თამთა ჩაჩანიძე
30.07.2023

ბელარუსში განლაგებულმა კერძო რუსულმა სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ თავის მებრძოლთა ნაწილი სუვალის დერეფნისკენ, ქალაქ გროდნოს მახლობლად გადაისროლა. ეს არის სახმელეთო დერეფანი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბელარუსსა და რუსეთის კკუთვნილ ნკლავს, კალინინგრადის ოლქს. ვარშავაში აცხადებს, რომ სიტუაცია საფრთხის შემცველია, რადგან სავარაუდოდ „ვაგნერელები“ პოლონეთის ტერიტორიაზე ჰიბრიდული თავდასხმისთვის ემზადებიან. ამის გამო პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსთან საზღვარის ჩაკეტვას განიხილავენ. 

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, „ვაგნერის“ ჯგუფის ამ მიმართულებით გადასვლას შესაძლოა რამდენიმე პროვოკაციული მიზანი ჰქონდეს, თუმცა დიდ და სერიოზულ სცენარზე, რომ ამ ძალებით ბელარუსიდან კალინინგრადის ოლქის მიმართულებით სახმელეთო კორიდორი გაჭრან, ზედმეტია საუბარი. ამასთან ამბობენ, რომ ესეც სერიოზული გამოწვევაა პოლონეთისა და ლიეტუვასთვის, თუმცა ორივე ქვეყანას კარგად ორგანიზებული აშშ-ის დონის სპეცდანიშნულების ძალები ჰყავთ და თუ „ვაგნერელები“ რამეს გაბედავენ, „მუშტი მოხვდებათ“.  

მოვლენები რომ ასე განვითარდებოდა, ამაზე რამდენიმე დღის წინ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდე ლუკაშენკომ გააკეთა მინიშნება, როდესაც სანკტ-პეტერბურგში თავის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ვაგნერელებს“ „პოლონეთში სურდათ ექსკურსია“. 

ამის პარალელურად, უკრაინის ფრონტზე ცხელ წერილებად კვლავ რჩებია ბახმუტი, სადაც უკრაინული ძალები ქალაქში მყოფი 40-ათასიანი რუსული დაჯგუფების ალყაში მოქცევას ცდილობენ და ხერსონის ოლქი, სადაც არ წყდება საფუძვლის მოსინჯვა დნეპრის ფორსირებისათვის.

ანალიტიკოსთა პროგნოზით, ყველაზე ინტენსიური ბრძოლები სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება, რუსულ თავდაცვაში ბზარებს კი აგვისტოს შუა რიცხვებიდან ვიხილავთ. მათივე შეფასებით, ამჟამად უკრაინელებს ზაპოროჟიეს ფრონტსა და ბახმუტთან აქვთ ინიციატივა,  რუსებს კი - ხარკოვისკენ.

რა ხდება ფრონტის ხაზზე

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ფრონტის ხაზზე ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქების ცალკეულ სექტორში უკანასკნელი ორი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს დამპყრობლებს შორის სამხედრო მოქმედებების გამწვავება შეინიშნება.

კერძოდ, ქალაქ ორეხოვის სამხრეთით, საომარი მოქმედებები კონცენტრირებული იყო სოფელ რაბოტინოს (ტოკმაკის თემი) მახლობლად, სადაც მოქმედებს რუსეთის ფედერაციის 58-ე გაერთიანებული არმია. ამავდროულად, აქედან აღმოსავლეთით 80 კმ-ში, უკრაინულმა ძალებმა გამანადგურებელი იერიში მიიტანეს რუსეთის ფედერაციის 247-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკის რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ნაწილებზე, რათა გაეთავისუფლებინათ სოფელი სტარომაიორსკოე (დონეცკის ოლქი).

„ამავდროულად, ჩრდილოეთით, რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების სხვა დანაყოფებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები სერებრიანსკის ტყეში კრემენნაიას დასავლეთით, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს“, - ნათქვამია მოხსენებაში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტაგ მაისაია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ უკრაინელთა შეტევა შედარებით ნელი ტემპით, მაგრამ ეფექტური მანევრებით მიდის, თუმცა არსებობს რამდენიმე ხელის შემშლელი ფაქტორი. 

„ფრონტის ხაზი 1500 კმ-ზეა გაშლილი და ყველა წერტილზე ძალებს თანაბრად ვერ გადაანაწილებ. რამდენიმე გამორჩეული მონაკვეთი უნდა შეარჩიო, რომ სტრატეგიული შეტევები და ზეწოლა აქეთკენ მიმართო. 

„ბახმუტში რუსებმა რეზერვები გადაისროლეს, რამაც ამ ეტაპზე უკრაინელთა შეტევა ოდნავ შეანელა. ზაპოროჟიედან ხერსონის მიმართულებით რუსებმა ახალი თავდაცვითი ხაზი ააშენეს, რომელიც სამ ეშელონირებულ მონაკვეთს მოიცავს. სამწუხაროდ, რუსებს არტილერიასა და ავიაციაში უპირატესობა აქვთ და შეტევაში ესეც ხელის შემშლელია. თან კარგ ამინდში ავიაცია კარგად მუშაობს. უკრაინას კი ამ კუთხით პრობლემები აქვს. ამასთან უკრაინელები ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი გაიღონ. 

„ბახმუტში დიდი ცვლილება არაა, პოზიციური ბრძოლებია. ზაპოროჟიეს ფრონტზე კი, ორეხოვოსა და გულიაპოლის მიმართულებით უკრაინელები ცდილობენ, რომ რუსეთის თავდაცვითი ზღუდეები გაარღვიონ, პლაცდარმი გააფართოვონ და მელიტოპოლი-მარიუპოლის მიმართულებით გავიდნენ. ხარკოვისკენ რუსები ოპერატიულ ტაქტიკურ შეტევაზე არიან. ფაქტიურად შემხვედრი ბრძოლებია. 

„ზაპოროჟიესკენ და ბახმუტისკენ უკრაინელებს აქვთ ინიციატივა, ხარკოვისკენ - რუსებს. ამას ყველაფერს ემატება ის, რომ ძალიან მაღალი სიცხეებია და მებრძოლები გადაღლილი არიან. უკრაინელები ნაკლებად ინტენსიურ, მაგრამ ეფექტურ დარტყმებს ახორციელებენ. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან“.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ბახმუტსსა და ზაპოროჟიესკენ უკრაინელებს სერიოზული წარმატებები აქვთ, ხოლო ხერსონში რუსული არტილერია მთელ პერტიმეტრს ფარავს, რაც მდინარე დნეპრის ფორსირებას შეუძლებელს ხდის. ამასთან დასძენს, რომ ჩასანგრებულ მტერთან ბრძოლა თავისი შინაარსით ნელია. 

„ბახმუტში უკრაინელებს უკვე სერიოზული უპირატესობა აქვთ. ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული გარღვევაა, აქ ნელი წინსვლა იქნება. მთავარია უკრაინამ შეტევის მაღალი ტემპი შეინარჩუნოს, რაც ადრე თუ გვიან რუსეთის საოკუპაციო ძალებს გამოფიტავს და მათ უკვე მასშტაბური თავდაცვითი ოპერაციის წარმოება გაუჭირდებათ, რადგან საკმარისი რაოდენობის პირადი შემადგენლობა არ ჰყავთ. 

„რეალურად შეტევა ყველა მიმართულებითაა, ალბათ გარკვეული ბზარები უკვე მალე გამოჩნდება, ამას ჩვენ აგვისტოს ბოლომდე ვიხილავთ, როცა უფრო მეტი აქტიური წინსვლა იქნება.

„ზაპოროჟიესკენ უკრაინელებმა უკვე ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, რუსეთის პირველი თავდაცვის ზღუდე გაიარეს, თავდაცვის ეშელონებს უკვე ტექნიკით უახლოვდებიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უკვე რუსულ თავდაცვაში სუსტი წერტილები გამოჩნდება და იქ საბოლოო გარდატეხა მოხდება. 

„უკრაინელები შეტევას ხერსონთანაც ცდილობენ. რუსული არტილერია მთელ პერიმეტრს ფარავს და ფორსირება ფაქტიურად შეუძლებელია. პატარა დივერსიული და პარტიზანული ჯგუფები ყველგან მუშაობენ, მაგრამ სად რა შედეგი იქნება ამაზე საუბარი ადრეა",- განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

გამოუვა თუ არა „ვაგნერს“ „ექსკურსია პოლონეთში“

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ასზე მეტი მებრძოლი, სუვალკის დერეფნისკენ გროდნოს მახლობლად გადავიდა, რის გამოც „სიტუაცია უფრო საშიში ხდება“, რადგან სავარაუდოა, რომ „ვაგნერელები“  პოლონეთის ტერიტორიაზე ჰიბრიდული თავდასხმისთვის ემზადებიან.

„სავარაუდოდ, ისინი ბელარუსის მესაზღვრეებად მოგვაჩვენებენ თავს და არალეგალ მიგრანტებს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლაში დაეხმარებიან. ისინი, ალბათ, შეეცდებიან თავადაც შევიდნენ პოლონეთში, როგორც არალეგალი მიგრანტები, ეს კი დამატებით რისკებს ქმნის“, - თქვა მორავეიცკიმ. 

ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ვაგნერის“ სუვალის დერეფნისკენ გადასვლას შესაძლოა რამედნიმე პროვოკაციული მიზანი ჰქონდეს.

„რამდენიმე შესაძლო ვარიანტია. პირველი - სამხედრო საფრთხის იმიტაციას ქმნიან. მეორე - შესაძლოა დაზვერვით ოპერაციას ახორციელებენ, რომ ნახონ ამ მიმართულებით პოლონეთსა და ლიეტუვას რა ძალები ჰყავთ და რა რეაგირებას მოახდნენენ. მესამე ვარიანტიცაა - შესაძლოა „ვაგნერმა“ უცხოელ არალეგალ მიგრანტებს, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზე არიან და დასავლეთში აპირებენ გადასვლას, კორიდორი გაუკეთოს და ამით პოლონეთს და ლიეტუვას საფრთხე შეუქმნას. 

„ისიც არაა გამორიცხული, რომ მიგრანტების საფარქვეშ თავად ვაგნერელებიც შევიდნენ, მესაზღვრეებთან შეიარაღებული პროვოკაცია და შეტაკება მოაწყონ. ეს თუ განახორციელეს, პოლონეთისა და ლიეტუვისთის უკვე საკმაოდ დიდი გამოწვევაა.

„არ მგონია, რომ „ვაგნერელებმა“ ბელარუსიდან კალინინგრადის ოლქისკენ სახმელეთო კორიდორი გაჭრან. ამას ახლა ვერ გაბედავენ, მაგრამ სამხედრო პროვოკაციებს კი მოაწყობენ. აქ ორივე მხარე ერიდება სიტუაციის გამწვავებას. ფართომასშტაბიან შეტევაზე რომ გადავიდნენ და სუვალის კორიდორი დაიკავონ და გაჭრან, ეს უკვე ნატო-რუსეთის ომია და ამაზე არ წავლენ, რადგან ჯერჯერობით ბელარუსში არსებულ რუსულ-ბელარუსულ დაჯგუფებას არ აქვს იმის პოტენციალი, რომ ეს დერეფანი გაარღვიოს. შესაძლოა სექტემბრისთვის დააგროვონ“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან“.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში პოლონეთი და ლიეტუვა მარტივად შეძლებენ „ვაგნერელების“ განეიტრალებას, რადგან მათ კარგად ორგანიზებული სპეცდანიშნულების ძალები ჰყავთ.

„ამას ქუჩურ ტერმინზე ერთი ადგილის თამაში ჰქვია. რა თქმა უნდა, „ვაგნერელებმა“ შესაძლოა რაღაც პროვოკაციები მოაწყონ პოლონეთისა და ლიეტუვის მიმართულებით, თუმცა მაშინვე პასუხს მიიღებენ. ლიეტუვასაც და პოლონეთსაც საკმაოდ კარგად ორგანიზებული სპეციალური ოპერაციის ძალები ჰყავთ. ეს თავის დროზე აშშ-მა მოუმზადა. ჩვენ მათ ავღანეთის ოპერაციიდან ვიცნობთ. ორივე ქვეყნის სპეცდანიშნულების ძალები ისეთივე მაღალეფექტურად ითვლებოდნენ, როგორც ამერიკული. ამიტომ, თუკი „ვაგნერელები“ ამ მიმართულებით დაიწყებენ პროვოკაციას ცხვირში მუშტი მოხვდებათ“, - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×