თამთა ჩაჩანიძე
02.11.2023

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვეტოს დაადებს კანონპროექტს, სადაც მხოლოდ ისრაელის დახმარებაზეა საუბარი და უკრაინა ნახსენები არაა. პროექტი ეკუთნით რესპუბლიკელებს, რომლებსაც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა აქვთ და მოსალოდნელია, რომ ისინი ამის მიღებას მოახერხებენ, თუმცაღა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვეტომდე სენატის თანხმობაცაა საჭირო, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ და რომლებიც ბაიდენის სტრატეგიას უჭერენ მხარს უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერის გაერთიანებაზე.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, სენატს დემოკრატები კი აკონტროლებენ, თუმცა სიტუაცია იქაც მყიფეა და „ბაიდენმა თავი ამიტომაც დაიზღვია".

მისი თქმით, უკრაინაში სიტუაცია გართულდა, როგორც პოლიტიკური, ისე რუსული აგრესიის გამწვავების კუთხით, ახლა ზამთრის ომის ფარგლებში დიდი ალბათობით რუსეთი უკრაინის ენერგოობიექტებზე მიიტანს იერიშს. ამ შინაარსის განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმაც გააკეთა.

თეთრი სახლის ბიუჯეტისა და მართვის ოფისი აცხადებს, რომ რესპუბლიკელების მიერ წარდგენილ კანონპროექტი ერთპარტიულია, სადაც მხოლოდ ისრაელის დახმარებაზეა საუბარი, მაშინ, როცა დახმარება ორივე ქვეყნის, როგორც ისრაელისთვის, ისე უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიოშნელობისაა და ორივე პარტიიდან მხარდაჭერას საჭიროებს. ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამ ორი ქვეყნის სამხედრო დახმარების საკითხის გამიჯვნა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, რადგან ორივე ქვეყანა ბოროტ ძალებს ებრძვის.

აღნიშნული კანონპროექტი რესპუბლიკელებმა 30 ოქტომბერს წარადგინეს, რაც ისრაელისთვის 14.3 მილიარდი დოლარის დახმარებას მოიცავს. მანამდე 20 ოქტომბერს ბაიდენმა 106 მილიარდის დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა გაუგზავნა, რაც უკრაინისთვის 61 მილიარდი, ხოლო ისრაელისთვის 14.3 მილიარდი დოლარის რაოდენობის სამხედრო დახმარებას მოიცავდა.

აქვე უნდა აღინიშნოს,რომ აშშ-ს გარდა უკრაინას ფულად და სამხედრო დახმარებას ევროკავშირი და სხვა ქვეყნებიც უწევენ. გარდა ამისა, ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის ტერიტორიაზე დაბლოკილი ამ ფინანსური რესურსებიდან შემოსავლის გამოყენების ვარიანტები მალე იქნება წარმოდგენილი. როგორც ლაიენმა აღნიშნა, რუსული აქტივების მოცულობა, რომელიც უკრაინაზე თავდასხმის სანქციების ფარგლებში გაიყინა, ამ დროისთვის 200 მილიარდზე მეტი ევროა.

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ახლა აშშ წინასაარჩევნო პერიოდში გადადის და შესაძლოა მსგავსი ტიპის შეფერხებები კვლავ ვიხილოთ, რესპუბლიკელი სენატორების ნაწილის გამო, რომლებიც უკრაინის დახმარებას ღიად ეწინააღმდეგებიან.

„როგორც ვიცი, სენატშიც ძალიან მყიფე სიტუაციაა, უბრალო უმრავლესობაც კი საკმარისიოა, რომ ეს დადგენილება გავიდეს, ბაიდენმა თავი დაიზღვია, რომ თუ სენატმაც დაუჭირა მხარი, მერე ვეტოს დაადებს. ვნახოთ, ჯერკერობით სენატში როგორ იქნება საქმე, მე არაფერს არ გამოვრიცხავ.

„სიტუაცია საკმაოდ გაურკვეველი და რთულია, რადგან უკრაინის დახმარების ალტერნატიული გზები ახალი ინიციატივების დაანოსება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ვამბობდი, რომ თუ რესპუბლიკელებს ბერკეტები მიეცემოდათ, ყველა ვარიანტში უკრაინის დახმარებას შეაფერხებდნენ და სამწუხაროდ ეს ვარიანტი გამართლდა.

„თავად უკრაინას რაც შეეხება, სიტუაცია პოლიტიკურადაც გართულდა, არესტოვიჩმაც უკვე დაარტყა ზელენსკის, როგორც ჩანს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებს და უკრაინის ლიდერობისთვიე ექნება პრეტენზია. აშშ-ც წინასაარჩევნო პერკიოდში შედის და მით უმეტეს თუ რესპუბლიკელები მოვიდნენ სათავეში უკრაინის დახმარება მერე უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რაღაც დონის შეზღუდვები იქნება. აქვე მნიშვნელოვანია თუ ისრაელში სიტუაცია როგორ განვითარდება ორ ფრონტზე დახმარების გადანაწილება რთული საქმეა, რასაც ახლა აშშ აკეთებს.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინაში ომი ზამთრის დაპირისპირებაში გადავა და რუსეთი ახლა შეეცდება, რომ საჰაერო დარტყმებით შეუტიოს ძირითადად ენერგოობიექტებს",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ზამთრისა და ცივი ამინდის დადგომისთანავე უკრაინის მასიური დაბომბვისთვის ემზადება. მისი თქმით, რუსეთი ემზადება ასეთი სცენარისთვის - აგროვებს იარაღს იმისთვის, ცივი ამინდის დადგომასთან ერთად უკრაინას ზიანი მიაყენოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმებით.

ოლექსი დანილოვმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მაქსიმალურად ემზადება ასეთი სცენარისთვის. მისი თქმით, დღეისთვის ამ მიმართულებით ყველა დავალება ბოლომდე არ არის შესრულებული, ამიტომ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მომავალ სხდომაზე ეს საკითხი კვლავ განიხილება.

„მაგრამ სიტუაცია არ არის კრიტიკული. ობიექტების დიდი უმრავლესობა კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ვიღებთ დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს ჩვენი პარტნიორებისგან", - განაცხადა დანილოვმა.

მან ასევე დაადასტურა, რომ განიხილება ზამთრისთვის პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების იჯარით აღების შესაძლებლობა.

„აქ არაფერია გასაკვირი. არ არის საჭირო ამის გასაიდუმლოება. ჩვენი ამოცანაა დავიცვათ ცა, მოქალაქეები, ქალაქები და სოფლები თავდასხმისგან", - განაცხადა დანილოვმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, იმის იმედი, რომ რუსეთს საკუთარი ჯარისკაცების სისხლისღვრა შეაჩერებდა, შეცდომა იყო. მისი თქმით, რუსეთთან ომში ვითარება ჩიხში შევიდა.

„ეს იყო ჩემი შეცდომა. რუსეთმა დაკარგა სულ მცირე 150 000 ადამიანი. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთი მსხვერპლი ომს შეაჩერებდა. ისევე, როგორც პირველ მსოფლიო ომში, ჩვენ მივაღწიეთ ტექნოლოგიის იმ დონეს, რომელსაც ჩიხში შევყავართ. დიდი ალბათობით, ღრმა და ლამაზი გარღვევა არ იქნება", - აღნიშნა ზალუჟნიმ და დასძინა, რომ ჩიხიდან გამოსასვლელად მასიური ტექნოლოგიური ნახტომია საჭირო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×