ნაზი ბერიძე
14.09.2023

სომხეთს აღარ შეუძლია რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. ფაშინიანის თქმით, უკრაინაში რუსეთის კატასტროფული შეჭრის გამო სომხეთს აღარ შეუძლია მოსკოვს , როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანთან ღია კონფლიქტის დაბრუნების შიში იზრდება.

„უკრაინაში მოვლენების გამო რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა...ჩვენი სტრატეგია ის უნდა იყოს, რომ ასეთ სიტუაციაში მაქსიმალურად შევამციროთ სხვებზე დამოკიდებულება. გვინდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა გვქონდეს, მაგრამ უნდა გვქონდეს გზები, თუ როგორ ავიცილოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეჯახებების ცენტრში ყოფნა... არ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, რომელშიც სომხეთი „პროქსი" გახდება. ეს დაუშვებელია",-განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანმა, ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით „ჰუმანიტარული კრიზისი" შექმნა და რუსმა მშვიდობისმყოფელებმა საკუთარი ვადებულებები ვერ შეასრულეს.

„ეს ყველაფერი.... რუსი მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობის სფეროში უნდა ყოფლიყო და ვინაიდან ეს პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, რუსმა მშვიდობისმყოფელებმა საკუთარი მისია ვერ შეასრულეს",-განაცახადა ფაშინიანმა.

ამავდროულად მან აღნიშნა, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები რომ არ ყოფილიყვნენ, მას არ შეუძლია თქმა, რომ ვითარება უკეთესი იქნებოდა. სომხეთი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიქვამს, მაგრამ აღნიშნა, რომ ახლა საერთაშორისო საზოგადოების ხელშია უზრუნველყოს, რომ რეგიონში „ეთნიკური წმენდა" არ მოხდება

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთს არ აწყობს სომხეთის ახლანდელი მთავრობა და ამიტომ არ ეხმარება სათანადოდ მას.

„სომხეთის და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის დასრულება ეს იქნება სომხეთის სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისი. ეს ასეა, მიუხედავად დასავლეთის დახმარებისა. დასავლეთის პოლიტიკა ჩვენ უკვე ვიწვნიეთ 2008 წელს - დასავლეთი ყოველთვის პრაგმატული პოლიტიკიდან გამოდის - გვახსოვს არაერთი ასეთი დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა დასავლეთმა და რომლის რეალიზაციაც არ მოხდა.

„რაც შეეხება რუსეთს, რუსეთის ინტერესშია სამხრეთ კავკასიაში თავისი სამხედრო-პოლიტიკის წარმომადგენლობა განამტკიცოს. იმ შემთხვევაში თუ სომხეთთან ალიანსი დასრულდება, სამხრეთ კავკასიაში სერიოზული დანაკარგები ექნება. რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიის დაკარგვა, ეს ავტომატურად ნიშნავს მომავალში ჩრდილოეთ კავკასიის დაკარგვას,

„დღევანდელი ოფიციალური ერევანის პოზიცია მოსკოვისთვის მიუღებელია, აქედან გამომდინარე რუსეთი სომხეთს აყენებს ისეთ მდგომარეობაში, რომ როგორმე ფაშინიანის მთავრობა მოიცილოს თავიდან. ჯერჯერობით ამის შესრულება არარეალურია. შესაბამისად, დახმარებასთან დაკავშირებით მოსკოვი თავს იკავებს" -განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტას არ პროგნოზირებს.

„არა მგონია რომ ჯერჯერობით სტრატეგიულ პარტნიორობის გაწყვეტაზე იყოს საუბარი, რადგანაც სომხეთის ტერიტორიაზე არის რუსეთის ყველაზე მსხვილი სამხედრო ბაზა სამხრეთ კავკასიაში. სომხეთის ეკონომიკა მთლიანად რუსეთზეა ჩამოკიდებული, სომხეთის საზღვრებს იცავს რუსეთის სასაზღვრო ჯარები და მგონი ფაშინიანს კარგად ესმის. რომ ჯერ რუსეთთან სტრატეგიული კავშირის გაწყვეტაზე საუბარი ნაადრევია.

„სომხეთი ელოდება რუსეთისგან სერიოზულ დახმარებას და რუსეთი არ ახორციელებს ამ დახმარებას და მანიპულირებს სომხეთის ინტერესებით აზერბაიჯანის სასარგებლოდ.

„ახლა სომხეთი ძალიან მძიმე, გამოუვალ ჩიხში იმყოფება. საჭიროა თურქეთთან ურთიერთობის დალაგების დაწყება, ახლახან ესაუბრა ფაშინიანი ერდოღანს და ამ საუბრის შემდეგ გააკეთა ფაშინიანმა ეს კატეგორიული განცხადება მოსკოვის წინააღმდეგ. თუ თურქეთთან არ იპოვა საერთო ენა სომხეთმა, გაუჭირდება გაუმკლავდეს რუსეთის გამოწვევებს.

„მგონი ეს სომხეთის ბოლო გაფრთხილებაა რუსეთისთვის, რათა მოსკოვი კარგად დაფიქრდეს რამდენად მზად არის გაწიროს სომხეთი დაკარგოს ნდობა სომეხ ხალხში "-განაცახადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" განმარტავს, რომ სომხეთი ცდილობს დაბალანსებული პოლიტიკა აწარმოოს მსოფლიო წამყვან სახელმწიფოებთან: მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან და ამით გაანეიტრალოს პრორუსული გავლენები.

„სომხეთი რუსეთის ქმედებებით ყარაბაღის მოვლენების გარშემო, ისინი თვლიან, რომ რუსეთმა მათ არ გაუწია ის დახმარება, რომელსაც ისინი ითხოვდნენ მოკავშირისგან. აქედან გამომდინარე, სომხეთის ხელისუფლება ცდილობს ალტერნატიული უსაფრთხოების გარანტიების მოპოვებას.

„ცდილობს უფრო მეტად დააბალანსოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა, თუ აქამდე ის ეყრდნობოდა მხოლოდ რუსეთს და დააკმაყოფილა რუსეთის ყველა მოთხოვნა - გახდა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი, დსთ-ს წევრი, დღეს უკვე დადგა საკითხი, რომ გადაიხედოს ეს მიდგომა. სწორედ ეს განაცხადა ფაშინიანმა, რომ მხოლოდ ერთ ქვეყანაზე მისი უსაფრთხოება არ იყოს დამოკიდებული და მულტი-ვექტორული საგარეო პოლიტიკა აწარმოოს - იგულისხმება დასავლეთან დაახლოება.

„ამისი კარგი მაგალითია სომხეთი-აშშ-ს ერთობლივი წვრთნები, რამაც შეშფოთება გამოიწვია მოსკოვში. სომხეთი ცდილობს დააბალანსოს თავისი პრორუსული პოლიტიკა. თავის დროზე სწორედ რუსეთის გავლენით ათქმევინეს უარი სომხეთს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე.

„სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, თუ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ეს უფრო მეტ ენთუზიაზმს მისცემს სომხებს, რომ უფრო მეტად მოინდომონ ევროკავშირთან დაახლოება", - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×