ელზა პაპოშვილი
14.09.2023

ბახმუტის სამხრეთით და მელიტოპოლის მიმართულებაზე უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევა გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის არმია წარმატებით ახორციელებს შეტევას ბახმუტის სამხრეთით, დონეცკის ოლქის კლიშჩიივკას, ანდრიივკასა და კურდიუმივკას რაიონებში. შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან ზარალს აყენებს მტრის ცოცხალ ძალას და აღჭურვილობას.

გენშტაბის სპიკერის, ანდრეი კოვალევი განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები ასევე აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით და საოკუპაციო ძალებს მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ. კოვალევის განცხადებითვე, უკრაინელი დამცველები მტრის წინსვლას აკავებენ კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით. 

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე მდებარე ანდრიივკას დასახლებაში შევიდნენ და ახალ პოზიციებს იცავენ.  ამ ინფორმაციას კი უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი ავრცელებს.  "ანდრიივკა ჩვენია. ჩვენ ვიცავთ პოზიციებს", - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე. 

მისი თქმით, ჩრდილოეთ ფლანგზე რუსები ცდილობენ დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები, ხოლო სამხრეთ ფლანგზე შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ.მალიარმა განმარტა, რომ ძირითადი ბრძოლები ანდრიევკას, კურდიუმივკასა და კლიშჩიივკას რაიონებში მიმდინარეობს. 

მინისტრის მოადგილე ასავე აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ოპიტნეს დასახლების ნაწილი დაიკავეს. ფრონტის იმ ნაწილებზე, სადაც უკრაინელებმა წარმატებას მიაღწიეს, შეიარაღებული ძალები მაგრდებიან.   

რუსულმა ძალებმა კი წუხელ ოდესის ოლქის სამხრეთს დრონებით კიდევ ერთხელ შეუტიეს, რის შედეგადაც 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„იზმაილის რაიონში დრონების რამდენიმე ჯგუფი გაიგზავნა. სამწუხაროდ, არის დარტყმები. დაფიქსირდა საპორტო და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება", - აცხადებს კიპერი. მისი ინფორმაციით, შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება. კიპერი აცხადებს, რომ დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა.  

ხერსონის ოლქის ბელოზერსკის თემზე რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 6 წლის ბავშვი დაიღუპა და 4 ადამიანი კი დაშავდა, - ინფორმაციას ასევე უკრაინული მედია ავრცელებს.

ხერსონის საოლქო პროკურატურის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ბელოზერსკის თემის სოფელი ნოვოდმიტროვკა არტილერიის გამოყენებით დაბომბეს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ჭურვები კერძო სახლსა და მის ტერიტორიაზე მოხვდა, რის შედეგადაც 6 წლის ბიჭმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

მისი 13 წლის ძმა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულია მათი სამი მეზობელი, რომლებიც ოჯახისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობდნენ.   

ჩვენ გვჭირდება კონტრშეტევის შედეგები. უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწები და მოვახდინოთ ჩვენი მიწების დეოკუპაცია. ეს არ ეხება მხოლოდ მიწებს, ეს ეხება ადამიანებსაც, რადგან გაყინული ომი არ არის მშვიდობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კონტრშეტევის წარმატებისთვის და ტერიტორიების დეოკუპაციისთვის უკრაინას სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, არტილერია და ჭურვები.

„ყველა საუბრობს ATACMS -ზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა საუბრობს მოიერიშე თვითმფრინავებზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს გადაწყვეტილებას შორ მანძილზე მოქმედი ATACMS სისტემების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.

„იმედი მაქვს, პრეზიდენტ ბაიდენს ვესაუბრები. მისი აზრი და მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ მას შეუძლია ამ ომის შეცვლა, როგორც მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა HIMARS-ებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ჯო ბაიდენთან ამ თემაზე მისი პირველი მოლაპარაკება არ არის.

„წინ მივდივართ. იმედია, მათ შემოდგომაზე მივიღებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შევჩერდეთ ამ კონტრშეტევაში. ამიტომ მე ისინი ძალიან მჭირდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  

დასავლეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს და ასევე მზად უნდა იყოს, რომ მისი დასრულების შემდეგაც კი რუსეთი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის დასავლეთის ქვეყნებს, - ამის შესახებ ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა კარელ რეჰკამ Reuters-ს განუცხადა.

იმ მოსაზრებაზე კომენტირებისას, რომ უკრაინის კონტრშეტევა ძალიან ნელა მიდის, რეჰკამ განაცხადა, რომ ის კონტრშეტევის ტემპით იმედგაცრუებული არ არის. არ არის იმედგაცრუებული მისი ტემპით და განმარტა: „ასეთია სამხედრო შეტევა. ეს არ ჰგავს ფილმს მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ამას დრო სჭირდება", - აღნიშნა კარელ რეჰკამ.

მისი თქმით, ვერც უკრაინა და ვერც რუსეთი თავიანთ საბოლოო მიზნებს უახლოეს მომავალში ვერ მიაღწევენ.

”საერთო ჯამში, ვფიქრობ, ამჟამად არცერთ მხარეს არ აქვს შესაძლებლობა, მალე მიაღწიოს საბოლოო გამოცხადებულ მიზნებს. ეს არ გაგრძელდება რამდენიმე კვირას, ეს, სავარაუდოდ, დიდხანს, გაგრძელდება და მნიშვნელოვანია, რომ დიდი ხნის განმავლობაში გავაგრძელოთ უკრაინელების მხარდაჭერა", - აღნიშნა ჩეხეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა.    

საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი და „ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ ახლა აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ქალაქი დონეცკის დასავლეთით. მისი თქმით, უშუალოდ ქალაქი დონეცკის იმ ტერიტორიაზე, რომელშიც რუსული სამხედრო ნაწილები არიან განთავსებული, თითქმის ყოველდღიური საარტილერიო დარტყმები მიმდინარეობს.

„დონეცკის მომიჯნავედ კი, აეროპორტიდან 3 კილომეტრში, უკრაინელები ოპიტნეს უტევენ. რუსები ჩივიან, რომ უკრაინელები კასეტურ ჭურვებს იყენებენო. უკრაინელთა ამ იერიშებს რამდენიმე მიზანი შეიძლება ჰქონდეს. 

„პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ავდიივკას მიმართულებაა, შესაბამისად ინიციატივის უკრაინელთა ხელში დაბრუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ყრუ თავდაცვაში ყოფნიდან გამოსვლისა და რუსული დაწოლის შესამსუბუქებლად. 

„გარდა ამისა დონეცკის აეროპორტის ტერიტორია უმნიშვნელო წერტილი არ არის. ის ზედ ემიჯნება ქალაქს და მის დასაცავად რუსები და მათ მიერ ორგანიზებული სეპარატისტული ძალები დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის გაწირვაზე არიან თანახმა, მითუფრო რომ დონეცკელი სეპარატისტების მიერ შექმნილი ცრუ საგმირო ეპოსები სწორედ ამ აეროპორტისათვის 2014-15 წლებში ბრძოლას უკავშირდება. 

„არის სხვა მიზეზიც: აეროპორტის მიმართულებით აქტიურობა რუსებს აიძულებს დაწოლა შეამციროს მარიინკაზეც, რომელიც ქალაქი დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. 

„ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელებს ავდიივკას მონაკვეთი მთელი ამ ომის განმავლობაში, ისევე როგორც 2014-15 წლებში გამორჩეულად კარგად აქვთ დაცული. ათასობით სამხედრო დაკარგეს რუსებმა ამ სექტორში და ახლა კვლავ უკრაინელები არიან აქტიურები. ფსიქოლოგიურად ეს უკვე დიდი დარტყმაა რუსებისათვის“,-ამბობს კობერიძე. 

 მისივე თქმით, დონეცკის ოლქში, ბახმუტის სამხრეთით, კლიშჩიივკას გასასვლელში ძალიან აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც ჩანს რუსების ერთ-ერთი ბოლო კონტრშეტევას ვადევნებთ თვალს. თითქმის ყველა სახის იარაღსა და დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალას მოუყარეს თავი რკინიგზის გასწვრივ, ნანგრევებზე. 

„როგორც ჩანს მათი პროგრამა მინიმუმი უკრაინელთა მხრიდან დასახლების დაკავების დაბლოკვაა, რადგან მათი პოზიციები შესასვლელ-გასასვლელს ემიჯნება. პროგრამა მაქსიმუმი კი უკრაინელთა დაკავებული პოზიციების ხელახალი ოკუპაცია იქნება. 

„უკრაინელები ამ მიმართულებაზე ძალიან აუჩქარებლად და დინამიურად მუშაობენ. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინელებს შეუძლიათ სწრაფი წინსვლა, მაგრამ ძალიან გაზრდილი დანაკარგებითო, ეს კი უკრაინის მიზანი არ არის. ზელენსკის პოზიცია რაციონალურია. თუკი რუსეთს კონცეპტუალურ დონეზეც კი აქვს მზაობა ცოცხალი ძალა დიდი რაოდენობით შესწიროს, თუნდაც კლიშჩიივკას ან იგივე ზაპორიჟიას მიმართულებას, უკრაინა საკუთარ კარგად გაწვრთნილ სამხედრო ძალას უფრთხილდება.

კლიშჩიივკას უკრაინელთა მიერ დაკავება ძალიან დიდი დარტყმა იქნება ბახმუტის სამხრეთით მდებარე რუსული პოზიციებისათვის“,-ამბობს კობერიძე.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×