუ ბახმუტი დაიბრუნეს, პრიგოჟინი პუტინს კიდევ ერთხელ მიუბრინდეს და სხვა გენერლებიც აუმხედრდნენ", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×