თამთა ჩაჩანიძე
30.10.2023

სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა თბილისში ვიზიტისას „მშვიდობის ფორმულა" წამოაყენა, თავის განცხადებაში კვლავ ახსენა საქართველო. ფაშინიანი მიაჩნია, რომ ერევნისთვის მნიშვნელოვანია „საქართველოსა და ირანთან „ურთიერთობების მეგობრული, თანამშრომლობითი ხასიათის კიდევ უფრო გაღრმავება". კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სომხეთის მთავრობა ახლა გამოსავალს ეძებს, ცდილობს რეგიონსაც და მსოფლიოსაც დაანახოს, რომ მშვიდობა უნდა.

„სომხეთის მთავრობა გამოსავალს ეძებს და ვერ პოულობს, რთულ მდგომარეობაშია - „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო", საქართვლო მათ ნამდვილად ვერ გამოადგებათ. ესაა ფორმალური მომენტი და ამით აზერბაიჯანს და მსოფლიოს ატყობინებს, რომ ერევანი გამოსავალს ეძებს, მას მშვიდობა უნდა, რაშიც ფაშინიანს ვეთანხმები, მისი პოლიტიკა მომწონს თუ როგორ ცდილობს, ფრთხილი იყოს და სომხეთის სახელმწიფო ინტერესები მაქსიმალურად არ დააზიანოს.

„საქართველო ამ შემთხევაში მისი მხარდამჭერი ვერ იქნება, რადგან ყველაფრის ეშინია, საკუთარი ჩრდილისაც და მზის ამოსვლა-ჩასვლისაც. ამას ფაშინიანი ადრე თუ გვიან მიხვდება, ის ათასჯერ უფრო თამამი და პრინციპულია, ვიდრე „ქართული ოცნება". მიხვდება, რომ ამ პირობებში ამ გეგმის რეალიზაცია ვერ მოხდება, მაგრამ მეზობლები ვართ, კარგი ურთიერთობა უნდა და სხვა გზა არა აქვს.

„ფაშინიანის მშვიდობის ფორმულას არანაირი პერსპექტივა არა აქვს. კავკასიის მთელი ტრაგედია იმაშია, რომ საქართველო უფრო და უფრო ხდება რუსეთის ორბიტის ნაწილი. სომხეთი ევროპისკენ რომ ისწრაფვის, კარგია, თუმცა რუსეთზე ძალიან დამოკიდებულია. ამავე დროს ევროკავშირი აშკარად მხარს უჭერს საქართვლოს ევროპისკენ სწრაფვას, ჩვენზე საუბარია ნატოშიც, თუმცა სომხეთზე არაფერი არ თქმულა არც ევროკავშირიდან, არც ნატოდან. ამასთანავე, რუსეთი ძალიან აგრესიულია, სომხეთში კანონიერად რუსეთის სამხედრო ბაზაა, ქვეყნის მთელი ეკონომიკა რუსეთის ხელშია, აქ კი რუსული ბაზები უკანონოდაა.

„სომხეთის სწრაფვა ძალიან ეფემერულია, მისი პოლიტიკა ძალიან პრინციპული და მკაცრი უნდა იყოს. ახლა საინტერესოა სომხეთის არჩევნები როგორ ჩაივლის. რუსეთს იმედი აქვს, რომ ამის შედეგად ფაშინიანს გადააგდებს. ახლა ყველა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას ელოდება, როგორც კი ხელს მოაწერენ, ფაშინიანი არავის აღარ დასჭირდება, არც რუსეთს, არც აზერბაიჯანს და თურქეთს. ყველა მის გაშვებას მოინდომებს, ბაქოს და ანკარას მოუნდება, რომ სომხეთი რუსული იყოს და მოსკოვს გადაუგდონ როგორც ლუკმა. თუ ამას საქართველოც გადაჰყვება, არავინ არ იდარდებს.

„სომხეთის პერსპექტივები ჯერჯერობით ბუნდოვანი და ჩამოუყალიბებელია, ფაშინიანს და მის გუნდს ეს ესმის. თუ ფაშინანმა არჩევნებში მდგომარეობა შეინარჩუნა, მაშინ შესაძლოა პროევროპული პოლიტიკა დაიწყოს, მანამდე ვიდრე შეთანხმებებს ხელი არ მოეწერება და ამ შეთანხმების მიმართ სომხეთში განწყობები არ გამოირკვევა, მისი მდგომარეობა მყიფეა. როგორც კი ხელს მოაწერს და არჩევნებში გაიმარჯვებს, მერე უკვე შეუძლია პროევროპული პროექტის განხორციელება დაიწყოს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშილმა „რეზონანსთან".

პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის მთავრობა გეგმავს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას და თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას.

„აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია ჩვენს გეგმებშია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ამ გეგმის წინსვლა სომხეთის სახელმწიფო ინტერესებში შედის", - განუცხადა ფაშინიანმა პარლამენტის წევრებს.

მისი თქმით, სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთი ინსტრუმენტი მსოფლიო წესრიგის ნგრევის პირობებში არის სამშობლოს გაიგივება სახელმწიფოსთან, მის ტერიტორიასთან, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან.

„ამ აღქმიდან გამომდინარე საკვანძო, პრაქტიკული საკითხი, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, არის სახელმწიფოს გეოგრაფიული მდებარეობის გაცნობიერება და აღმოსავლეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის შესახებ გლობალური დისკუსიის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვმდებარეობთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გვყავს ოთხი მეზობელი და ყველა ძირითადი საფრთხე და შესაძლებლობა, რაც შეიძლება გვქონდეს, მათთან ურთიერთობაში იმალება. ამ კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების მეგობრული, თანამშრომლობითი ხასიათის კიდევ უფრო გაღრმავება", - განაცხადა ფაშინიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×