ელზა პაპოშვილი
27.07.2023

უკრაინულმა ჯარებმა სამხრეთ ფრონტზე სტარომაიორსკის მიმართულებით წარმატებით  მიაღწიეს და ასევე, წინ მიიწევენ ბახმუტთან. უკრაინის შეიარაღებული ძალები მაგრდებიან მიღწეულ ხაზებზე. ხოლო რუსები ძლიერ წინააღმდეგობას აგრძელებენ და რეზერვებს იყენებენ. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე ბახმუტის მიმართულებით ანდრეევკას მახლობლად მდებარე პოზიციებიდან რუსები უკუაგდეს. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს, რომ სამხრეთის ფორტნზე უკრაინული არმია წინ მიიწევს. „უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე, თანდათან წინ მიიწევენ. სტარომაიორსკის რაიონში ბრძოლები გრძელდება, ჩვენი დამცველები წარმატებას აღწევენ, მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან”, - წერს მალიარი.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მტერი დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს, “მაგრამ წარუმატებლად.”   

ოკუპანტებს ურჩევნიათ ყირიმიდან სახლში დაბრუნდნენ, სანამ ყირიმის ხიდი ჯერ კიდევ მუშაობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“რამდენიმე მნიშვნელოვანი სხდომა ჩავატარე აგვისტოში საერთაშორისო ღონისძიებების მომზადებასთან დაკავშირებით, კერძოდ ყირიმის პლატფორმის. ყირიმის დეოკუპაციური ნაბიჯების სიასაც ვამზადებთ. კომპლექსურების, უსაფრთხოების, ეკონომიკურის, სოციალურის. საკმაოდ სწრაფად შეგვიძლია ყირიმის უკრაინის სახელმწიფო ქსოვილში რეინტეგრირება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “ოკუპანტებს უკვე ახლა ურჩევნიათ დაფიქრდნენ იქ, ყირიმში, რომ სანამ ყირიმის ხიდი ჯერ კიდევ ასე თუ ისე მუშაობს, სახლში უნდა დაბრუნდნენ, რუსეთში.

"ყირიმი, როგორც მთელი უკრაინა, თავისუფალი იქნება. თავისუფალი მთელი რუსული ბოროტებისგან. რუსული რაკეტებით დაწყებული და ყოველი რუსი ოკუპანტით დამთავრებული. რუსეთი ამ ომს წააგებს და ვერცერთი რაკეტა მას ვერ გადაარჩენს,” - განაცხადა ზელენსკიმ.     

მისივე თქმით, დრონების არმიის პირველი წლის შედეგები უკვე არსებობს, ეს სიახლეებში ჩანს და კარგი ამბები დრონების გამოყენების შესახებ კიდევ უფრო გახშირდება.

„ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს დრონების არმიის პირველი წლის შედეგები, უკვე არა პროექტის, არამედ უკრაინული დრონების ნამდვილი არმიის. არის შედეგები და ეს სიახლეებში ჩანს. კარგი ამბები უკრაინული დრონების გამოყენების შესახებ უფრო ხშირი გახდება და ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის განცხადებითვე, დრონების არმია გაიზრდება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება ყველა ტიპის დრონი: საკმაოდ მარტივი „მავიკებიდან“ დაწყებული საზღვაო და თავდასხმის დრონებით დამთავრებული, რომლებსაც დიდ მანძილზე მოქმედება შეუძლიათ. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა გააგრძელებს თავდასხმებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და ქერჩის ხიდზე.

„ყველა ეს სამიზნე არის ოფიციალური სამიზნე, რადგან ეს შეამცირებს ჩვენს წინააღმდეგ მათი ბრძოლის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას”, - აღნიშნა რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, არის თუ არა უკრაინის მიზანი ხიდის სამუდამოდ მწყობრიდან გამოყვანა, რეზნიკოვმა უპასუხა: „ნორმალური ტაქტიკაა გაანადგურო შენი მტრის ლოგისტიკური ხაზები, რათა შეაჩერო საბრძოლო მასალის, საწვავის, საკვების მიღების შესაძლებლობა და ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ ამ ტაქტიკას მათ წინააღმდეგ“.    

მისივე თქმით, კიევის კონტრშეტევა გრაფიკს ჩამორჩება, მაგრამ არ ღელავს, რადგან ის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. „მცდარი წარმოდგენაა, რომ ყველა კონტრშეტევა სწრაფი უნდა იყოს “, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვმა დაასახელა რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ შეიძლება იყოს კონტრშეტევა მოსალოდნელზე ნელი, მათ შორის საბრძოლო მასალა, საარტილერიო ჭურვები და საარტილერიო სისტემები.

"ეს არის საჰაერო თავდაცვის საკითხი. ეს არის ის, რომ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან გრძელი ბრძოლის ველი და გვყავს დიდი რაოდენობით მტერი. ასე რომ, ეს ომია და არა კომპიუტერული თამაში", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა CNN-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინისთვის მთავარი ღირებულება ჯარისკაცების სიცოცხლეა.

„ჩვენი გენერლები, ჩვენი მეთაურები ხედავენ რეალურ ვითარებას ბრძოლის ველზე. მინდა, გავიმეორო, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულება ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეა“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.   

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინის შეტევა გარკვეულ წილად წარმატებულია, თუმცა, ვიდრე არ მიიღებენ საკმარისი რაოდენობით საჰაერო მხარდაჭერას, საჰაერო უპირატესობას თუ ვერა, თანაფარდობას მაინც, მანამდე უკრაინელებს გაუჭირდებათ სერიოზული წინსვლა.

„კი ბატონო, გარვეული წინსვლა უკრაინელებს  აქვთ, მაგრამ ბევრი რამ სჭირდებათ შეიარაღების თვალსაზრისით, რომ წინ უფრო სწრაფად წავიდნენ და ხელშესახები შედეგები ჰქონდეთ. ახლა უკრაინელებს 15-25 კილომეტრის გავლა უჭირთ, რაც უსაფრთხოების რაიონს ვგულისხმობ. სწორედ ამ რაიონის გავლის შემდეგ იწყება რუსების მთავარი თავდაცვითი ზღუდეები. 

„ამის შემდეგ კი ტემპი უკვე აჩქარდება. ჯერჯერობით ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს, რადგან უკრაინელებს წინსვლა ძალიან უჭირთ. მათ შესაბამისი საავიაციო მხარდაჭერა არა აქვთ. ზაფხული დასრულდება და შემდეგ ისევ წვიმები იწყება, რაც სიტუაციას კვლავ გაართულებს. ჯერ აქვთ დრო რომ რაღაცა წარმატება ჰქონდეთ. 

„უკრაინელებს, როგორც ცნობილი ხდება, F 16-ებს წლის ბოლოს მისცემენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, როცა ამ შეიარაღებას მიიღებენ, იმ დროისთვის უკრაინელებს რა შედეგი ექნებათ და სადამდე იქნებიან მისულები. სამწუხაროდ იგივეს გამეორება მიწევს, რომ ჩვენს სახეზე გაჭიანურებული და გრძელვადიანი ომი გვაქვს“,-ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით, დონბასის ჩრდილოეთით რუსები უკრაინელებს ისევ უტევენ. აქ რუსებმაც წაიწიეს წინ და უკრაინელებს გარკვეული რეზერვების გადასროლა უხდებათ. გენერალი ამბობს, რომ ეს არის კუპიანსკის და სერებრიანკის რაიონები. მისი თქმით, წინსვლაში რუსებს ხელს ძალების გადალაგებაც უწყობს.   

„ამის პარალელურად კი ბელარუსში გარკვეული მზადება შეინიშნება. აქ „ვაგნერის“ დაჯგუფება დანაყოფებს წვრთნის.  ვფიქრობ, ბელარუსიის მხრიდან უფრო რეიდების განახორციელება მოხდება. ბელარუსს ახლა ნამდვილად არა აქვს იმის ძალა და შესაძლებლობა, რომ  უკრაინაში შეიჭრან და კიევისკენ წავიდნენ“,-ამბობს გენერალი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×