უკრაინელებს ფრონტის ხაზზე წარმატებები აქვთ. ახლა მათი წინსვლა ყველაზე შესმაჩნევი ბახმუტის სამხრეთით და რობოტინოს სამხრეთით არის. მტერს პოზიციებიდან აძევებენ და მიღწეულ ხაზებზე მაგრდებიან. თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 სამხედრო შეტაკება მოხდა.
ამასთან, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ 7 სარაკეტო და 74 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 46-ჯერ გაუხსნეს. ბახმუტის მიმართულებით, შეტევითი ოპერაციების შედეგად, თავდაცვის ძალებს აქვთ ნაწილობრივი წარმატება ბახმუტის სამხრეთით, განდევნიან მტერს თავიანთი პოზიციებიდან და კონსოლიდირდებიან მიღწეულ ხაზებზე.
ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით, ანადგურებენ მტერს და ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს ეტაპობრივად, აქვთ წარმატებები რობოტინოს სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე და მიღწეულ ხაზებზე მაგრდებიან.
ამასთან, უკრინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, 10 დარტყმა განახორციელეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებში და საზენიტო სარაკეტო სისტემების პოზიციებზე. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი საბრძოლო მასალის საცავს, 6 საარტილერიო საშუალებას, 2 საკონტროლო პუნქტსა და 2 საზენიტო სარაკეტო სისტემას დაარტყეს.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ 8 სექტემბრის ღამეს რუსეთმა კვლავ შეუტია ქვეყანას დრონებით. უწყების ცნობით, მტერმა ჯამში 20 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა, რომელთაგან 16 გაანადგურეს. "ოდესის რეგიონის მიმართულებით დაფიქსირდა 20 გაშვება. საბრძოლო სამუშაოების შედეგად ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში განადგურდა 16 "შიჰედ-136/131" - აცხადებს უწყება. ასევე დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპული პოლიციელი იყო, დაშავებულებს შორის კი საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებიც არიან.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა, სადაც სხვადასხვა სამსახურის ოფისები იყო. სარაკეტო დარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
საბრძოლო მოქმედებების პარალლეურად კი დასავლეთიდან და ამერიკიდან უკრაინა დახმარების მიღებას აგრძელებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად ახალი, 600 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოყო. ინფორმაციას უკრაინული მედია პენტგონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობილია, რომ დახმარების ახალ პაკეტში უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებელი აღჭურვილობა და საარტილერიო საბრძოლო მასალები შევა. პაკეტი ასევე მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას მაღალი მობილობის სარაკეტო და საარტილერიო სისტემებისთვის (HIMARS), განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობას და ა.შ.
"აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას ჰქონდეს შესაძლებლობები ბრძოლის ველზე, გრძელვადიანი უსაფრთხოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად", - წერია პენტაგონის განცხადებაში.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ჯარის მიერ კონტრშეტევაში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ რუსული თავდაცვის გარღვევა შეძლეს. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრის დროს რუსეთის ჯარი სიძლიერით მსოფლიოში მეორედ ითვლებოდა, ახლა კი "რუსეთის ჯარი სიძლიერით მეორეა უკრაინაში".
"უკრაინელები თანდათან ძლიერდებიან და ეს ადასტურებს ჩვენი მხარდაჭერის მნიშვნელობას და ჩვენს შესაძლებლობებს და სურვილს, გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა. მძიმე ბრძოლებია, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევა და წინ მიიწევენ. იქნება როგორც ცუდი, ისე კარგი დღეები. ჩვენ უნდა ვიყოთ უკრაინის გვერდით არა მხოლოდ კარგ დროს, არამედ ცუდ დროსაც", - განუცხადა სტოლტენბერგმა ევროპარლამენტარებს.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და „ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ როგორც უკრაინელებმა ისე რუსებმა რობოტინეს სექტორში მობილიზებული სამხედრო დაჯგუფებები თითქმის სრულად ჩართეს შეტევა-თავდაცვით ოპერაციაში. ხოლო კობერიძის თქმით, ბოლო ოთხი დღეა უკრაინელები დღიურად 100-150 მეტრით მიიწევენ წინ.
„უკვე დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ ვერბოვეს შტურმი აქტიურ ფაზაშია. ამასთან, უკრაინელები უტევენ ნოვოპროკოპივკას არა ერთი, არამედ ორი, ფლანგური მიმართულებებიდან , ჩრდილო-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. იმ ფონზე რომ რუსული თავდაცვის ზღუდე სხვადასხვა ფორტიფიკაციებთან, თხრილებთან და მავთულხლართებთან ერთად სანგრებად დაყოფილ საყრდენ პუნქტებადაც შედგება, რომელსაც ზოგჯერ რუსული ასეულები იცავენ ხოლმე, მათი აღება უკრაინელთათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა დიდ დროს მოითხოვს.
რუსები კონკრეტულ მონაკვეთებში ცოცხალი ძალის მაქსიმიზაციით ცდილობენ უკრაინელთა შემტევი ძალების გამოფიტვას, უკრაინელები კი პირიქით, არა ერთ კონკრეტულ მონაკვეთს, არამედ მთელს სექტორს უტევენ გაშლილად. სწორედ მრავალწერტილიანი იერიშის არარსებობა იყო დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსების მხრიდან კრიტიკის საფუძველი, მაგრამ როგორც ჩანს უკრაინელებმა ეს ტაქტიკა მიკრო დონეზე ეფექტურად აითვისეს და პატარა მონაკვეთში არა მხოლოდ ცენტრალური გზით გასწვრივ, არამედ ყველა გეოგრაფიული გზაგამტარის გამოყენებით ახორციელებენ დაწოლას.
პრაქტიკულად ყველა დამკვირვებელი ამ სექტორისაკენ იყურება, რომელშიც გარღვევა რამდენიმე მონაკვეთზე უკვე დაფიქსირებულია, მაგრამ რუსული წინააღმდეგობა ჯერ კიდევ არ არის დაძლეული“,-ამბობს კობერიძე.
მისივე თქმით, საიმედო სიტუაციაა ბახმუტის სამხრეთით, კლიშჩიივკაში. რუსული ნაწილები უკან დახევისას საარტილერიო დაბომბვაში მოყვნენ. ამასთან, უკრაინელებმა დასახლების ირგვლივ ყველა შემაღლებული პოზიცია დაიკავა. კლიშჩიივკას ცენტრს უკრაინელები აკონტროლებენ. იმ ნაწილში კი, რომელშიც რუსები ცდილობდნენ ყოფნას, პრაქტიკულად სრულადაა განადგურებული.
„ეს ყოველივე კი შეიძლება იმის მომასწავებელი იყოს, რომ რუსებს მოუწევთ დასახლებიდან გასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მსხვერპლი მათ რიგებში კიდევ უფრო გაიზრდება. კლიშჩიივკას აღება ბახმუტის სამხრეთიდან მომარაგებას კიდევ უფრო შეაფერხებს, ხოლო უკრაინელებს რკინიგზის ხაზზე გაიყვანს.
რაც შეეხება დონეცკის ოლქში, სამხრეთში, ველიკა ნოვოსილკა-მარიუპოლის გზის გასწვრივ უკრაინელები არამხოლოდ ცენტრალურ გზაზე მდებარე ზავიტნე ბაჟანიას უტევენ კვლავ, არამედ მის აღმოსავლეთით, პრაქტიკულად სრულიად სტეპურ მდელოზე მდებარე კრემენჩუკზეც მიიტანეს იერიში. ეს ძალიან სწორი სტრატეგიაა, რადგან რუსები თუკი იძულებულნი გახდნენ არა ერთი არამედ რამდენიმე პოზიცია ერთდროულად დაიცვან, ეს მათ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.
ამავე მონაკვეთის აღმოსავლეთით, უკრაინული შტურმი გრძელდება ნოვოდონეცკეზე. დასახლების უმეტესობა უკრაინელთა ხელში გადავიდა“,-ამბობს კობერიძე.
რაც შეეხება ენტონი ბლინკენის ვიზიტს კიევში, კობერიძე ამბობს, რომ ეს იმის დასტურად განხორციელდა, რომ აშშს მხარდაჭერა უკრაინისადმი მყარი და ურყევია.
„მეტიც, ბლინკენი კმაყოფილია უკრაინული შეტევის შედეგებით. როგორც ჩანს აშშ-ს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან კარგადაა გააზრებული ამ ომის შედეგების მნიშვნელობა და რომ რუსეთის გამარჯვება არსებულ საერთაშორისო წესრიგს დაანგრევს. ამასთან ბლინკენმა უკრაინისათვის დამატებით მილიარდი დოლარის დახმარებაზე ისაუბრა, ხოლო მის ვიზიტს 175 მილიონ დოლარიანი სამხედრო პაკეტის გამოცხადება უძღოდა წინ“,-ამბობს პროფესორი.