„კერძო კომპანია განახორციელებს სამხედრო პროვოკაციებს და რუსულ-ბელორუსული მხარე იტყვის - ისინი არ გვემორჩილებიან, ჩვენ რა შუაში ვართო"
ნაზი ბერიძე
02.08.2023

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორმა ბელორუსულმა ვეტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია - აშშ კი პოლონეთის, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიონობის გაძლიერებაზე ალაპარაკდა. პენტაგონი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ნატოს ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას გააგრძელებს.

„გავაგრძელებთ ნატოს უსაფრთხოების მიმართ ძალიან სერიოზულად მოპყრობას და გავაგრძელებთ მუშაობას ნატოს მოკავშირეებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ალიანსის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი დაცული იყოს",-განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პატრიკ რაიდერმა

ამასთან, მან ინცინდენტის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ ნატოს ძალების პოზიცია არ შეცვლილა.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაიასაია „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ეს ვეტმფრენი იყო „ვაგნერის", რომელსაც რუსები გამოიყენებენ არა მხოლოდ პოლონეთში ომის საწარმოებლად, არამედ აფრიკაშიც და შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა კონფლიქტების სხვადასხვა სცენარები.

„პოლონეთის ტერიტორიაზე სამ კილომეტრში შეიჭრა ბელორუსული ვეტმფრენი. დიდი ალბათობაა, რომ ეს ბელორუსული ვეტმფრენი კი არა, ეს იყო რუსული კერძო კომპანია „ვაგნერის" ვეტმფრენი, რომელმაც შეგნებულად გაარღვია პოლონეთის საზღვარი და მოახდინა ერთგვარი სამხედრო დემარში.

„რატომ? ფაქტობრივად როგორც ლუკაშენკომ ბრძანა პუტინთან ცნობილი შეხვედრის დროს, რომ „ვაგნერს" უნდა რომ ვარშავამდეც მიაღწიოს. ვაგნერს გამოიყენებენ ასეთი ჰიბრიდული ომის განხორციელებისათვის. კერძო კომპანია და დაქირავებული მებრძოლები განახორციელებენ სამხედრო პროვოკაციებს და მერე რუსული და ბელორუსული მხარე იტყვის, რომ ისინი ჩვენ არ გვემორჩილებიან, ჩვენ აქ რა შუაში ვართო? - დაახლოებით ეგეთი მოდელია.

„ასე რომ, ბევრი ვარიანტია. რუსებმა მოსინჯეს პოლონეთის თავდაცვითი სისტემები. ისინი გახდნენ რუსეთის ბელორუსის გაერთიანებული რეგიონალური დაჯგუფების სწრაფი რეაგირების ძალების სტატუსის მქონე დაჯგუფება. თუმცაღა, ეს არაფორმალური სტატუსია, ფორმალურად ისინი ექვემდებარებიან ბელორუსში გაერთიანებულ ე.წ, „კონკორდის" კორპორაციას, კომპანიას, რომელიც პრიგოჟინმა დაარეგისტრირა.

„აქედან გამომდინარე, სიტუაცია საკმაოდ რთულია - როგორც ჩანს, რუსეთი აპირებდა ბელორუსიდან ჰიბრიდული ომის განხორციელებას, რომელიც მოსინჯეს პოლონეთთან და ლიეტუვასთან.

„სხვათა შორის არ არის გამორიცხული რომ მათ სუვალკის კორიდორის მიმართულებით მოახდინონ გაჭრა, რომელიც გადის პოლონეთსა და ლიეტუვას საზღვართან. თავის დროზე პუტინს ჰქონდა ეგეთი ვარიანტი, რომ ეს კორიდორი როგორმე გაეჭრა და დაეკავშირებინა კალინინგრადის სახმელეთო კომუნიკაცია ბელორუსის მეშვეობით რუსეთთან.

„ეს კიდევ არაფერი, ვაგნერის უშუალო სამხედრო ჩართულობას განიხილავენ უკვე ნიგერში, ამერიკისა და საფრანგეთის კონტინგენტთან ბრძოლის ვარიანტში. ასეა საქმე, რომ „ვაგნერის" ჯგუფი, ვიხილოთ უკვე ნიგერში, იმიტომ რომ ფრანგებმა მისცეს ულტიმატუმი ნიგერის სამხედრო ხუნტის წარმომადგენლებს, რომ აღადგინონ კონსტიტუციური წესრიგი და თუ არა და ისინი დაიწყებენ სამხედრო შეტევებს. ვაგნერი გეგმავს ჩავიდეს ნიგერში. უკვე აფრიკაშიც მიდის დაპირისპირება რუსეთსა და საფრანგეთს შორის, არა თუ მხოლოდ პოლონეთთან.

„მოსკოვშიუკვე შეიქმნა ანტიფრანგული, ანტიდასავლური არაფორმალური სამხედრო ალიანსი. ეს ნიშნავს, რომ რუსები ცდილობენ ნიგერი გამოაცალონ ამერიკას და საფრანგეთს. ნიგერში არის 40% ურანის მარაგი, რომელიც ამარაგებს საფრანგეთს. ანუ, საფრანგეთის ბირთვული ტრიადა, ბირთვული პოტენციალი ნიგერის ურანზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, შეიძლება უკრაინაზე უარესი კონფლიქტი მივიღოთ აფრიკაში, ეს სერიოზული ტენდენციებია" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე არ გამორიცხავს, რომ ახალი კონფლიქტის საფრთხეები გაჩნდეს და თუ პოლონეთიც ჩაერთვება უკრაინასთან ერთად კონფლიქტში, უფრო მარტივად მოხერხდება რუსეთის დამარცხება.

„პოლონელებს ცდიან, კბილს უსინჯავენ, ცდილობენ გააღიზიანონ, მაგრამ რეალური კონფლიქტის შანსი არ გააჩნიათ, იმიტომ, რომ პოლონეთი ნატოს სახელმწიფოა. ჯერ თვითონ პოლონეთი საკმაოდ ძლიერი ქვეყანაა კარგი შეიარაღებით, კარგი სპეცდანიშნულების ძალებით, ცდილობენ რომ არ უპასუხონ, რაღაც პროვოკაციებს უფრო ცივილური პასუხი გასცენ მაგრამ თუ ხისტი ნაბიჯები მიიღეს რუსეთისგან, პოლონეთი მას პასუხს აუცილებლად გასცემს.

„პოლონეთში სერიოზული ძალთა დაჯგუფებაა ახლა ნატოსი, რომელიც პოლონეთშია განთავსებული, არ ვლაპარაკობ პოლონეთის შეიარღებულ ძალებზე, რომლებიც ერთ-ერთი თანამედროვე შეიარაღებული ძალებია, ყველა პარამეტრით. თუ საჭიროდ ჩათვლის პოლონეთი უპასუხებს და უპასუხებს საკმაოდ ხისტად დარტყმას.

„არა მგონია რომ რეალური კონფლიქტის საფრთხე არსებობდეს, მაგრამ კიდევ თუ დაარღვევს ბელორუსი საზღვარს, მაშინ მიიღებს პასუხს. თუ კი ახალი მიმართულება გაიხსნება, უკრაინისთვის კარგია, იმიტომ რომ პოლონეთიც ჩაერთვება კონფლიქტში და უფრო მალე დაამარცხებენ რუსეთს" - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×