თამთა ჩაჩანიძე
10.09.2023

უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება, რის გამოც შავ ზღვაზე ვითარება შეიძლება უკიდურესად დაიძაბოს. კიევმა ანკარას ოფიციალური წინადადება წარუდგინა, რომ მარცვლეულის დერეფანი რუსეთის გარეშე გახსნას. რუსები საჰაერო დარტყმებით ცდილობენ მდინარე დუნაის გასწვრივ უკრინელთა საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ამის საპასუხოდ აშშ-და რუმინეთი წვრთნებს იწყებენ. ბრიტანული საბრძოლო ავიაცია კი შავი ზღვის თავზე პატრულირებს და შეეცდება ჰაერიდან დაიცვას უკრაინული ხორბლით დატვირთული გემები რუსებისაგან.

რამდენად შესაძლებელია, რომ ამ ყველაფერს უკვე უშალოდ ნატო-სა და რუსეთს შრის სამხედრო შეტაკებები მოჰყვეს, ანალიტიკოსებს ამაზე საუბარი უჭირთ. როგორც ისინი „რეზონანსთან" ამბობენ, შესაძლოა ანკარა კიევის წინადადებას დათანხმდეს, თუმცა აღსრულება ძნელი იქნება, რადგან სატვირთო გემებზე რუსული იერიში ახლა ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ვითარებას, ანალიტიკოსთა შეფასებით, მთავარი სიახლე დონეცკის ოლქშია, სადაც უკრაინელებს გარკვეული წინსვლა აქვთ და დონეცკის აეროპორტს 4 კილომეტრზე მიუახლოვდნენ.

ბოლო ცნობები ფრონტიდან

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბოლო დღეებში დონეცკის ოლქში ავდიივკისკენ სიტუაცია უკრაინელების სასარგებლოდ შეიცვალა, ისინი დონეცკის აეროპორტს უახლოვდებიან და 4 კმ-ია დარჩენილი. მისი თქმით, აქტიურობაა ზაპოროჟიესა და ბახმუტისკენაც.

„უკრაინელები დონეცკის ოლქში ბახმუტის ფრონტს აწვებიან. ამ ბოლო ხანებში ავდიივკას მიმართულებით სიტუაცია უკრაინელების სასარგებლოდ შეიცვალა, ამ ლოკაციიდან დონეცკის აეროპორტის მიმართულებით ჯერ მხოლოდ ერთ კილომეტრიანი წაწევა იყო და აეროპორტის საზღვართან 4 კმ კიდევ აშორებთ, რაც ძალიან კარგი მოვლენაა.

„დონეცკის აეროპორტთან ნებისმიერი მიახლოება ადგილობრივი რუსი სეპარატისტებისათვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დარტყმაა, რადგან სწორედ ამ აეროპორტისათვის ბრძოლა იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული 2014-2015 წლებში და რუსებმა მის დასაკავებლად ასობით გამოცდილი სამხედრო და ოთხი თვე დაკარგეს.

„ვერ ვიტყვით, რომ რობოტინეს მიმართულებით აქტიურობამ იკლო. პირიქით, ორივე მხარეს დამატებითი ძალები ჰყავს შეყვანილი, მაგრამ ჯერჯერობით სრული მასშტაბის გარღვევა არ მომხდარა.

„ბახმუტში ცოტა უკეთესი მდგომარეობაა იმ გაგებით, რომ რუსები კლიშიივკასა და ავდიივკას შენარჩუნებას ვეღარ ახერხებენ. რუსების უკან დახევის რამდენიმე საინტერესო კადრი იყო გავრცელებული და აღმოჩნდა, რომ უკრაინულმა არტილერიამ რუსული გამსვლელი კოლონები ზუსტად დაბომბა და დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა განადგურდა. მოგვიანებით კლიშიივკას მიმართულებით რუსული ძალების შეტევის მცდელობა იყო, მაგრამ ჩავარდა. რამდენიმე დღეში უკეთ გაირკვევა, თუ კლიშიივკაში რა მოხდება", - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბოლო დღეებში ფრონტზე არაფერი შეცვლილა.

„ფრონტზე დიდად არაფერი შეცვლილა, უკრაინას სამხრეთით ტაქტიკური წარმატება აქვს, ბახმუტის სამხრეთით შეტევას ავითარებენ, ამის კონპენსირებისთვის კი რუსები უკრაინის ტერიტორიებს ბომბავებ. უკრაინელები ისევ ცდილობენ, რომ სამხრეთში რუსების თვდაცვითი ხაზი გაარღვიონ.

„ამინდები უარესდება და ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზზე მიღწეული წარმატება მალე უნდა განავითარონ, თუ ასე გაგრძელდა, ალბათ ფრონტზე მნიშვნელოვან გარდამტეხ გარღვევას მომავალ გაზაფხულამდე ვერ ვიხილავთ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რა კეთდება „მარცვლეულის შეთანხმების" აღსადგენად

რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის შესახებ ივლისშ გამოაცხადა. თუმცა, მას შემდეგ უკრაინიდან ხორბლის გატანა მაინც ხერხდებოდა. 10 აგვისტოს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის დროებითი მარშრუტები შეიქმნა. მას შემდეგ „შავი ზღვის მარცვლეულის დროებითი დერეფანი" ოთხმა გემმა გაიარა.

„მარცვლეულის შეთანხმების" აღდგენის ბოლო მცდელობა 4 სექტემბერს იყო, როდესაც სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეიზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა უშედეგოდ. ორი დღის წინ კი თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილ ბოდნარმა განაცხადა, რომ უკრაინამ თურქეთს ოფიციალური წინადადება წარუდგინა, რომელიც შავ ზღვაში „მარცვლეულის დერეფნის" რუსეთის მონაწილეობის გარეშე გახსნას ითვალისწინებს.

მისი თქმით, სატვირთო გემები უკვე შეზღუდვების გარეშე დაცურავენ რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ტერიტორიულ წყლებში. უკრაინა კი მოელის, რომ ანკარასა და კიევს ამ საკითხზე უახლოეს დღეებში კომუნიკაცია ექნებათ, ან საკითხი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში განიხილება, რათა გაირკვეს, თუ როგორ უნდა წავიდნენ წინ.

ამის პარალელურად ბოლო დღეებში რუსები მდინარე დუნაიზე უკრაინულ პორტებს ბომბავენ, რათა მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი შეაფერხონ. ამის საპასუხოდ აშშ და რუმინეთი, უკრაინასთან ერთად, შავ ზღვასა და მდინარე დუნაის დელტაში სამხედრო სწავლებას ჩაატარებენ.

წვრთნები სახელწოდებით „სი ბრიზი" 11-დან 15 სექტემბრამდე გაიმართება. მასში ასევე მიიღებენ მონაწილეობას სამხედროები საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და თურქეთიდან. კერძოდ, სპეციალისტები, მათ შორის მყვინთავ-გამნაღმველები გაივლიან წვრთნებს ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფაში. წვრთნების მიზანს საზღვაო ნაღმების წინააღმდეგ კონტრმოქმედების დამუშავება წარმოადგენს.

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი" კი წერს, რომ ბრიტანული სამბრძოლო თვითმფრინავები შავი ზღვის თავზე პატრულირებენ და უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს რუსეთის მხრიდან თავდასხმისგან იცავენ.

რაზეა წამსვლელი რუსეთი

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ პროცესის აღსრულება ძნელად წარმოსადგენია, რადგან რუსეთი ხორბლით დატვირთულ საექსპორტო გემებზე იერიშს მიიტანს.

„ძალიან რთული სათქმელია ამის (რუსეთის გარეშე უკრაინული ხორბლის გატანა) აღსრულება როგორ მოხდება, რადგან რუსებმა დაახლოებით იციან, თუ უკრაინული ხორბალი როგორ და სად გადაადგილდება. ახლა იმაზეა საუბარი, რუსეთი შეწყვეტს თუ არა იერიშებს კონკრეტულად ხორბლის ექსპორტის პერიოდში. თუ არ შეწყვიტა, ამ შემთხვევაში თურქეთი ან რუმინეთი რას გააკეთებს, სამწუხაროდ, მნიშვნელობა აღარ აქვს, თუკი, მაგალითად, იგივე რუმინეთმა დუნაის პორტების თავზე ათკილომეტრიანი არასაფრენი ზონა არ დააწესა და მათი ჩამოყრა არ მოახერხა, რაც ჰიპოთეტურად შესაძლებელია, რადგან ნატოს უწერია, რომ უსაფრთხოების ზოლი მისი საზღვრიდან ათ კილომეტრის მანძილზეა. მაგრამ ამ ეტაპზე ესეც ნაკლებად სავარაუდოა რამდენად მოხდება.

„თურქეთი ამბობდა, რომ „სვიფტ"-ში გავუცვალოთო. ამას რუსეთიც ითხოვდა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სანქციების დიდი ნაწილი რუსეთს უბრალოდ უნდა მოეხსნას, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

„ამ პროცესის აღსრულება ძალიან რთულად მეჩვენება. რუსეთი ამ გემებს მაინც დაბომბავს. სახმელეთო დერეფანზეა საუბარი და ამასაც ბომბავენ.

„ერდოღანი სოჭში იყო ჩასული და ისეთი პირობა მისცა, რომ თითქოს რუსულ ინტერესსაც გაითვალისწინებდა. თუმცა, რაღაც მხრივ ესეც პრობლემა იქნება, თუკი ერდოღანმა პუტინი „გადააგდო", - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა თურქეთი უკრაინას დათანხმდეს და რუსეთის გარეშე „მარცვლეულის დერეფანი" გაიხნას, თუმცა რუსეთის

„რუსეთის წინადადებაა, რომ ხორბლის ჰაბი თურქეთი იყოს, საიდანაც რუსული ხორბალი და შეზღუდულად უკრაინულიც გავა. თუმცა ამ საკითხზე თურქეთის, კატარის და რუსეთის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უშედეგოდ დამთავრდა. როგორც ვიცი, რუსებს თავისი პირობა აქვთ - რომ რუსული ბანკების მიმართ ეკონომიკური სანქციები შეწყდეს. განსაკუთრებით საუბარია რუსულ „როსსელხოზბანკზე", რომ იგი „სვიფტ"-ის სისტემას შეუერთდეს. თურქეთის პრეზიდენტი „დიდი ოცეულის" სამიტზე გარკვეულწილად ლობირებდა კიდეც, რომ რუსეთის მიმართ გარკვეული ეკონომიკური სანქციები შეჩერებულიყო, რათა ხორბლის შეთანხმება გაგრძელებულიყო.

„რუსეთი ახლა მსოფლიოს აშანტაჟებს. თუ უკრაინამ თურქეთს წინადადება წარუდგინა, არ გამოვრიცხავ, რომ მარცვლეულის დერეფანი რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაიხსნას, მაგრამ უკვე რუსეთის მიერ საზღვაო ბლოკადის საკითხი დგება. რუსეთი, რა თქმა უნდა, ხორბლით დატვირთულ გემებზე იერიშს მიიტანს, ან შეეცდება დააკავოს. დასავლურმა ავიაციამ შესაძლოა მონიტორინგი განახორციელოს, მაგრამ ვერ ჩაერევა.

„დასავლეთი რამდენად დაუშვებს, რომ რუსეთის ბანკებზე სანქციები მოიხსნას და „სვიფტ"-ის სისტემას შეუერთდეს, არ ვიცი. შესაძლოა, გაეროს ეგიდით, გარკვეულის სახით და გარკვეული პეროიოდით ეს დაუშვან", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×