ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი რუსეთში 4-დღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს შეხვდება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ამისა ვან ი მოლაპარაკებას გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განხილვის თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება.
დასავლური მედია წერს, რომ ვან ი-ს ვიზიტი, სავარაუდოდ, საფუძველს ჩაუყრის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტს, რომელიც, პეკინში, შესაძლოა, ოქტომბერში, „ერთი სარტყელი, ერთი გზის" მესამე ფორუმზე დასაწრებად ჩავიდეს.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი შეხვედრას აფასებს, როგორც ჩინეთის, როგორც წამყვანი სახელმწიფოს როლის დემონსტრირებას მსოფლიო გეოპოლიტიკურ სივრცეში.
„ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ ხვდება, მანამდე, გუშინ შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს მალტაზე და ლაპარაკი იყო სი ძინფინისა და ბაიდენის შეხვედრაზე. ჩინეთი დაინტერესებულია ჰქონდეს თავისი როლი მსოფლიოში - ჯერ ამერიკელებს შეხვდა და უკვე ხვდება რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრს. ჯერ დაალაგა ურთიერთობა აშშ-თან და აქედან გამომდინარე უკვე საუბრობს რუსეთთან.
„ჩინეთის ინტერესებშია, რომ იყოს წამყვანი სახელმწიფო ომის დასარულებლად. რუსეთი ამ ომის ინიციატორია. ამიტომ ჩინეთმა მოიპოვა რა ინფორმაცია შტატებიდან, უფრო თამამად დაელაპარაკება რუსეთს. მგონი, რომ ეს ერთ-ერთი მცდელობა იქნება უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად" - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია: „განხილვის თემა შეიძლება იყოს ჩინეთის „ერთი სარტყელი" და ისეთი პროექტების ლობირება რომელიც ანტირუსულ ელემენტებს შეიცავს. მაგალითად, შუალედური კორიდორი ეწინააღმდეგება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს. ჩინეთს შეუძლია მოახდინოს გავლენა ომის დასრულებაზე ამერიკასთან ერთად", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.
ჯიპას ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე თვლის, რომ რუსეთი ჩინეთში მოკავშირეს ეძებს, თუმცა, ჩინეთსაც საკუთარი სახელმწიფო ინტერესები აქვს რუსეთთან დაკავშირებით: „რუსეთი ჩინეთში ეძებს მოკავშირეს, მაშინ როდესაც მასზე იზრდება სანქციების წნეხი. ჩინეთი აქედან ცდილობს მაქსიმალური სარგებლის მიღებას, იმიტომ, რომ ჩინეთს ყველანაირად აწყობს რუსეთის დასუსტება. შესაბამისად, ჩვეულებრივი დიპლომატიური ვაჭრობა არის, რომ იმ მცირე დახმარებისთვის რაც შეიძლება ჩინეთმა გაუწიოს რუსეთს, მაქსიმალურად ძვირი ფასი გადაახდევინოს.
„რა არის ეს ფასი? მაგალითისთვის გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ ჩინეთმა ახალი რუკები დაბეჭდა, სადაც რუსეთის ტერიტორიის ნაწილი ჩინეთის შემადგენლობაშია. შეიძლება ეს ასევე იყოს ძალიან მაღალი პროცენტით კრედიტები. ეს არის პოლიტიკური ლოიალობა, ფინანსური დამოკიდებულება, უკეთესი პირობები ჩინური კამპანიებისთვის რუსეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებში შესასვლელად და ბევრი სხვა რამ. ჩინეთი ბოლომდე გამოიყენებს დასუსტებადი რუსეთის მდგომარეობას.
„არა მგონია რომ ჩინეთი ახლა უკრაინის ომის დასრულებისთვის იღწვოდეს, ომი ასუსტებს რუსეთს და რაც უფრო მეტად დასუსტდება რუსეთი, ჩინეთისთვის უფრო მისაღებია. მისთვის, მისაღებია ის წინააღმდეგობა რაც დღეს დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებობს", - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.