თამთა ჩაჩანიძე
31.10.2023

ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაციის მასშტაბები გაზარდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ დაიწყო ომის მესამე ეტაპი. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ებრაულმა ჯავშანტექნიკამ ქალაქ ღაზასთან მიაღწია. გადაკეტილია მთავარი მაგისტრალიც, რომელიც ანკლავის ჩრდილოეთ სამხრეთ ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებს. ისრაელის თავდაცვის არმიის („ცახალი") ოფიციალური „ტელეგრამ" არხი წერს, რომ ღაზის სექტორის სიღრმეში გააფთრებული ბრძოლები მიდის.

ამის პარალელურად ისრაელი „ჰამასის" წინააღმდეგ საჰაერო იერეშს ახორციელებს, სამიზნე იარაღის საწყობები, სამალავები და ტანკსაწინააღმდეგო პოზიციებია. მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის ფონზე მოხერხდა პირველი მძევალის გათავისუფლებაც, რომელიც 7 ოქტომბრიდან „ჰამასის" ტყვეობაში იყო.

სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით ისრაელმა აშშ-ის რჩევა გაითვალისწინა და სრული მასშტაბით არ ახორციელებს ღაზაში სახმელეთო ოპერაციას. მათი შეფასებით, ისრაელის ტაქტიკა ნელ და ორგანიზებულ წინსვლაზეა ორიენტირებული და არა ტერიტორიის სწრაფად დაკავებაზე, თუმცა პოლიტიკურად ეს არცთუ მომგებიანია.

რაც შეეხება მოვლენების პოლიტიკურ მხარეს, ისრაელს გაცხადებული აქვს, რომ მისი მიზანი „ჰამასის" ბოლომდე განადგურებაა. თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მიზნის მიღწევა ისრაელისათვის საფრთხეებს არაბული სამყაროს მხრიდან არ შეამცირებს და პირიქით, შესაძლოა გარკვეულწილად გაზარდოს კიდეც. თუმცა, მეორეს მხრივ, ახლა ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა შეცდომა იქნება. შესაბამისად, პოლიტიკური თვარსაზრისით მდგომარეობა უკიდურესად რთულია და ოქროს შუალედის მოძებნას მოითხოვს.

ბოლო ცნობები ფრონტიდან

სამშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, პირველი ეტაპი მოიცავდა ტერორისტთა თავდასხმის შეჩერებას, მეორე - საპასუხო საჰაერო იერიშებს ღაზაზე, ხოლო მესამე ეტაპი კი სახმელეთო ოპერაციის გაფართოებას.

„ბლოკირების საწყისი ეტაპი დასრულებულია. მეორე ეტაპი არის ჰაერიდან შეტევების მუდმივი გაგრძელება. მესამე ეტაპი არის ღაზას სექტორში სახმელეთო შეღწევის გაფართოება. ისრაელის თავდაცვის ძალები ამას ზომიერად, ძალიან ძლიერად აკეთებს. ნაბიჯ-ნაბიჯ, სისტემატიურად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნეთანიაჰუმ მან კვლავ მიმართა ლიბანურ შიიტთა დაჯგუფება „ჰეზბოლას" და გააფრთხილა, რომ ისრაელი მუშაობს ჩრდილოეთ საზღვრის გაძლიერებაზე და რომ თუ დაჯგუფება ომში ჩართვას გადაწყვეტს, „დაუშვებს ცხოვრების დიდ შეცდომას". პრემიერის თქმით, ასეთ შემთხვევაში, „ჰეზბოლა" მიიღებს ისეთ პასუხს ისრაელისგან, რომელსაც „ვერც კი წარმოიდგენენ". მისივე შეფასებით თუ „ჰამასი" არ დამარცხდება, „ბოროტების ღერძი გაიმარჯვებს".

უშუალოდ ღაზაში მიმდინარე მოვლენებზე კი ინფორმაცია საკმაოდ მწირი და ფრაგმენტულია. გავრცელებული ცნობებით, ისრაელის ტანკები უკვე ქალაქ ღაზასთან არიან, ისრაელის ჯავშანტექნიკამ ქალაქ ღაზის გარეუბნამდე მიაღწია და მთავარი მაგისტრალი სალაჰ ალ-დინის გზა გადაკეტა, ის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილს აკავშირებს ერთმანეთთან.

„ცახალი" აცხადებს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ღაზის ჩრდილოეთით „ჰამასის" ათობით მებრძოლი გაანადგურა, მათ შორის არიან ტერორისტული დაჯგუფების: სამხედრო საზღვაო ძალებისა და ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფის მეთაურები. ისრაელის არმიოს მიერ ასევე განადგურებულია იარაღის საწყობები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების დისლოკაციის წერტილები და დაახლოებით 4 კმ-ით წინ წაიწია.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კიდევ 80 სატვირთო მანქანა ღაზაში შესვლას შეძლებს. ამასთან, მათვე განაცხადეს, რომ დღეის მონაცემებით ღაზაში 240 მძევალია.

ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰამასის" ერთ-ერთი მეთაური, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათი ცნობით, „ჰამასის" ბეით ლახიას ბატალიონის მეთაური ნისამ აბუ აჯინა, 7 ოქტომბერს კიბუც ერეზზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი.

„აბუ აჯინას ლიკვიდაცია მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს „ჰამასის" მცდელობებს, რომ ჩაშალოს ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაცია", - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

გარდა ამისა, სამშაბათს საღამოს „ცახალის" „ტელეგრამ" არხმა მოკლე ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ ისრაელის არმია მოძრაობა „ჰამასთან" გააფთრებულ ბრძოლას აწარმოებს ღაზის სექტორის „სიღრმეში".

სამხრეთ ისრაელში კი 31 ოქტომბერს განგაში გამოცხადდა და ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა წითელი ზღვის თავზე „საჰაერო სამიზნე" ჩამოაგდეს. განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობას იემენში მოქმედი ჰუსიტების დაჯგუფება იღებს, ისრაელის ხელისუფლება კი შესაძლო საპასუხო ზომებზე მსჯელობს.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსმა" დაწერა, ისრაელმა აშშ-ს რჩევა გაითვალისწინა და ღაზაში ფართომასშტაბიან შესვლაზე უარი თქვა სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში და შედარებით შეზღუდული ოპერაციებით შემოიფარგლება.

ნელი და ორგანიზებული შეტევა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ისრაელი მცირემასშტაბიანი სახმელეთო რეიდებით ცდილობს მიზნის მიღწევას და პარალელურად საჰაერო შეტევებსაც ახორციელებს „ჰამასის" წინააღმდეგ.

„ისრაელის არმია ცდილობს, რომ მცირემასშტაბიანი რეიდებითა და სამხედრო ძალის დემონსტრირებით, „ჰამასი" აიძულონ, რომ მძევლები გაათავისუფლონ, ახლა ესაა მთავარი. ეს რეიდები ძირითადად ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ახორციელებენ. იქიდან ინფორმაციის გავრცელება შეზღუდულია, როგორც ვიცი, იქ ჟურნალისტებს არ უშვებენ.

„ღაზაში ძირითადად მოიერიშე მექანიზირებული ნაწილები შედიან, წერტილოვან დარტყმებს აყენებენ სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, პლიუს ჰაერიც მუშაობს, პლიუს სპეცდანიშნულების რაზმებიც მუშაობენ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე კი აღნიშნავს, რომ ისრაელის ტაქტიკა ნელ და ორგანიზებულ წინსვლაზეა ორიენტირებული და არა ტერიტორიის სწრაფად დაკავებაზე.

„ისრაელის სამხედრო ტექნიკა (ღაზის) სექტორის მთავარი გზის სიახლოვეს იქნა შემჩნეული, ქალაქ ღაზას სამხრეთით. „ჰამასის" განცხადებით, ისინი ებრაულ იერიშს წინააღმდეგობას უწევენ. როგორც ჩანს, ებრაული დანაყოფები ძალიან ნელა მიიწევენ წინ და ქალაქი ღაზას სამხრეთიდან გზის გაჭრას შეეცდებიან. მაგრამ იმ ფონზე, რომ ებრაული საარტილერიო დარტყმები გრძელდება, სახმელეთო იერიში სიღრმეში ჯერ კიდევ არ განვითარებულა. ამასთან, ებრაულმა სამხედროებმა სრულად გაწმინდეს ერეზის გამშვები პუნქტი სექტორის ჩრდილოეთით.

„ებრაული ტაქტიკა ნელ და ორგანიზებულ წინავლაზეა ორიენტირებული და არა სწრაფ დაკავებაზე. თუმცა, პოლიტიკურად ეს არცთუ მომგებიანია. ნეთანიაჰუს მთავრობას ისრაელის შიგნით ზოგი ნელი მოქმედებისათვის აკრიტიკებს, ხოლო ქვეყნის გარეთ - საავიაციო დსრტყმებისა და სექტორში შესვლისათვის", - წერს კობერიძე „ფეისბუქზე".

რა მიზანი აქვს ისრაელს

დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელში შემუშავებულია გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ღაზის სექტორიდან 2.3 მლნ ადამიანის გადასახლებას ეგვიპტის კუთვნილ სინაის ნახევარკუნძულზე. ამის შესახებ „ასოშეიტედ პრესი" წერს. მათი ცნობით, ეს გეგმა ისრაელის დაზვერვამ „ჰამასთან" ომის დაწყებიდან ერთ კვირაში მოამზადა, როგორც „ჰამასისი" დანაშაულთან დაკავშირებით ღაზის სექტორის სამოქალაქო რეალობაში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ცვლილებების ცვლილებების" ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი, თუმცა პრემიერი ნეთანიაჰუ ამ გეგმას ჯერჯერობით არ ეთანხმება.

გარდა ამისა, ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა მადბულიმ განაცხადა, რომ ოფიციალური ქაირო ღაზის სექტორიდან გადაადგილებული პალესტინელი ლტოლვილების სინაის ნახევარკუნძულზე მასობრივ დასახლებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. მუსტაფა მადბულის განცხადებით, არცერთი რეგიონული კონფლიქტი არ უნდა გადაიჭრას ეგვიპტის ხარჯზე.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ისრაელს გაცხადებული მიზანი აქვს „ჰამასის" ბოლომდე განადგურება, თუმცა მიზნის მიღწევის შემდეგ საფრთხე უფრო გაიზრდება არაბული სამყაროს მხრიდან, ამიტომაც პოლიტიკური გამოსავალი და ოქროს შუალედია მოსაძებნი.

„ეს კითხვა მსოფლიოში ყველას აწუხებს. ისრაელს აბსოლუტურად გაცხადებული მიზანი აქვს, რომ მან ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი" უნდა გაანადგუროს. მიზანი გასაგები, მისაღები და ასასრულებელია, მაგრამ, რაც პალესტინაში და ღაზას სექტორში ხდება, ეს მხოლოდ „ჰამასის" წინააღმდეგ მიმართული შეტევა არაა. აშკარად ჩანს, რომ ისრაელს სურს ღაზის სექტორი აღგავოს პირისაგან მიწისა. თუმცაღა შედეგი ის იქნება, რომ ათი წლის შემდეგ კიდევ უარესი რეაქცია იქნება.

„რაც ახლა ხდება, ეს 1948 წლიდან მოდის და რეგულარულად, 10 წელიწადში ერთხელ უფრო და უფრო სისხლიანი და საშინელი დაპირისპირებაა. 1948 წელს გაერომ რეზოლუცია მიიღო, რომ ორი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო. ერთი შეიქმნა, მეორე - არა. არაბულ სამყაროს ისრაელის შექმნა არ უნდოდა და შეუტია. ისრაელმა ყველა შეტევა მოიგერია, მაგრამ პალესტინა, როგორც არაბული სახელმწიფო, არ შექმნილა. მეტიც, პალესტინელები, რომლებიც ამას ელოდებიან, ისინი დევნილობაში არიან. ამასთან მრავლდებიან და უფრო და უფრო ბევრნი არიან. სხვადასხვა არაბულ სახელმწიფოებში მოსახლეობის 20% მაინც მოიძებნება, რომლებიც მოინდომებენ პალესტინისთვის მუდმივ „ზრუნვას" ტერორისტული ფორმებით, ეს კი შესაძლოა საუკუნეები გაგრძელდეს.

„დღეს შესაძლოა ისრაელმა ღაზის სექტორის ისე გაანადგუროს, რომ იქ ადამიანებმა ვერასდროს ვეღარ იცხოვრონ, მაგრამ ათი წლის შემდეგ უარეს აგრესიას მიიღებს. მგონია, რომ ახლა „ჰამასი" ცალსახად უნდა დასრულდეს, მაგრამ აქ წერტილი კი არა, მძიმე უნდა დაისვას და უნდა ითქვას, თუ როგორ უნდა იცხოვრონ მომავალში, იქნება თუ არა პალესტინის სახელმწიფო და რა ფორმით.

„ის ბავშვები, რომლებიც ღაზას სექტორიში არიან, ამას იმახსოვრებენ. ზოგი ობლად რჩება და 10-15 წლის შემდეგ ამ ახალგაზრდებით ისრაელის წინააღმდეგ ახალი არმია იქმნება. ისრაელმა ეს კარგად უნდა გაითავისოს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, ახლა ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა „ჰამასის" გამარჯვებას ნიშნავს და არ უნდა შეწყდეს, თუმცა გასათვალისწინებელია პალესტინელი ხალხი.

„გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში, რომელზეც კენჭისყრის დროსაც საქართველომ თავი შეიკავა, ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებაა და მიმაჩნია, რომ დღეს ცეცხლის შეწყვეტა „ჰამასის" გამარჯვებას ნიშნავს. ახლა ისრაელმა საომარი მოქმედებები სწორედაც „ჰამასის" წინააღმდეგ უნდა განახორციელოს და არა პალესტინელების, მაშინ ისინი ისრაელს გაუგებენ. მაგრამ თუ ყველა ერთ ქვაბში მოხარშა, ეს ძალიან ღრმად დაილექება არაბ ახალგაზრდებში.

„შესაძლოა ისრაელის წინააღმდეგ რომელიმე არაბულმა სახელმწიფომ არ გაილაშქროს - ეგვიპტემ, საუდის არაბეთმა, იორდანიამ და ა.შ. - მაგრამ ამ სახელწიფოებში არის ხალხი, ვინც ქვედა დონეზე ერთიანდება და ტერორისტულ ორგანიზაციებს ქმნიან. რაღაც ჯგუფი ყოველთვის იქნება, ვინც ისრაელის წინააღმდეგ იბრძოლებს.

„ახლა ოქროს შუალედი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაა. ეს მასშტაბური საკითხია და აქ უკვე იერუსალიმის საკითხი შემოდის. 1948 წელს იერუსალიმი აღიარებული იყო, როგორც საერთაშორისო ქალაქი და არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნოდა. ახლა ისრაელის დედაქალაქია, არაბები კი მის დათმობას არ აპირებენ. აქ ძალიან სერიოზული მუშაობაა საჭირო.

„თუ ისრაელი მიზანს მიაღწევს, ამით საფრთხეები არ მოგვარდება. თუ ლოგიკას მივყვებით, მაშინ პალესტინელები ათი-ოცი წლის შემდეგ კიდევ უფრო რადიკალები იქნებიან. ისრაელს აქვს ამის რესურსი, რომ მზარდ რადიკალიზმს გაუსწორდეს? გამოსავალი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×