ნაზი ბერიძე
03.11.2023

რუსეთის ომი უკრაინასთან მთლიანად ჩიხში შევიდა. ხანგრძლივი ომის პერსპექტივა კი ვლადიმერ პუტინს და რუსეთს უპირატესობას ანიჭებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ თჰე Eცონომისტ-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ოთხშაბათს ღამით გამოქვეყნდა. რა აღიარა ზალუჟნიმ და როგორი შეფასება მოჰყვა მას.

„კონტრშეტევამ უკვე იმედგაცრუება მოუტანა უკრაინის ბევრ პარტნიორს, რომელთაგან ზოგიერთი ახლა ჩიხში შესული ომის სამხედრო დახმარების შეწყვეტას ითხოვს. თუმცა, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის „ფრთხილად" მიწოდებამ რუსებს საშუალება მისცა ათასობით სამხედრო ძალის მობილიზება მოეხდინა და ოკუპირებულ უკრაინაში პოზიციები გაემაგრებინა," - ამბობს ზალუჟნი.

„დიდი ალბათობით არ იქნება ღრმა და ლამაზი გარღვევა," - ამბობს მეთაური.

როგორც ინტერვიუშია ნათქვამი: „დასავლეთის იარაღის მარაგი საკმარისი იყო უკრაინის ომში პოზიციების შესანარჩუნებლად, მაგრამ არ იყო საკმარისი კიევის გამარჯვებისთვის."

ზალუჟნიმ ასევე აღიარა შეცდომა, როდესაც ფიქრობდა, რომ რუსეთი შეაჩერებდა სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში მას შემდეგ, რაც ბრძოლის ველზე 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

გარღვევის არარსებობამ ერთგვარი დაღლილობა გამოიწვია უკრაინის ყოფილ ძლიერ მხარდამჭერებს შორის, თქვა ზალუჟნიმ. აშშ-ში რესპუბლიკელები უკრაინისთვის რაიმე სახის დახმარებას ბლოკავენ, სანამ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მათ ომის მოგების მკაფიო სტრატეგიას არ აჩვენებენ.

ზელენსკი დემოკრატიულ სამყაროს კიევის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ზალუჟნის ბრძოლის საკუთარი სტრატეგია აქვს. „უკრაინის შესაძლო გზის გასაღები ამჟამინდელი პოზიციური ომიდან არის: საჰაერო უპირატესობის მოპოვება; ნაღმების ბარიერების სიღრმისეული დარღვევა; კონტრ-ბატარეის ეფექტურობის გაზრდა; საჭირო რეზერვების შექმნა და მომზადება; და ელექტრონული ომის შესაძლებლობების შექმნა."

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს ზალუჟნის „აღიარებითი ჩვენებაა", რაც მეთაურის მოვალეობაა, რომელმაც ჩამოთვალა პრობლემები და პრობლემის გადაჭრის გზები, თუ რატომ ვერ განხორციელდა კონტრშეტევა ისე, როგორც იგეგმებოდა.

„ზოგადად ზალუჟნის განცხადება პესიმიზმს უფრო სამოქალაქო ადამიანებში იწვევს და არა სამხედროებში. ეს არის რეალური სურათის დახატვის მცდელობა. როგორც წესი, მეთაური აყენებს პრობლემას და ამავე დროს მათი გადაწყვეტის გზებსაც, რაც სამხედრო მეთაურის აუცილებელი პირობაა...

„ზალუჟნი მიუთითებს, რა არის აუცილებელი წარმატებული საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად. მე ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ რომ საჰაერო მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდებოდა კონტრშეტევა. ვამბობდი, რომ დიდი დრო დაიკარგა იგივე ბახმუტის აღებაზე, და არასწორად იყო გადანაწილებული ძალები ანუ კონცენტრაცია არ მოხდა კონტრშეტევის განხორციელებისას. აი, ამ ჩამონათვალის უკან არის კიდევ ბევრი სხვა მიზეზი, პოლიტიკური, სუბიექტური ობიექტური და ა.შ.

„კარგია, რომ ღიად გამოდის მეთაური, არ ეშინია კრიტიკის, თავის პასუხიმგებლობაზეც ლაპარაკობს, რა იყო ამ ვითარების გამომწვევი მიზეზი. რაც ჩამოთვლილია, იქ არ არის ნახსენები ჯავშანტექნიკის მიწოდება, რაც წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია," -განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" ადასტურებს, რომ ზალუჟნის განცხადება რეალობის ზუსტი აღქმაა და სწორედ უკრაინას ომის წარმოების ახალი სტრატეგია სჭირდება.

„მე ვფიქრობ, რომ რეალობის სწორი აღქმაა. გარკვეული ცვლილებების შეტანის დრო არის ფრონტის ხაზზე. ზალუჟნიზე მეტად ინფორმირებული კაცი ვინ იქნება?

„პოლიტიკურად ძალიან დიდი იმედები ჩაიდო კონტრშეტევის შედეგში. მე ვფიქრობ კონტრშეტევა კი ვერ მოიტანდა მაინც და მაინც შედეგს, არამედ ომის გაგრძელება და რუსეთის გამოფიტვა. კონტრშეტევაზე ასეთი იმედების დამყარება იყო თავიდანვე შეცდომა და კარგია, რომ ეს აღიარა ზალუჟნიმ.

„მე ვფიქრობ რეალობა სწორად არის აღქმული. უკრაინას უნდა თუ არ უნდა მოუწევს გრძელვადიანი ომის წარმოება, რათა გამარჯვებას მიაღწიოს, ამისთვის უნდა მოემზადოს შესაბამისად რეზერვებით.

„სამწუხაროა, რომ დასავლეთში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ძალიან აზიანებს ამ ომს. იმედია, რომ ყველაფერი დასტაბილურდება, ერთი იყო უკრაინა გადაერჩინათ და უკრაინა უკვე გადარჩა რუსულ ოკუპაციას, და მეორე მთლიანად მოხდეს ტერიტორიების დეოკუპაცია. აქ, როგორც ჩანს, არც ისე დიდი მადა არ არის დახმარების. უკრაინას მოუწევს გრძელვადიანი ომის წარმოება და ამისთვის რესურსების მობილიზება," - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×