ელზა პაპოშვილი
28.07.2023

უკრაინელების კონტრშეტევის ახალი და ყველაზე მძლავრი ფაზა დაიწყო - ამას დასავლური დასავლური პრესა წერს, რომ ეს შეიძლება იყოს ბოლო შანსი ფრონტზე ფუნდამენტური გარდატეხის მოხდენის და რუსეთის ჯარის განდევნის უკრაინის ტერიტორიის სამხრეთიდან. არის ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელი ცნობები, თითქოს შეტევში ჩართულია სარეზერვო ბრიგადები.

რუსული არმია ამ შეტევას ჯერ მხოლოდ უკანდახევით პასუხობს. ოკუპანტებმა უკვე დაკარგეს რამდენიმე დასახლება. თუმცა შეტევის ტემპი ისეთი სწრაფი არ არის, როგორც შარშან ხარკოვის ოლქში იყო და უკრაინელების დანაკარგი ძალიან დიდია. 

მიუხედავად ამისა, არის გარკვეული წარმატება - ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამხრეთით უკრაინულმა კონტრშეტევამ მიაღწია რუსეთის ძირითად თავდაცვით ხაზს. მართალია, ეს ერთეული უკრაინული ტანკია, რომელიც მწყობრიდან გამოდის, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინის ჯარმა ამ ორთვიანი ბრძოლების შედეგად რუსების მთავარ თავდაცვით ზღუდეს მიაღწია.

ვიდეო გადაღებულია რუსეთის სამხედრო პოზიციიდან და ჩანს, უკრაინული სამხედრო მანქანა, რომელიც მიემართება თხრილისკენ ე.წ. „დრაკონის კბილების" დიდი რიგის წინ.

რუსებმა უკრაინაში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაამონტაჟეს ბეტონის ანტისატანკო ზღუდეები - ე.წ. „დრაკონის კბილები“. ესა სამი სიღრმის მწკრივად გაშლილი ბეტონის ბლოკების ბარიერი, რომლებიც ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული. ბეტონის ხაზების ორივე მხარეს რუსულმა ძალებმა ასევე გათხარეს მასიური ტანკსაწინააღმდეგო სანგრები. გაურკვეველია, კონკრეტულად რა ხდება ვიდეოში. პროუკრაინული არხები ამბობენ, რომ მათი ძალები ამოწმებენ მანქანის უნარს, შეძლებს თუ არა ის გადალახოს თხრილი და ბეტონის ზღუდე.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით კოლოსალური დანაკარგი აქვს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ლიკვიდირებულია 590-მდე რუსი სამხედრო. აფეთქებულია აგრესორის 9 ტანკი, 11 ჯავშანმანქანა და 18 საარტილერიო სისტემა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კონტრიერიში გაგრძელდა ქვეყნის სრულ გათავისუფლებამდე. მანამდე კი ზელენსკი ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლებას გაქცევას ურჩევს.

რაკეტების მარაგის შევსება ამ ეტაპზე რუსეთის პირველი ამოცანაა. ამაზე უკრაინის მთავრობაც და დასავლელი ექსპერტებიც საუბრობენ. დიდი ალბათობით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება სერგეი შოიგუს ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში. ოფიციალურად მხარეები ამ ფაქტს უარყოფენ, მაგრამ ვაშინგტონში ჯერ კიდევ 5 თვის წინ განაცხადეს, რომ სურსათიის სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს რაკეტებს გადასცემს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასშტაბურ სარაკეტო იერიშს საოკუპაციო ძალა შემოდგომა-ზამთარში გეგმავს. მანამდე კი აგრესორი მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით განაგრძობს. სწორედ ამის გამო ოფიციალური კიევი საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს რაც შეიძლება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიაწოდონ.    

პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ  საჰაერო თავდაცვის სისტემებს ეძებენ, რათა  ოდესა და მთელი სამხრეთი დაიცვან.  ზელენსკიმ ეს განცხადება  დაბომბილი ტაძრიდან გააკეთა. 

„მოვისმინე მოხსენება ოდესასა და რეგიონზე რუსეთის დარტყმების შესახებ. ვგრძნობ, რომ აქ, სპასო-პრეობრაჟენსკის საკათედრო ტაძარში, რომლის დანგრევაც რუსეთმა სცადა, ჩვენი ხალხი, ჩვენი მორალი კიდევ უფრო ძლიერია. უფრო ძლიერია ვიდრე რუსული ტერორი. ჩვენ ვეძებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა დავიცვათ ოდესა და მთელი ჩვენი სამხრეთი. მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც უკვე შემოგვიერთდა ამ საქმეში.“ 

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რთულია წინასწარ შევაფასოთ ფორნტის ხაზზე არსებული სიტუაცია როგორ, როდის და რა მიმართულებით განვითარდება. 

„ჯერჯერბით უკრაინის მხრიდან კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ზედმეტია. ალბათ  სამხრეთის მიმართულებით, კონკრეტულად  ზაპროჟიეს მიმართულება არის ტერიტორია, სადაც ექნება შესაძლებლობა, რომ რუსული თავდაცვა ჩამოშალოს. გარკვეული წინსვლის მცდელობა ექნება. თუმცა უკრაინამ ახლა რაც უნდა გააკეთოს, ესაა მაღალი ინტესივობის ბრძოლის გაგრძელება, რათა მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყავდეს საოკუპაციო ძალები და ასეთი ზეწოლის  ფონზე, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოჩნდება ის სუსტი წერტილები და ბზარები, რაც რუსულ თავდაცვას აქვს. იმისთვის, რომ კონტრშეტევა იყოს წარმატებული, სამხრეთის მიმართულებით, უკრაინამ საკმაოდ ფართო კარიდორი უნდა შექმნას, სადაც ისინი ჯავშანტექნიკით თავდაცვის გარღვევას შეძლებენ. 

იმის თქმა, რომ კონტრშეევის ახალი ფაზა დაიწყო, ამ ეტაპზე, ასეთი მოლოდინების შექმნა საჭირო არ არის. უკრაინის გამარჯვების ფორმულა სწრაფი შეტევა და გარღვევა არ არის. ეს არ მოიტანს შედეგს, პირიქით, უკრაინას სჭირდება ნებისყოფა, რომ რუსული შეიარაღებული ძალები გამოფიტოს და მათ თავდაცვის ყველა ხაზის შეკავება ვერ შეძლონ. რუსები ასეთ შემთხვევაში იძულებულები იქნებიან, რომ პოზიციები თავად დატოვონ“, - ამბობს ბერიძე. 

მისივე თქმით, ყველა სამხედრო ხვდება, რომ ეს ჩვეულებრივი ომის ფაზებია და ბრძოლის ელემენტების გამოყენებით უკრაინა სამხრეთში ცდილობს, რომ ის პრიორიტეტი გამოიყენოს, რაც ამ მიმართულებაზე დაინახა. პოლკოვნიკი ამბობს, რომ მთავარი რაც ახლა არის ისაა, რომ უკრაინა რუსებზე ყველა მიმართულებით მაღალი ინტესივობის დაწოლას ახროციელებს.   

„ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს იმ შემთხვევაში, თუკი რუსების გამოფიტვას დიდხანს შეეცდებიან და თავად ამ წნეხს გაუძლებენ. უკრაინამ ისედაც ბევრი გააკეთა, ამიტომ წარმატებას ველი, როგორც ბახმუტის ასევე სამხრეთის მიმართულებაზე. უკრაინელები ფრონტის ხაზზე რუსების სერიოზულ თავადცვით ზღუდეებს აწყდებიან.  ეს არის გრძელვადიანი საცეცხლე ობიექტები, რომლებიც ჩაბეტონებულია. საკმაოდ რთულია მისი აფეთქება. რუსებს სამწუხაროდ საკმაოდ დიდ დრო ჰქონდათ. ფაქტობრივად ტექნიკას იქ გავლა არ შეუძლია. ამიტომ ვამბობ, რომ უკრაინელების მოქმედება იქნება ნელი და მოზომილი. დიდი დაწოლა არტილერიაზე მოვა. იმედია უკრაინა შემტევ ავიაციას მიიღებს, რაც მათ უპირატესობას მისცემს. დანაღმულ ველებში არსებობს სპეციალური ტექნიკა, რომელიც გასასვლელებს ქმნის. როგორც ჯავშანსატანკო გასასვლელებისა, ასევე ქვეითის. ეს ტაქტიკური ბრძოლაა და დანაღმული ველიც გადაადგილების სიჩქარეს აფერხებს“, - ამბობს ბერიძე.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×