ელზა პაპოშვილი
16.08.2023

უკრაინის ფორნტზე ახლა ყველაზე ცხელი წერტილები ბახმუტის და ზაპროჟიეს მიმართულებაზეა და ორiვე მხარე ცდილობს, რომ პოზიციები დაიკავოს. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული წინსვლა აქვთ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე, ხოლო ავდეევკასა და მარიინკას მიმართულებებზე რუსული ჯარის შეტევების მოგერიებას აგრძელებენ. 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასეევე დონეცკის ოლქის დასახლება უროჟაინოე გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს. „უროჟაინოე გათავისუფლებულია. სამხდროები პოზიციებზე მაგრდებიან. შეტევითი ოპერაცია გრძელდება“, - განაცხადა მალიარმა.

მისივე თქმით, მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, შეტევითი მოქმედებები ასევე ბახმუტის, მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებებზე გრძელდება. 

ინფორმაციას ფრონტის ხაზზე  მიმიდნარე მოვლენების შესახებ  Facebook-ზე ტავრიის მიმართულების თავდაცვის ძალების პრესცენტრი ავრცელებს.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას, მაგრდებიან დაკავებულ პოზიციებზე, ახორციელებენ საარტილერიო ცეცხლს მოწინააღმდეგის ობიექტებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა არმიამ 4 სარაკეტო და 20 საავიაციო დარტყმა განახორციელა, 16 საბრძოლო შეტაკება მოხდა, ტანკების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების და არტილერიის გამოყენებით.

„სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რუსი სამხედროების მხრიდან სარაკეტო შეიარაღებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების რისკი კვლავ მაღალი რჩება უკრაინის მთელს ტერიტორიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.  

უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე ორ სექტორზე ჩაატარეს და დონეცკის აღმოსავლეთით და ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში წინ წაიწიეს, - ამის შესახებ ამერიკული "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშშია აღნიშნული.

ინსტიტუტში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებებით და ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს რობოტინოს რაიონში (ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთი ნაწილი, ორეხოვის სამხრეთით 13 კმ-ში).

"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშის თანახმად, რამდენიმე რუსულმა წყარომ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსული ჯარები დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე მდებარე უროჟაინედან გავიდნენ. თუმცა, 13 აგვისტოს ბევრმა რუსულმა წყარომ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ რუსულ ჯარებს კვლავ ეკავათ უროჟაინის სამხრეთი ნაწილი. „რუსული ჯარები, სავარაუდოდ, კვლავ იკავებენ პოზიციებს დასახლების სამხრეთ ნაწილში“, - აცხადებენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.  

ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშუკი ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვების გზა იქნება "გრძელი და რთული". Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან თქვა, რომ "ორი-სამი კვირა", "წლის ბოლომდე", "შემდეგი გაზაფხული" - ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება".

"ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ. მოქალაქეები და ხელისუფლება - ყველა უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და რთული ომისთვის და მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ. ვემზადებით მარათონისთვის და არა სპრინტისთვის, თორმეტრაუნდიანი ბრძოლისთვის და არა სამიანისთვის", - დაწერა მან.

უკრაინის პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამბობს, რომ უკრაინის კონტრშეტევა მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ძალისხმევა მიმართულია რუსეთის შესაძლებლობების განადგურებაზე და მისი ლოგისტიკის შეფერხებაზე.   

"პუტინთან მოლაპარაკება შეუძლებელია... რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი", - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი იტალიურ გამოცემა la Repubblica-თან ინტერვიუში საუბრობს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ცდილობენ თუ არა პარტნიორები, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების გამართვაში დაარწმუნონ, დანილოვმა უპასუხა, რომ პარტნიორების მხრიდან ზეწოლის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურებელია. 

„ზეწოლის შესახებ ცნობები არაფრით დასტურდება. ის მხოლოდ ინტერნეტში ვრცელდება. არ ვიცი, ეს შეიძლება რუსული ტროლების არმიის საქმეა, მაგრამ, ვიცი, რომ პარტნიორებს მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ წამოუყენებიათ. უკრაინა ამ პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებს - პუტინთან ყველანაირი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი", - განაცხადა დანილოვმა.   

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სამწუხაროდ ყველა ელოდა, რომ უკრაინელების კონტრშეტევა უფრო სწრაფი და წარმატებული იქნებოდა, თუმცა, ამ ეტაპზე ხელშესახები შედეგი არ ჩანს. მაისაია მიიჩნევს, რომ უკრაინელებს თვენახევარი დარჩათ ზამთრის და ცივი ამინდების დადგომამდე, ამიტომ ამ მოკლე დროში რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა უნდა იყოს.  

„ძალიან რთულია წინასწარ იმის პროგნოზირება ამ ერთ თვეში თუ თვენახევარში უკრაინელები რას შეძლებენ. მოლოდინი იყო, რომ მოკლე დროში და სწრაფად უკრაინელები შეძლებდნენ მნიშვნელოვან წინსვლას, თუმცა ასე არ მოხდა. პროცესები ნელა მიდის და უკარნელები ე.წ. სუროვიკინის თავდაცვითი ზღუდის გარღვევას ვერ ახერხებენ. 

„ზაპროჟიეს მიმართულებაზე ამას ცდილობენ, მაგრამ სამშრეანი თავდაცვითი ზღუდის პირველ ხაზამდეც კი ვერ მივიდნენ. ამიტომ რთულია ამ მოკლე დროში იმის თქმა რას შეძლებენ. ბახმუტის სამხრეთით რუსები ძალიან კარგად არიან გამაგრებულები და ვერაფრით ხერხდება ამ თავდაცვითი ზღუდის გარღვევა. 

„სამწუხაროდ რუსები ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან კარგად მოემზადნენ და მათი თავდაცვითი ზღუდეები საკმაოდ კარგად არის აგებული. რაც შეეხება იმ ფაქტს ომის დასრულების რა კონტურები არსებობს, სამწუხაროდ არანაირი, რადგან ომი კიდევ ერთი წელიწადს  მაინც გაგრძელდება და დროში გადავადდება. 

„რუსებს უნდათ, რომ უკრაინა გერმანიის მსგავსად ორ ნაწილად გაყონ და სწორედ ამისთვის იღვწიან. ისინი შეეცდებიან დროის მოგებას და ახალი კონტრშეტევის წამოწყებას, რაც ძალიან ცუდი იქნება. ამიტომ მგონი, რომ უკრაინას თვითმფრინავები ეფ-16 რაც შეიძლება მალე უნდა გადაეცეს, რადგან ჰაერიდან უკრაინის შეიარაღბეული ძალების დაუცველობა, დამატებით პრობლემებს ქმნის“,-აცხადებს მაისაია „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×