აშშ-ს და ჩინეთის პრეზიდინტების შეხვედრამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე - რუსეთ-უკრაინისა და ისრაელ-ჰამასის ომები, ეს იმ მწვავე თემათაგანია, რაზეც ჯო ბაიდენი და სი ძინპინი დისკუსიას გამართავენ და გადაწყვეტილებების მიღებას შეეცდებიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი მიზანია ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკებისას ორ სუპერსახელმწიფოს შორის ნორმალური კომუნიკაციის აღდგენა. „ჩვეულ კურსს რომ დავუბრუნდეთ, მიმოწერას თუ განვაახლებთ და შევძლებთ ავიღოთ ტელეფონი და კრიზისების დროს ერთმანეთს ვესაუბროთ, შევძლოთ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სამხედროებს კვლავ აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი", - ჯო ბაიდენმა პასუხი გასცა ჟურნალისტებს, თუ რას მოელის ჩინეთის პრეზიდენტთან გასამართი საუბრიდან.
ასევე თეთრ სახლში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისთებთან საუბრისას, ბაიდენმა თქვა, რომ ცდილობს აშშ-ის დაძაბული პერიოდის შემდეგ. ურთიერთობა ჩინეთთან უკეთესობისკენ შეცვალოს. ორი ლიდერი ერთმანეთს სან-ფრანსისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვდება.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" ადასტურებს, რომ ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის.
„ამ დონეზე რაც უფრო ხშირად შეხვდებიან ერთმანეთს და ისაუბრებენ პრობლემებზე, საკითხებზე, რომლებზეც ამ გიგანტური ქვეყნების პოზიცია მკვეთრად უპირისპირდება ერთმანეთს, მით უკეთესია მსოფლიოსთვის. ეს ზრდის შანსს ურთიერთგაგების და ყველა ის პრობლემა რომელიც წარმოიშვება მხოლოდ ამგვარი მოლაპარაკებით შეიძლება დაიძლიოს" -განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ასევე მნიშვნელოვანს უწოდებს ლიდერების შეხვედრას.
„შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან, სულ უფრო მყარდება კავშირი რუსეთს და ჩინეთს შორის. ჩინეთი რუსეთს იარაღს არ აწვდის, მაგრამ, ვაჭრობის მოცულობა 2022 წელს ორ ქვეყანას შორის 29 %-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, უფრო მნიშვნელოვანია მოხდეს ჩინეთის უფრო მეტი თანამშრომლობა დასავლურ სამყაროსთან.
„ჩინეთს და აშშ-ს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ქვეყანა გახლავთ გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, მათ შორის სავაჭრო ბრუნვა შარშანდელი მონაცემებით შეადგენდა თითქმის 700 მილიარდ ამერიკულ დოლარს, ამიტომაც მე მგონია რომ აქ იქნება საუბარი იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად ლიბერალური გახდეს ვაჭრობა ჩინეთს და აშშ-ს შორის, რათა ჩინეთი შედარებით დასცილდეს რუსეთს, პლუს განხილული იქნება ასევე უკრაინის საკითხი, ახლო აღმოსავლეთის საკითხი და ტაივანის საკითხი.
„ორი ლიდერის შეხვედრა უპირველეს ყოვლისა შეაფერხებს ანტიდასავლური ალიანსის ფორმირებას. რომ არ მოხდეს ანტიდასავლურ ძალებს შორის ინტეგრაცია, აშშ უნდა ეცადოს რომ როგორმე ჩინეთი დასავლეთის მხარეს გადაიყვანოს. მითუმეტეს, რომ აშშ-ს გააჩნია ამის ბერკეტი, რადგანაც როგორც გითხარით აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 700 მილიარდი დოლარია, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის დაახლოებით 500 მილიარდი ევრო", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.