ელზა პაპოშვილი
19.09.2023

ფრონტის ხაზზე უკრაინელები კვლავ აქტიურად უტევენ და მათი წინსვლაც შესამჩნევია. ბახმუტის სამხრეთით მდებარე ანდრეევკასა და კლეშჩეევკაზე გამართული ბრძოლების შედეგად რუსეთის თავდაცვის ხაზი დაირღვა და 3 რუსული სამხედრო დანაყოფი დამარცხდა. რუსები ახორციელებენ  კონტრშეტევებს სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა წარუმატებლად ცდილობენ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. გარდა ამისა, უკრაინელების თქმით, რუსებმა ბრძოლაში ყველა არსებული რეზერვი ჩართეს.   

ამის პარალლეურად კი რუსები უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას აგრძელებენ. გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 30 დრონითა და 1 "ისკანდერის" ტიპის რაკეტით შეუტია. როგორც უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, მათ 27 "დრონი და ერთი სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს.

"საბრძოლო სამუშაოების შედეგად სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში სათვალთვალო მარშრუტზე საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 27 დრონი." ასევე, აღმოსავლეთის მიმართულებით განადგურდა ოპერატიულ-ტაქტიკური დონის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი", - წერს უკრაინული მედია.

საჰაერო ძალები ასევე განმარტავენ, რომ რუსეთმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვა, ბალისტიკური რაკეტა კი დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან კრივოი როგის მიმართულებით. 

უკრაინსკაია პრავდას ცნობით, უკრაინის ქალაქ ლვოვზე რუსეთის დრონების თავდასხმის შედეგად 300 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი დაიწვა.

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ლვოვში იმ სამრეწველო საწარმოს დაარტყეს, სადაც ჰუმანიტარული დახმარების საწყობი იყო. იქ ინახებოდა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის საკვები, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები და გენერატორები.

მიყენებული ზარალი ბოლომდე შეფასებული არ არის. ამ წუთებში ადგილზე სპეცსამსახურები მუშაობენ.   

უკრაინის ქალაქ ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი ამბობს, რომ რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილი კაცის ცხედარი იპოვეს. მისი თქმით, კაცი საწყობის თანამშრომელი იყო. ლვოვში სამი საწყობი განადგურდა, შენობებში იყო საყოფაცხოვრებო ქიმიკატები, ასევე, საქველმოქმედო მისია ინახავდა ჰუმანიტარულ დახმარებას.

თავდასხმის შემდეგ ხანძარი დაახლოებით 10 000 კვადრატულ მეტრზე გაჩნდა. მერმა თქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხანძარი და ზარალი იქნება "ასობით მილიონი".

"ქალაქ ლვოვზე მომხდარი საშინელი თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია უკვე სამი საათია მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს საწყობები, ჰუმანიტარული დახმარება, საკვები და ქიმიკატები ამ ადგილას", - თქვა მერმა.   

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი კი ამბობს, რომ რუსეთმა კუპიანსკი დაბომბეს. დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე.

"რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს ხარკოვის ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დღეს მტერმა მართვადი ბომბით დაარტყა ქალაქ კუპიანსკს. ამ თავდასხმას სამი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა", - დაწერა მან.

სინეგუბოვი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და ინფორმაცია ზუსტდება.   

"დრო მუშაობს პუტინის წინააღმდეგ", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, "რამშტეინის" ფორმატი რიგით მე-15 შეხვედრის გახსნისას.

ოსტინმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ პარტნიორები უკრაინის გვერდით იქნებიან მანამ, სანამ საჭირო იქნება.

"აბრამსის ტანკები მალე უკრაინის ბრძოლის ველზე იქნება. ჩვენ მჭიდროდ ვიმუშავებთ უკრაინელ პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ყველა დახმარება, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვუწევთ, იყოს გამოყენებული ეფექტურად და ისე, როგორც ეს უნდა იყოს. ჩვენ ვსაუბრობთ აბრამსის ტანკებზე, რომლებიც უკრაინის ბრძოლის ველზე უნდა იყოს“, - თქვა ოსტინმა.

რამშტეინის ფორმატში მიმდინარე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას უკრაინის თავდაცვის მინისტრის რანგში პირველად ესწრება რუსტემ უმეროვი, რომელმაც ამ თანამდებობაზე ოლექსი რეზნიკოვი შეცვალა. 

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და „ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან“  აცხადებს, რომ ბახმუტის სამხრეთით, ანდრიივკას გათავისუფლების შემდეგ კლიშჩიივკაც თავისუფალია. კლიშჩიივკას დაკარგვა ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთის ფლანგის კონტროლისათვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს - ის არამხოლოდ რკინიგზის ხაზზე მდებარეობს, არამედ ბახმუტისაკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ ცენტრალურ ფარს ქმნიდა. 

„მეტიც, უკრაინელებმა ბახმუტი-კლიშჩიივკას გზაზე რუსულ პოზიციაზე მიიტანეს საარტილერიო იერიში და იარაღის საწყობი და სამხედრო შეჯგუფება გაანადგურეს.

„ამასთან, ცნობილია, რომ რუსებმა ანდრიივკას შენარჩუნების მცდელობისათვის იმაზე დიდი ძალები დაკარგეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რუსი ოფიცრები აიძულებდნენ სამხედროებს ისეთი პოზიციების კონტროლს, რომლის შენარჩუნებაც მოცემულ პირობებში თითქმის შეუძლებელი. ერთი თვე ანდრიივკა რეალურ ხორცსაკეპად იქცა. ასეთი რამ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კლიშჩიივკასა და მის შემოგარენში. 

„უკრაინული პორტების ბლოკადა რუსეთს ძალიან უჭირს. ყოველდღიურად რუსულ სამხედრო-საპატრულო ხომალდებზე თავდასხმები ან თავდასხმის მცდელობები გრძელდება, რაც რუსულ ხომალდებს პორტებიდან გასვლას ურთულებს. ამ ფონზე უკრაინის პორტები სატვირთო ხომალდებისათვის ფაქტია რომ ჩაკეტილი ვერ და არ არის“,-ამბობს კობერიძე. 

მისივე თქმით, ლუგანსკის ოლქში, სვატოვესაკენ მიმავალ გზაზე მდებარე რაიჰოროდკას მიმართულებიდან რუსები შეტევაზე გადავიდნენ. იერიშის ჩავარდნის შემდეგ უკან, ისევ საკუთარი პოზიციებისაკენ გადაინაცვლეს, რასაც უკრაინელთა მხრიდან საპასუხო საარტილერიო დარტყმები მოჰყვა. ასეთი ჩავარდნილი შეტევებისას რუსეთს გამორჩეულად დიდი აქვს ხოლმე დანაკარგი. 

„შეტაკებები გრძელდება ასევე  სამხრეთში, ზაპორიჟიაში, ვერბოვესა და ნოვოპროკოპივკას მისადგომებთან. არიან ტყვეებიც. საველე პირობებში საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებით რთულია. შეზღუდულია ინფორმაციაც. რუსებს პოზიციების შენარჩუნება ძალიან უჭირთ. ამასთან, ირკვევა ისიც, რომ რუსები ახალ თავდაცვის ზღუდეს უშუალოდ ტოკმაკის სიახლოვეს ამაგრებენ. სავარაუდოდ, უჭირთ უკვე ჩამოშლაზე მყოფი პირველი ხაზის შენარჩუნება, რის გამოც ახორციელებენ მეორე ხაზის გამაგრებას“,-ამბობს კობერიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×