თამთა ჩაჩანიძე
03.11.2023

უკრაინის პრეზიდენტ ვლოდიმირ ზელენსკისა და მისი ოფისის ყოფილი მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩს შორის დაპირისპირება მწვავდება. ერთ დროს ზელენსკის თანამოაზრე, ახლა მისი კონკურენტი ხდება და სარეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამასთან, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, გამოძიებაში ჩართულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

კონსტიტუციის თანახმად, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, ჯერჯერობით გაურკვეველია ომის გამო ჩატარდება თუ არა არჩევნები. აზრი ორადაა გაყოფილი, როგორც ქვეყნის შიგნით იზე დასავლეთში.

„ფაქტია, რომ ბოლო ხანებში შიდაპოლიტიკური სიტუაციაც იძაბება, რადგან ქვეყანაში კორუფცია პირველი პრობლემური თემაა. ეს გახმაურებული თემა კი დასავლეთში უკრაინისადმი სოლიდარობას ამცირებს და უკრაინის ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ გადამჭრელი ზომები მიიღოს. როგორც ჩანს, ზელენსკი ამას ვერ ახერხებს, რომ ბოლომდე მიიყვანოს და ეს მეორე მნიშვნელოვან საკითხსაც აყენებს - საზოგადოება ორადაა გაყოფილი, მომავალ წელს ჩატარდეს თუ არა არჩევნები.

„ნაწილი ამბობს, რომ არჩევნები ვერ ჩატარდება, რადგან ქვეყანა ომშია, მეორე ნაწილი კი საწინააღმდეგოს ფიქრობს, სწორედ ამ კორუფციიდან და პროიბლემებიდან გამონდინარე, რადგან ზელენსკის ხელისუფლება ვერ აგვარებს, ცვლილებებია საჭირო. უკრაინის არჩევნებზე აზრი დასავლეთშიც ორადაა გაყოფილი.

„როგორც ჩანს, არესტოვიჩიც ამის მომხრეა, რომ არჩევნები ჩატარდეს, მისი პერსონალური ამბიცია უკვე ჩანს, ამიტომაც ის ცდილობს, რომ რეიტინგი გაზარდოს. გარკვეულ პერიოდში პოპულარული იყო, მაგრამ ახლა ზელენსკისგან დისტანცირებას და დაპირისპირებას ცდილობს. არა მგონია, რომ არესტოვიჩი ერთადერთი იყოს. თუ გადაწყდა, რომ მომავალ წელს არჩევნები იქნება, მაშინ სხვა პოლიტიკური ძალები წამოვლენ და მათ შორის შესაძლოა სამხედრო პირებიც კი აღმოჩნდნენ ჩართულნი.

„მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება შიდაუკრაინული ამბავია, ასე გარედან ზუსტად შეუძლებელია იმის თქმა, მართლა რამე კავშირი აქვს თუ არა (რუსეთთან) მას, თუ ამას თავად ხელისუფლება იყენებს, რომ არასასურველი კონკურენტი მოიშოროს. შიდაპოლიტიკური ინტრიგების ნაწილია და ამას ალბათ გამოძიება გაარკვევს", - განაცხადა კორნალი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის საქმიანობას იძიებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა. მთავრობის წარმომადგენლის თქმით, სპეციალური სამსახური მუშაობს, მაგრამ ძალიან სწრაფი შედეგები მოსალოდნელი არ არის.

„მე უფრო ფრთხილად ვიქნებოდი ფრაზასთან - „უსაფრთხოების სამსახური არაფერს აკეთებს". უსაფრთხოების სამსახური მუშაობს. სხვა საქმეა, ყველას რომ სურს ძალიან სწრაფი შედეგი, ისე, რომ ეს დღეს მოხდეს", - განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი სკეპტიკურად უყურებს ალექსეი არესტოვიჩის პოლიტიკურ ამბიციებს. დანილოვის განცხადებით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ანტირეიტინგიც კი არესტოვიჩის ანტირეიტინგზე დაბალია.

„დიახ, დავაყენებ ჩემს კანდიდატურას," - უპასუხა არესტოვიჩმა „ინტერფაქს უკრაინის" ჟურნალისტს კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას უკრაინის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუკი ჩატარდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×