თამთა ჩაჩანიძე
07.09.2023

ბახმუტისთვის ბრძოლა კვლავ გაატიურდა, უკრაინელებს ქალაქის სამხრეთით გარკვეული წარმატება აქვთ, რუსებს აძევებენ და პოზიციებს იკავებენ. წინსვლაა ქვეყნის სამხრეთით ზაპოროჟიეს მიმართულებაზეც, სადაც ბრძოლა ე.წ. სუროვიკინის თავდაცვითი ზღუდის პირველი ხაზის უკიდურეს წერტილში მიდის. ამის პარალელურად კი უკრაინამ აშშ-საგან მორიგი ფინანსური დახმარება მიიღო - რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივები.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, ბახმუტისკენ უკრაინელები ორგანიზებულად და სტაბილურად მიიწევენ წინ და ჩანს, რომ ქალაქში მყისიერად შეჭრას არ აპირებენ, რადგან ეს დიდ მსხვერპლთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება სამხრეთს, მათი აზრით, ტოკმაკისკენ უკრაინელებს ტაქტიკური წარმატება აქვთ, რუსები მათ უკვე ვეღარ აკავებენ, თუმცა, ამასთანავე ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამინდების გაუარესებამდე უკრაინის არმიას ორიოდე კვირა დარჩა, რომ მიღწეული შედეგი სტრატეგიულ წარმატებაში გადაზარდონ.

უკრაინის კონტრშეტევაში მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს ვაშინგტონიც, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა და დასძინა, რომ ეს აშშ-სთვის ძალიან გამამხნევებელია.

ასევე საინტერესოა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინას რუსი ოლიგარქების გაყინული ატყივების ნაწილი გადასცა, რითაც მნიშვნელოვანი პრეცედენტი შეიქმნა.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ბლინკენის ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ სპეკულაციების ფონზე, რომ თითქოს უკრაინელთა შეტევა ვერ მუშაობს და აშშ-ს კიევის დახმარება მობეზრდა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გზავნილებმა კი ამას გარკვეულწილად წერტილი დაუსვა და კიევს იმედი ჩაუსახა.

ბახმუტი და მელიტოპოლი - მთავარი მიმართულებები ფრონტზე

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინას ბახმუტის სამხრეთით აქვს ინიციატივა და მაქსიმალურად წინ წაწევას ცდილობენ ნაკლები დანაკარგებით.

„უკრაინელებს ბახმუტის სამხრეთით კურდიუმივკასა და კლიშიივკას მიმართულებით ისევ ინიციატივა აქვთ და ცდილობენ მაქსიმალურად წინ წაიწიონ. შესაძლოა მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები არ იყოს, მაგრამ იმაზე აქვთ ტემპი აღებული, რომ რუსულ ნაწილებს, რომლებიც პოზიციების შენარჩუნებას ცდილობენ, მაქსიმალურად დიდი მსხვერპლი და დიდი დარტყმა მიაყენონ.

„უკრაინული შტურმი დიდი ცოცხალი ძალით და ფანატიკურად არ ხორციელდება, ძალიან სტაბილური, პოზიციური და ორგანიზებულია და აქ ასეთი წინსვლა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს მიანიშნებს, რომ რუსული დანაყოფების საკმაოდ დიდი ნაწილი განეიტრალებულია.

„ბახმუტზე უკრაინელების გეგმა ნათელია - ისინი პირდაპირ ქალაქში შეჭრას ჯერჯერობით არ აპირებენ, შეეცდებიან, რომ სამხრეთით და ჩრდილოეთით განლაგებული რუსული ნაწილები მთლიანად მოგუდონ და შემდგომ რუსებს ბახმუტის დატოვება აიძულონ. უკრაინელებს რომ ბახმუტის პირდაპირი შტურმი უნდოდეთ, ამის საშუალება არის და შეუძლიათ დასავლეთიდან შეუტიონ, ზედ ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვართან არიან, მაგრამ ამას არ აკეთებენ, რადგან ფლანგების კონტროლი სჭირდებათ, რომ რუსული ნაწილები ალყაში მოაქციონ.

„ბახმუტის დაკავებისას, მთელი ქალაქის პერიმეტრზე 55-60 ათასი რუსი სამხედრო იყო. დღეს რამდენი არიან არ ვიცი, რადგან მას შემდეგ დიდი დანაკარგი ჰქონდათ. ამ მიმართულებაზე საკმაოდ რთული რელიეფია - ჩრდილოეთით სოლედარი რთული საომარია, სამხრეთში ძალიან ბევრი არხია გადასალახი, დანაღმული მდელოებია, ასევე რუსული სანგრები. ეს ძალიან რთული საომარია, თან ქალაქში არაფერია ისეთი, სადაც თავის შეფარება შეიძლება.

„მელიტოპოლს რაც შეეხება, ეს მიმართულება ტოკმაკსა და ველიკანოვოზეა მიბმული, რომელიც მარიუპოლისკენ მიდის. უკრაინელები ამბობენ, რომ აქ მათ შეტევას რუსები აქტიურად ვეღარ აკავებენ, რუსები კი დიდი რაოდენობით ძალებს აგროვებენ, ცდილობენ მოწინააღმდეგის შეტევის ტემპი მაქსიმალურად დააგდოა, მაგრამ ამისთვის თავიანთ ელიტურ რეზერვებს წირავენ.

„თუკი უკრაინელებმა ფორტიფიცირებული ნაგებობების გარღვევა ეფექტურად მოახერხეს, რუსები შემდგომ თავდაცვის მოერე ხაზზე უნდა გამაგრდნენ და თუკი მათ ეს რეზერვები აღარ ეყოლებათ, ეს ნიშნავს, რომ პროფესიული ელიტა მეორე ხაზზე აღარ განლაგდება და ეს ბარიერი ძალიან სუსტი იქნება.

„რუსების მდგომარეობა აქ ძალიან რთულია და ისინი ფსონს იმაზე დებენ, რომ თთთქოს არც უკრაინელებს არ აქვთ საკმარისი ცოცხალი ძალა და იქნებ ეფექტური წინსვლა არ აწარმოონო.

„პირველი თავდაცვის ხაზი დახლოებით 3 კმ სიღრმისაა, ამ სიღრმეშია „დრაკონის კბილები", ბეტონის ნაგებობები, მიწაყრილები, ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, სანგრები, მავთუილხლართები. ამასთანავე, თითოეული სასანგრე ზონა რუსების საყრდენ პუნტს ქმნის, რომელიც არის ლოკალური სამეთაურო ბაზა ფორტიფიცირებული ბეტონის ნაგებობებით და სანგრებით. ახლა თითოეული ამ წერტილისთვის მიდის ბრძოლა. უკრაინელებმა ამ სამკილომეტრიანი ბარიერის 90% გადალახეს და მოქმედებები უკიდურეს გარღვევის წერტილში მიდის. ეს თუ შეძლეს, ნიშნავს, რომ რუსული წინააღმდეგობა გადაილახება.

„რუსები ახლა დამატებით 200 ათას ადამიანს იწვევენ და დიდი ალბათობით, ამ ძალის, თუნდაც მოუმზადებლების გადასროლით, უნდათ, რომ ფრონტის ეს ხაზი დაარეგულირონ", - განაცხადა გიორგი კობერიძემ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ უკრაინას სამხრეთით ტაქტიკური წარმატება აქვს, ბახმუტის სამხრეთით კი შეტევას ავითარებენ.

„უკრაინას სამხრეთით ტაქტიკური წარმატება აქვს, ბახმუტის სამხრეთით შეტევას ავითარებენ. უკრაინელები ცდილობენ, რომ რუსების თვდაცვითი ხაზი გაარღვიონ. რუსების ალყაში მოქცევაც შეუძლიათ, თუმცა ის შეიარაღება, რაც დღეს უკრაინას აქვს, ამის განხორციელების საშუალებას არ აძლევს, თან ცოცხალ ძალასაც უფრთხილდებიან.

„აქვე აღსანიშნავია, რომ სამხრეთით, ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზზე მიღწეული ტაქტიკური წარმატება მაქსიმუმ ორ კვირაში ოპერატიულ-სტრატეგიულ და მერე სტრატეგიულ წარმატებაში უნდა გადაზარდონ, რადგან შემდეგ ამინდები გაუარესდება და შეტევა გაძნელდება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რუსული ფული უკრაინის დასახმარებლად

6 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, აღნიშნა, რომ აშშ-ს „მტკიცედ აქვს განსაზღვრული განაგრძოს (უკრაინასთან) გვერდიგვერდ სიარული" და დასძინა, რომ კონტრშეტევაში უკრაინის პროგრესი "ძალიან, ძალიან გამამხნევებელია". ამასთან განაცხადა, რომ აშშ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გადასცემს.

გარდა ამისა, ომის დაწყების შემდეგ პირველად, აშშ უკრაინას გადასცემს რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს.

„უკრაინას, პირველად გადავცემთ სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომლებიც ახლა უკრაინელი ომის ვეტერანების მხარდაჭერას მოხმარდება", - აღნიშნა ბლინკენმა.

საუბარია 5.4 მილიონ დოლარზე, რომლის გამოყოფა ვეტერანთა მხარდაჭერისა და რეაბილიტაციისთვის იგეგმება. თანხა უკრაინას ბლინკენის მიერ გამოცხადებული დახმარების ფარგლებში გადაეცემა.

როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, იმ სპეკულაციების ფონზე, რომ უკრაინელთა არც ისე ეფექტური შეტევის გამო აშშ-ს მისი დახმარება მობეზრდა, ბლინკენის ვიზიტი საკმაოდ მნიშნელოვანი იყო.

„სულ იმის სპეკულაციებია, რომ უკრაინელთა შეტევა ვერ მუშაობს, ან ამერიკას მობეზრდა. ფაქტია, რომ პირიქით, აშშ დაინტერესებულია ახლა იმით, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მეტოქე გამოიფიტოს და მტკივნეულად დამარცხდეს. ამ პროცესში დახმარებას ძალიან დინამიურად ზრდის და ფინანსურ-ეკონომიკური საკითხების გადაჭრაშიც ეხმარება უკრაინას.

„ამბობენ ხოლმე, რომ აშშ უკრაინას არასაკმარისად ეხმარება. ეს შესაძლოა გარკვეულწილად ასეც იყოს, უკრაინელები შეიარაღებას ძალიან სწრაფად ხარჯავენ, რადგან რუსები ბევრი არიან და ძალიან დიდი შეიარაღება აქვთ. თანაბარი ძალის დუელი, რასაც ახლა უკრაინის სამხრეთში ვხედავთ, იმითაა მიღწეული, რომ ამერიკელები დიდი რაოდენობით იარაღს აწვდიან უკრაინას.

„ამერიკელები ამ ტიპის შეიარაღების წარმოებაზე ახლახანს გადავიდნენ, ამიტომაც უკრაინული მოთხოვნის პერმანენტული დაკმაყოფილება უჭირთ. თუ უკრაინელები 152-155 მმ-იან ჭურვებს ისვრიან, აშშ ამ ჭურვების წარმოებაზე ახლა გადავიდა, მათი საარტილერიო სისტემები სხვა კონცეფციასა და მოთხოვნაზე იყო აგებული.

„ამერიკამ ახლა იმ იარაღის წარმოება დაიწყო, რაც უკრაინას სჭირდება, ესაა ზუსტად დამაიმედებელი, რომ აშშ იმ იარაღის წარმოებაზე გადაეწყო, რომელსაც მათი არტილერია ნაკლებად იყენებს. შესაბამისად იმის ალბათობა, რომ ეს ჭურვები და რაკეტები მეტი იქნება, იქიდანაც ჩანს, რომ პაკეტში, რომელიც ვაშინგტონმა ბლინკენამდე დაანონსა, სულ ჭურვები და რაკეტები შედის. ეს ის შეიარაღებაა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ გამარჯვების მისაღწევადაა საჭირო", - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ბლინკენის ვიზიტი ნიშნავს, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო მხარდაჭერას.

„ბლინკენის ვიზიტი არის როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო მხარდაჭერა - რომ აშშ შეიარაღების მიწოდებას აგრძელებს. ესაა ტყვია-წამალი, ყუმბარები და ის იარაღი, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ. ბლინკელმა დააფიქსირა, რომ აშშ-მა უკრაინაზე გული არ აიცრუა და პირიქით აცხადებს, რომ უკრაინელებიც წარმატებულად იბრძვიან და რომ ტაქტიკურ წარმატებას სხვა მაღალი დონის წარმატება უნდა მოჰყვეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×