ნაზი ბერიძე
01.11.2023

გლობალური კონტექსტიდან გამომდინარე შესაძლებელია თუ არა ევროკავშირმა გაფართოების პროცესი უფრო მობილური და მოქნილი გახადოს და წევრების მიღება დააჩქაროს - ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები ფიქსირდება. თუმცა, ფაქტია, რომ ამ მხრივ გარკვეული მოძრაობები შეინიშნება.

ევროკავშირი მთელ ევროპულ კონტინენტზე უნდა გაფართოვდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „დღეს ევროკავშირს 30 წელი შეუსრულდა. 1993 წლის 1-ელ ნოემბერს ძალაში შევიდა მაასტრიხტის დამფუძნებელი ხელშეკრულება, რომელმაც მრავალი თაობის იმედები გაამართლა, მშვიდობიანი და ერთიანი ევროპის შესახებ", - წერს ზელენსკი „ტვიტერის" გვერდზე.

„ევროპას სჭირდება, რომ მთელ კონტინენტზე გაფართოვდეს, ყოველგვარი ნაცრისფერი ზონების გარეშე. ჩვენს პოლიტიკურ თაობას ამის უზრუნველყოფა შეუძლია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთ განსაკუთრებულ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ფონდ ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე, ვარაუდობს რომ ევროკავშირი აუცილებლად გაფართოვდება როცა შესრულდება კოპენაგენის კრიტერიუმები.

„ევროკავშირში არის განწყობა რომ გაფართოვდეს და ახალი წევრი ქვეყნები მიიღოს. ამ წუთის მდგომარეობა ისეთია, რომ გაფართოების სურვილი უფრო დიდია, ვიდრე იმისი, რომ არ გაფართოვდეს. თუმცა, გარკვეული პერიოდის წინ ევროკავშირში ძალიან ბევრი ფიქრობდა, რომ არ უნდა გაფართოებულიყო

„ვისაც ევროპული პერსპექტივა აქვს მინიჭებული მოცემულ მომენტში, ის მომავალში აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი - ეს თავად ევროკავშირმა აღიარა. „უპირველესად, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში გაფართოვდება ევროკავშირი" - განაცხადა „რეზონანსთან" ვანო ჩხიკვაძემ.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან"საუბარში ამბობს, რომ გაფართოების თაობაზე დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს და მთავარია როგორ და რა ხარისხით განხორციელდება რეფორმები ცალკეულ სახელმწიფოებში.

„ამის შანსი არსებობს, მაგრამ რამდენად სწრაფად, ეს სადაოა. მაგრამ, ფაქტია, თუ გადავავლებთ თვალს ბოლოდროინდელ მოვლენებს ევროკავშირში, სხვადასხვა ჯგუფები ჩამოყალიბდა რომლებიც 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოებაზე მუშაობენ და მუშავდება სხვადასხვა კონცეპტუალური დოკუმენტები.

„ასევე, უკვე ფიქრობენ რომელი ქვეყნები მოხვდებიან გაფართოების ტალღაში, როგორი იქნება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. ასევე, საუბარია რეფორმაზე ევროკავშირის შიგნით. ეს ყოველივე მიუთითებს, რომ მზადება არსებობს, მაგრამ დროში რამდენ ხანს იქნება ეს გაწელილი, არ ვიცი.

„ჩქარობს ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობა, რომ ეს მომენტი, რომელიც არის უკრაინის ომის შედეგად, კარგად იქნას გამოყენებული და დროზე მიიღონ გადაწყვეტილებები. მერე ჩვენ არ ვიცით როგორ შეიცვლება აზრი თვითონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებში, მოსახლეობაში და პოლიტიკურ პარტიებში.

„ბევრია დამოკიდებული ქვეყნები როგორ გაუძლებენ ამ რეფორმების ტემპს და რა მდგომარეობა იქნება ამ ქვეყნებში ამ მიმართულებით" - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ჯიპას პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან"დაბეჯითებით აცხადებს, რომ ევროკავშირის სწრაფი გაფართოების შანსი არ არსებობს.

„სწრაფი გაფართოების შანსი არანაირად არ არსებობს, სწრაფი გაფართოების ერთადერთი გზა არის, რომ ქვეყანამ სწრაფად გაატაროს რეფორმები და მიაღწიოს ევროკავშირის სტანდარტებს. წევრობის სხვა გარანტია არ არსებობს

„სწრაფად იქნება ეს, თუ არასწრაფად, ეს დამოკიდებულია ყოველი კანდიდატი ქვეყნის მუშაობაზე. გლობალურმა პროვცესებმა გამოიწვია ის, რომ ევროკავშირი მზად არის გაფართოების ახალი ტალღისთვის. და მაშინ როცა ქვეყანასთან იწყება მოლაპარაკების პროცესი, ეს ნიშნავს მოდერნიზების პროცესს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით" -განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×