ელზა პაპოშვილი
26.10.2023

უკრაინაში კვლავ ინტენსიური ბრძოლებია. რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, რაკეტებითა და დრონებით შესაძლო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში ჩაირთო. საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, ყველა დრონი ჩამოგდებულია. ღამით, დაიბომბა ხმელენცკის ოლქი; რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის რეგიონზე - დაღუპულია 2 ადამიანი, დაზიანდა კერძო სახლი და ავტომობილები.

რუსულმა ძალებმა, ასევე სუმის ოლქის 3 დასახლება დაბომბეს, დაფიქსირდა 48 აფეთქება. უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე 400 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. 

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) განახლებაში კი ნათქვამია, რომ 23 ოქტომბერს, უკრაინელმა რეზერვის ოფიცერმა გამოაქვეყნა სატელიტური სურათები და დაადასტურა, რომ რუსმა სამხედროებმა 10-დან 20 ოქტომბრამდე ავდეევკას მახლობლად 109 სამხედრო ტექნიკა დაკარგეს.

რეზერვის ოფიცერმა აღნიშნა, რომ რუსული დანაკარგების უმეტესი ნაწილი იყო, ძირითადად, ჯავშანტექნიკა - როგორიცაა BMP-1 და BMP-2 და MT-LB; ტანკები T-72, T-64, T-80; ჯავშანტრანსპორტიორი; და სხვა მანქანები.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსული ტექნიკის დანაკარგებმა ავდეევკას რაიონში გადააჭარბა მათ დანაკარგებს 2022 წლის მაისში სევერსკის დონეცის წარუმატებელი გადაკვეთის დროს და სავარაუდოდ გადააჭარბებს დანაკარგებს უგლედარის მხარეში 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილამდე. დანაკარგის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს - დაახლოებით ათეული მანქანა არ შედის ზარალის სიაში სურათების შეუსაბამობის გამო.

[რეზერვის ოფიცერმა] აღნიშნა, რომ ორი დაუზუსტებელი დამოუკიდებელი წყაროს შეფასებით, რუსულმა ძალებმა ავდეევკას მახლობლად 200-მდე სამხედრო მანქანა დაკარგეს", - ნათქვამია განახლებაში. 

რუსმა სამხედრო ბლოგერემა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევა განახორციელეს და ბერდიჩიდან (ავდიივკას ჩრდილო-დასავლეთით 10 კმ) რუსული ძალები განდევნეს.

25 ოქტომბერს რუსეთის ჯარებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს ავდეევკას რაიონში.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა წარუმატებლად შეუტიეს 25 ოქტომბერს მარინკას (დონეცკის უშუალოდ სამხრეთ-დასავლეთით), პობიედას (დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით 5 კმ) და ნოვომიხაილივკას (დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით 10 კმ) მახლობლად.

უკრაინულ ძალებს 25 ოქტომბერს დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით არცერთი დადასტურებული თავდასხმა არ განუხორციელებიათ. უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ 25 ოქტომბერს რუსულმა ძალები წარუმატებლად დაესხნენ თავს ვოდიანის მახლობლად (ვუჰლედარის ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 კმ).   

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი და „ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ ავდიივკაზე ერთთვიანი იერიშის შემდეგ რუსებმა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ინდუსტრიულ საყრელამდე მიაღწიეს. რუსული საარმიო ნაწილები გამოჩნდნენ რკინიგზის ხაზთანაც. მისი თქმით, პრაქტიკულად ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ტალღოვანი შეტევა ვითარდება ბოლო სამი დღეა.

„მიუხედავად ასეთი დაწოლისა უკრაინელები ყველა საკვანძო პოზიციას ინარჩუნებენ. მაგრამ რკინიგზის არტერია საკმაოდ მაღალმნიშვნელოვანია. სწორედ ასეთი აქტიური დაწოლის ფონზე რუსებს ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ძალიან დიდი დანაკარგი აქვთ. ტალღოვანი შეტევა კი სულ ვერ გაგრძელდება. რეალურად რუსეთი ჩქარობს ავდიივკას აღებას. როგორც ჩანს წლის ბოლომდე სურს ამის მიღწევა. 

ამის პარალლეურად კი უკრაინელები აქტიურად ბომბავენ ყირიმს. პრაქტიკულად სამხრეთის მომარაგების არტერია უკრაინული დარტყმების ძირითადი სამიზნეა. ზოგადად, სამხრეთში გააქტიურებულია უკრაინული არტილერია - იყენებენ ATACMS ბალისტიკურ რაკეტებსაც. 

უკრაინელები ასევე  აგრძელებენ ზაპორიჟიას ოლქში იერიშებს უშუალოდ ვერბოვესა და ნოვოპროკოპივკას მიმართულებით. იმ ფონზე, რომ რუსებმა მთავარ სამიზნედ ავდიივკა დაისახეს და დიდი რაოდენობით რეზერვსაც მოუყარეს თავი. უკრაინელები იმედოვნებენ, რომ ზაპორიჟიაში გარღვევას შეძლებენ“,-ამბობს კობერიძე.  

მისივე თქმით, ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით დონეცკის ოლქში ავდიივკაზე იერიშში ჩაბმული რუსული დანაყოფების განეიტრალების ფონზე რუსული დანაკარგები 90%-თაა გაზრდილი. ეს კი დიდი ციფრია. 

„მიუხედავად ამისა, რუსული ქვეითი ნაწილები მაინც ცდილობენ ფლანგურ გადაადგილებას. უკრაინელები ხუმრობენ, როდესაც კრემლში შეცდომას უშვებენ გთხოვთ ნუ შეაწყვეტინებთ მათო. ამასთან, ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსების დანაკარგი 150-190 ათასს შორის მერყეობს. საუბარია მოკლულებსა და საბრძოლო მოქმედებებიდან პერმანენტულად გამოთიშულ დაჭრილ სამხედროებზე. თუკი მათ დაშავებულთა რაოდენობასაც მივუმატებთ (რომლებიც ფრონტზე დაბრუნებას ახერხებენ ან უკვე მოახერხეს) მაშინ ეს რიცხვი 290 ათასამდე შეიძლება გაიზარდოს“,-ამბობს კობერიძე.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×