ნაზი ბერიძე
09.11.2023

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აანონსებს, რომ უკრაინა კვლავ შეეცდება ბრძოლის ველზე შედეგების მიღწევას წლის ბოლომდე და დარწმუნებულია, რომ კიევი, ფრონტზე არსებული სირთულეების მიუხედავად, ომში წარმატებას მიაღწევს. ამასთან, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინას უზარმაზარი წარმატებები აქვს ყირიმის მიმართულებით და ამ მხრივ „სასიამოვნო ამბები" კიდევ იქნება.

რა გეგმა შეიძლება ჰქონდეს უკრაინას დიდი კონტრიერიშის ფაქტობრივი ჩავარდნის შემდეგ, ამაზე „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტებმა ისაუბრეს. მათი თქმით, კონტრშტევის გეგმაზე საუბარი არაკორექტულია უკრაინის მხრიდან, და ის შეიძლება არც კი ჰქონდეთ, შესაბამისად, ისევ ჩამოყალიბებულ სამოქმედო სამხედრო სტრატეგიას გაჰყვებიან, რაც ზამთარ-გაზაფხულისთვის მზადებას ითვალისწინებს.

„ჩვენ გვაქვს გეგმა. გვაქვს ძალიან კონკრეტული ქალაქები, ძალიან კონკრეტული მიმართულებები, საითკენაც წავალთ, სადაც განვახორციელებთ კონტრშეტევას - ყველა დეტალს ვერ გაგიზიარებთ", - განაცხადა ზელენსკიმ ნიუ-იორკში „როიტერზ ნექსტის" კონფერენციაზე ვიდეო ბმულის საშუალებით ჩართვისას.

მისი თქმით, უკრაინის არმია შეეცდება აჩვენოს შედეგი და მიაღწიოს წარმატებას მიმდინარე წლის ბოლომდე. „მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ადამიანებს. ეს არ არის შოუ ან ფილმი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არც ერთი დღე არ დავკარგოთ. დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ, თუმცა ეს რთულია", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ოლექსი დანილოვის თქმით, „ახლა ჩვენ გვაქვს უზარმაზარი წარმატება ყირიმის მიმართულებით. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის განადგურებას, მათი აქტივების განადგურებას ყირიმის ტერიტორიაზე და შავი ზღვის ფლოტის განადგურებას - ეს ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი მიღწევებია".

ამბობს, რომ ყირიმის მიმართულებით ოკუპანტებისა და მათი რესურსების განადგურებასთან დაკავშირებით„სასიამოვნო ამბები" კიდევ იქნება.

4 ნოემბერს ანექსირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა გაისმა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინელმა მფრინავებმა ქერჩის სრუტეში გემთმშენებელი ქარხნის ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმები განახორციელეს. 4 ნოემბერს საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემი, რომელიც ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაში იმყოფებოდა, დაზიანდა. 5 ნოემბრის დილით ნიკოლაი ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდი - კალიბრის ფრთოსანი რაკეტების გადამზიდავი - ჩაძირეს.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" არ იზიარებს მოსაზრებას, რომ უკრაინელებს ახალი გეგმა ჰქონდეთ კონტრშეტევის განსახორციელებლად. მისი აზრით, ზალუჟნი თავის წერილში, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, უფრო „ჩიხის განეიტრალებას" ცდილობდა.

„ჩემი აზრით, ზალუჟნის ეს განცხადება უფრო ჩიხის გასანეიტრალებლადაა გაკეთებული. ერთხელ უკვე დაუშვეს შეცდომა, რომ ასე წინასწარ აცხადებენ კონტრშეტევაზე ინფორმაციას.„მეორე საკითხია ის, რომ ახალი გეგმა არა მგონია ჰქონდეთ. არის გეგმა - შეტევა ტოკმაკისა და მარიუპოლის მიმართულებით, და ყირიმზე. ასევე, იგეგმება დნეპრის მარცხენა ნაპირზე რაღაც გარკვეული პლაცდარმების შექმნა მომავლისთვის.

„ახლა ძირითადად იქნება ავდეევკის დაცვა და მომზადება ზამთარ-გაზაფხულისთვის. იქნება პოზიციების გაუმჯობესება, რომ უკრაინელები ცოტა წინ წაიწიონ, ცოტა გამაგრდნენ, რათა მაშინ, როცა მორჩება წვიმის სეზონი და ზამთარში ნიადაგი შეიკვრება, აი, მაშინ რომ რაღაც გააკეთონ. ახლა დიდ რესურსებს ვერ ვხედავ ვერც უკრაინის მხრივ, რომ რაღაცა გარდატეხა შეიტანონ. არც რუსებში ჩანს იმის პოტენციალი, რომ რამე გარღვევა მოახერხონ," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" ამბობს რომ უკრაინელების სამოქმედო გეგმა ახლა მტრის ზურგში შესვლა და მისი განადგურებაა. „გეგმა სწორედ ის არის, რომ მტრის ზურგში შევიდნენ, განახორციელონ დარტყმები და გამოფიტონ რუსეთის საოკუპაციო ძალები, როგორც ყირიმში, ასევე სხვა ადგილებში. აღმოსავლეთში უფრო ამის გაკეთება, ყირიმში უფრო მარტივია, რეიდების განხორციელება, აფეთქებების მოწყობა, სტრატეგიული ობიექტების განადგურება, ასევე დნეპრის მეორე სანაპიროზე გადმოსვლა და შეტევების განხორციელება მანამ, სანამ რუსები არ გამოიფიტებიან და არ დაიღლებიან," - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ერთი კვირის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, იმის იმედი, რომ რუსეთს საკუთარი ჯარისკაცების მსხვერპლი შეაჩერებდა, შეცდომა იყო და რომ რუსეთთან ომში ვითარება ჩიხში შევიდა. ამასთან, ის დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილში აცხადებდა, რომ ომი ჩიხში შევიდა, რაც უფრო რუსეთს აძლევს ხელს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×