ნაზი ბერიძე
26.07.2023

მას შემდეგ რაც რუსეთმა გასულ კვირას მარცვლეულის შეთანხმება დატოვა, მან უკრაინის საპორტო ქალაქებზე თავდასხმები გააძლიერა. მათ შორის, სასტიკად დაიბომბა ოდესისა და მდინარე დუნაის სანაპიროზე არსებული პორტები. მეტიც, იმუქრება, რომ ჩაძირავს იმ სამოქალაქო გემებსაც შავ ზღვაში, რომლებიც უკრაინული პორტებისკენ მიემართებიან. ამასთან, ბრიტანეთი აცხადებს, რომ შეეცდება, რუსული მხარე მარცვლეულის შეთანხმებაში დააბრუნოს. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ეჭვობს, რომ ბრიტანეთი ამ ამოცანის გადაჭრას შეძლებს და მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიული გზებზე საუბრობს.

როგორც მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ამის გამო პუტინის პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ ერთხელ დადგება ჰააგის ტრიბუნალზე და ამასთან რუსეთის დაბრუნების შანსი მარცვლეულის შეთანხმებაში არ არსებობს.

„რუსეთმა ისედაც გააკეთა განცხადება, რომ ყველა გემს განიხილავს სამხედრო დარტყმის ობიექტად, და კიდევაც უკვე განახორციელა, იმიტომ რომ უკვე დუნაის ყურეში დაარტყა, მათ შორის დაბომბა ოდესასთან მდებარე ორი პორტი რომელიც დუნაის ყურეს უერთდება. იქ არის რუმინეთის და მოლდოვის მოსაზღვრე ტერიოტორიები, და ისინიც დაბომბა.

„იქ იყო საკმაოდ სერიოზული სამოქალაქო გემები, სხვათაშორის ერთ-ერთი ქართული გემიც იყო ამ ყურეში. მართალია, ის არ მოხდა დაბომბვის ქვეშ, მაგრამ ფაქტიურად ეს იყო დემონსტრაციული მომენტი, რომ მართალია ჯერ მხოლოდ საპორტო კომუნიკაციებს ბომბავს, მაგრამ ხვალ შეიძლება დაარტყას სამოქალაქო გემებსაც. ასე რომ, ეს რეალური საფრთხეა.

„საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით, რუსეთი კიდევ ერთხელ განახორციელებს ბარბაროსულ დარტყმებს და შეიძლება უკვე სამოქალაქო გემებიც ჩაძიროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰააგის ტრიბუნალის კიდევ ერთი ბრალდება პუტინისა და იმ რუსი სამხედროების მიმართ, რომლებიც ამ ბარბაროსულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. სამოქალაქო გემების დაბომბვას ხომ მხოლოდ ნაცისტური გერმანია ახორციელებდა მეორე მსოფლიო ომში.

„ბრიტანეთი როგორ მოახერხებს რუსეთის დაბრუნებას მარჩვლეულის შეთანხმებაში, ამის თქმა ძალიან რთულია, მაგრამ თურქეთმა, უკრაინამ და გაერომ შეიძლება მოახერხონ ეს სხვანაირად. ერთი ის არის, რომ ბრიტანეთმა წამოაყენა იდეა, სახმელეთო გზებით გაიტანონ ხორბალი, მაგალითად ლიეტუვაში, პოლონეთში, ან იგივე რუმინეთის გავლით. მეორე ვარიანტია რომ უკრაინა, თურქეთი და გაერო განახორციელებენ ამ პროექტს ერთობლივი ძალისხმევით.

„ეს სქემები შეიძლება განხორციელდეს იმიტომ, რომ რუსეთმა უარი განაცხადა და მისი შეთანხმებაში დაბრუნების შანსი გამორიცხულია. მე ეჭვი მეპარება, რომ ერდოღანი მოახერხებს გადაარწმუნოს პუტინი," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×