ელზა პაპოშვილი
01.11.2023

რუსეთის  არმია კვლავ უზარმაზარი დანაკარგების ფასად ცილობს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკა აიღოს. რუსეთის სარდლობა არ ზოგავს არც ცოცხალ ძალას, არც ჯავშანტექნიკას. უკრაინის ინფორმაციით, ავდიივკის შტურმს უკვე შეეწირა ექვსი ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე. მარტო ერთი დღის განმავლობაში, 19 ოქტომბერს, რუსეთის ჯარმა დაკარგა ჯავშანტექნიკის 50 ერთეული და რამდენიმე ასეული ჯარისკაცი.     

როგორც სამხედრო მიმომხილველები ამბობენ, იმის გამო, რომ უკრაინული კონტრშეტევა შენელებულია ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებით, რუსებმა მთელი ის რეზერვები, რომლებსაც ზაფხულის განმავლობაში აგროვებდნენ, გადაისროლეს პოლიტიკური მიზნის - ავდიივკის აღების - შესრულებაზე.  

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ რუსეთის არმია ახდენს დამატებითი ძალების გადასროლას ავდიივკის ფრონტზე. უკრაინის ჯარების ტავრიდის ჯგუფის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრ შტუპუნიც ამბობს, რომ რუსეთის სარდლობას რუსეთის ტერიტორიიდან პირდაპირ ავდიივკის მიმართულებაზე გადაჰყავს ცოცხალი ძალა, რათა შეავსოს დანაკარგები.  

რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია გაუძლოს საომარ მოქმედებებს და გაზარდოს ზეწოლა აქა-იქ ფრონტზე, მაგრამ სტრატეგიულად ვერ უძლებს ამ დაპირისპირებას, - ამის შესახებ კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.    

„ფხიზლად უნდა შევაფასოთ რუსული სისტემა. მათ მობილიზებული ჰყავდათ მთელი ძალები, რათა არ დაეკარგათ ის, რაც უკრაინაში მიიტაცეს, მაგრამ ამავე დროს დააბინძურეს თავიანთი ტერიტორია სიძულვილით და დეგრადაციის ისეთი დონით, რომ წელს მეორედ რუსეთი კარგავს კონტროლს მოვლენებზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ამ კონტექსტში გაიხსენა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხება და დაღესტანში ორი დღის წინ მომხდარი არეულობა.

„ვხედავთ, რომ მეამბოხეები მოსკოვისკენ მიემართებიან და მათ არავინ აჩერებს. ვხედავთ, რომ დაღესტანში ძალაუფლების ვერტიკალი ორთქლდება, რაც ნამდვილი დარბევა ხდება. ეს ყველაფერი იმის სიგნალია, რომ რუსეთს ახლა შეუძლია გააგრძელოს სამხედრო ოპერაციები და გაზარდოს ზეწოლა აქა-იქ ფრონტზე, მაგრამ არ შეუძლია, ამ დაპირისპირებას სტრატეგიულად გაუძლოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური და ძლიერი იარაღი ერთობაა.

„სტრატეგიულად, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ძლიერები, ერთიანები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუძლოთ, დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია და დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება მართლაც უფრო ძლიერია, ვიდრე სიძულვილი და აგრესია. ამისთვის საჭიროა ჩვენი ერთობა, ერთობა ჩვენს შორის, ერთობა მთელ ევროპაში, ერთიანობა ამერიკაში და ერთობა მთელ თავისუფალ სამყაროში. ერთობა ყველაზე ეფექტური, ზუსტი და შორი მოქმედების იარაღია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.    

ზელენსკის თქმითვე, ნოემბერი და დეკემბერი მნიშვნელოვანი უნდა იყოს უკრაინისთვის.

„უკვე ვემზადებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის, რომლებიც დაგეგმილია ნოემბრის პირველ კვირებში, ზოგადად, ეს ნოემბერი და დეკემბერი მნიშვნელოვანი უნდა იყოს უკრაინისთვის. ეს მოიცავს თავდაცვის ახალ პაკეტებს და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების განვითარებას. ასევე ვამზადებთ უკრაინაში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებს. პარტნიორებთან ჩვენი მუშაობის აქტივობა უცვლელი იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სასიხარულო სიახლეა, რომ მალტაში, მშვიდობის ფორმულის ფორმატში გამართული შეხვედრის შედეგად სამიტის თანათავმჯდომარეები საერთო განცხადებაზე შეთანხმდნენ.

„ეს არის სწორი სიგნალი - რაც არ უნდა მოხდეს მსოფლიოში, მთავარია ერთიანობა საერთაშორისო სამართლის რეალური ძალის გულისთვის, რადგან ეს არის ერთობა უკრაინისა და ყველა იმ ქვეყნისა და ხალხისთვის, რომლებიც შეიძლება აგრესიას დაექვემდებარონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მალტაში, უკრაინის მიერ შეთავაზებული მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით 28-29 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, ტყვეებისა და დეპორტირებულების გათავისუფლებაზე და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. შეხვედრაში 66 ქვეყანა მონაწილეობდა - მნიშვნელოვნად მეტი, ვიდრე საუდის არაბეთში გამართულ წინა შეხვედრაზე. მონაწილე ქვეყნების სია ჯერ არ გასაჯაროვებულა.      

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ ახლა რუსმა გენერლებმა ძალიან კარგად იციან, რომ ავდიივკას აღება ასეთი მარტივი არ იქნება, თუმცა, მათი ავდიივკაზე შეტევის მთავარი მიზანი  სულ სხვაა. ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსებმა დაინახეს ამ ტერიტორიაზე უკრაინული ჯარის მობილიზება და გაჩნდა საფრთხე, რომ შესაძლოა დარტყმა ქალაქ დონეცკზე მოხდეს. ავდეევკაზე შეტევით კი რუსები ამ შანსებს, ფიქრობენ, ამცირებენ. 

„რუსები ახლა ამ ხაზზე, მთელ რიგ გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებენ, რათა უკრაინელებმა ქალაქ დონეცკის მიმართულებაზე თავდაცვის ხაზი არ გაარღვიან. ეს პროცესი გაგრძელდება, მაგრამ არ ველი, რომ ავდიივკას აღებაა რუსების მთავარი მიზანი. აქ მათ თავიაანთი თავდაცვითი ხაზი გაამაგრეს და აქცენტები დონეცკის მიმართულებაზე გადმოიტანეს. 

„ამის მიზეზი კი ისაა, რომ ავდიევკის მიმართულებიდან უკრაინელებმა თავდაცვის ხაზის გარღვევა არ მოახდინონ. მთელი ამ დაპირისპირების მიზეზი ავდიივკაში ეს არის. მთელი ეს ომი იქნება ასეთი, რომ რუსები ხან ავდიევკაზე, ხან ბახმუტზე და ხან სხვა მიმართულებებზე, ამ ფორმით იბრძოლებენ. მათ არ ჰყავთ საკმარისი ძალები, ამიტომ ასეთ ცხელ წერტილებში მათი გადაყვანა მოუწევს. რომელ მიმართულებაზეც ჩათვლიან, რომ უკრაინელები საფრთხეს შემქნიან, აი იმ მიმართულებას გააძლიერებენ. ამ ომის განმავლობაში სულ ამ ფორმის დრამები იქნება“,-ამბობს ბერიძე. 

რაც შეეხება უკრაინის  კონტრშეტევას და ფრონტის ხაზის სხვა მიმართულებებს, ბერიძე ამბობს, რომ უკრაინა ცდილობს რაც შეიძლება მეტი და მეტი რეიდები განახორციელოს  მოწინააღმდეგის სიღრმეში.   

„ახლა აშკარად გამოიკვეთა, რომ ყირიმში განლაგებული ინფრასტრუქტურა არის არა მხოლოდ სამიზნე, არამედ მათ შორის უკრაინელებმა ახლად ჩამოსული „ატაკამსები“ გამოიყენეს,  რომელიც მეტი სიზუსტით გამოირჩევა. ამიტომ, ახალ წლამდე რასაც ვიხილავთ, იქნება ის, რომ უკრაინა შეეცდება, სამხრეთით ავდეევკა - ბახმუტის მიმართულებაზე მაღალი ინტესივობის ბრძოლა შესთავაზოს. იმავდროულად ყირიმში და სხვა გააგრძელოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე წერტილოვანი და ზუსტი დარტყმები. ზამთარში, როცა ამინდი გაუარესდება, სხვა რაიმე მკვეთრ ცვლილებებს არ ველოდები“, - ამბობს ბერიძე.             

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×