ნაზი ბერიძე
11.09.2023

რუმინეთმა, ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძთვანელი დაიბარა და რუმინული მხარის პროტესტი გადასცა. სახელმწიფო მდივანმა სტრატეგიულ საკითხებში, იულიან ფოტამ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს, აღმოაჩინეს იმ დრონების ფრაგმენტები, რომლებიც რუსებმა უკრაინის დუნაის პორტებზე თავდასხმებისთვის გამოიყენეს.

ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის საქმეთა დროებითი რწმუნებილი 9 სექტემბერს გამოიძახეს. იულიან ფოტამ მას გადასცა რუმინული მხარის მოთხოვნა, შეწყვიტონ თავდასხმები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე, რაც მათ შორის საფრთხეს უქმნის რუმინეთის ადგილობრივ მოსახლეობას.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ვარაუდობს, რომ აღნიშნული ინცინდენტი გამოიწვევს ნატოს მე-4 და მე-5 მუხლების ამოქმედებას.

„აღნიშნული ქმედება რუსეთის მხრიდან ეს არის თავდასხმა ნატოს წევრ სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და რუმინეთმა გააკეთა სერიოზული რეაგირება. არ არის გამორიცხული რუმინეთმა გამოიყენოს ნატოს ვაშინგტონის ხელშეკრულების მეოთხე და მეხუთე მუხლებით გათვალისწინებული პროცედურები. ამას გარდა, აშშ და რუმინელები აპირებენ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას - ეს იქნება რეაქცია ასეთი ტიპის რუსული სამხედრო თავხედობის აღსაკვეთად

„რუსებმა ეს გააკეთეს შეგნებულად, რომ მოეხდინათ ტესტირება რუმინეთში არსებული ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ეფექტური მუშაობის შესამოწმებლად" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ნატოს მე-5 მუხლის ამოქმდების საბაბი ამ ეტაპზე არ არსებობს...

„არა მგონია ნატოს მხრიდან განცხადებაზე მეტი რეაქცია იყოს - ნამსხვრევების ჩამოცვენა, მითუმეტეს, რომელასაც არ მოჰყოლია მსხვერპლი, ვერ გახდება მეხუთე მუხლის ამუშავების წინაპირობა" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" ამ ეტაპზე მე-5 მუხლის ამოქმედებას გამორიცხავს: „ეს ერთი შემთხვევა აგრესიად ვერანიარად ვერ ჩაითვლება, ალბათ უფრო შემთხვევითობაა, გვახსოვს პოლონეთშიც ჰქონდა ასეთ შემთხვევას ადგილი, ასეთი ფაქტები ხდება სამწუხაროდ. ეს არ არის იმხელა ინცინდენტი რომ სამხედრო რეაგირება მოჰყვეს, რა თქმა უნდა პროტესტი იქნება რუმინეთის მხრიდანაც და ნატოს მხრიდანაც, გარკვეული დიპლომატიური პროტესტი.

„თუმცა, თუკი უშუალოდ რუმინეთის ტერიტორიას მოხვდება რაკეტა, ან უფრო გახშირდება ასეთი მოქმედებები, რა თქმა უნდა ნატო იძულებული იქნება რეაგირება გააკეთოს. ალბათ გააძლიერებენ რუმინეთში ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობლებს, საზღვარს გაამაგრებენ, რომ ასეთი შემთხვევები აღკვეთონ" - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×