ნაზი ბერიძე
16.09.2023

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში 21 სექტემბერს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა. „ნიუ-იორკიდან პრეზიდენტი ბაიდენი შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდება, რათა ხუთშაბათს თეთრ სახლში პრეზიდენტი ზელენსკი მიიღოს. ეს მათი მესამე შეხვედრა იქნება. ის, რა თქმა უნდა, კრიტიკულ დროს შედგება, ვინაიდან უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომისთვის რუსეთი სასოწარკვეთილად ეძებს დახმარებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა",-განაცხადა სალივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალ კვირას აშშ-მა შესაძლოა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადოს. ბოლოს შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს ივლისის დასაწყისში ვილნიუსში ნატოს სამიტზე შეხვდნენ, მანამდე კი, მაისში-იაპონიის „დიდი შვიდეულის" ჯგუფის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ზელენსკის ვიზიტის მთავარ მიზანს აჟღერებს - ეს არის იარაღის გადაცემის საკითხი უკრაინისთვის.

„რაც შეეხება ბაიდენთან საუბრის თემას, ეს არის არამარტო ჩრდილოეთ კორეის თემა, არამედ, ამერიკული „ატაკამსის" და F-16-ბის გადაცემის პერსპექტივები. მეორე საკითხია ამერიკა-უკრაინის ურთიერთობის გაღრმავება ეკონომიკური თვალსაზრისით. აშშ-მ დანიშნა უკრაინის ეკონომიკური განვითარების სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც იზრუნებს მოიზიდოს ინვესტიციები უკრაინის ეკონომიკური აღმავლობისათვის" -განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია თვლის, რომ ზელენსკის ვიზიტი აშშ-ში ძირითადად ემსახურება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხს. მათ შორის ტრადიციული განხილვის თემები იქნება უკრაინის ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია.

„შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი ძირითადი მიზანია დაარწმუნოს დასავლეთი და მათ შორის შეერთებული შტატები, რომ გადმოეცეს უკრაინას სხვა ტიპის იარაღი, რომელზეც ჯერჯერობით თავს იკავებენ და რაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.

„ასევე, უკრაინას სჭირდება ეკონომიკური და ფინანსური დახმარება, იმიტომ, რომ თითოეული დღე უჯდება მილიონობით დოლარი. ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, როგორიცაა ორმხრივი ურთიერთობა - ალბათ ისაუბრებენ, არჩევნების თემაზე, როგორც უკრაინაში, ასევე შეერთებულ შტატებში, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ომზე, ასევე უკრაინის ნატოში დაახლოების პროცესი და ევროკავშირში გაწევრიანების თემა" - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ზელენსკის ვიზიტი აშშ-უკრაინის ურთერთობის გაღრმავების მიზნით ხორციელდება.

„აშშ არის უმთავრესი სახელმწიფო უკრაინის დახმარების კონსოლიდაციაში და აქედან გამომდინარე, ორი ქვეყნის ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აშშ ახლა ამზადებს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის ახალ პაკეტს უკრაინისათვის, რომელსაც, სავარაუდოდ, სწორედ ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში გადასცემს" - განაცხადა „რეზონანსათან" თენგიზ ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×