ნაზი ბერიძე
12.12.2023

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ერთადერთი არაა, ვინც უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსებს უჭირთ პროგნოზირება, თუ რას გადაწყვეტს ამ საკითხზე 15 დეკემბერს ევროპული საბჭო. თუმცა აცხადებენ, რომ ყველაზე ნეგატიური სცენარის შემთხვევაშიც კი, საკითხის განხილვამ შეიძლება მომავალი წლის მარტამდე გადაიწიოს.

ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის საკითხში მთავარი მოწინააღმდეგე უნგრეთია. თუმცა, სამშაბათს გაირკვა, რომ ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას შესაძლოა, ხვალ, 13 დეკემბერს მხარი დაუჭიროს. ეს კი ზრდის ალბათობას, რომ ორბანი დათმობაზე წავა.

ორბანის გარდა, უკრაინის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ სლოვაკეთსა და ავსტრიას. ბოლო დრომდე გაურკვეველი იყო ნიდერლანდების პოზიციაც, თუმცა გასულ კვირას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰანკე ბრუინს სლოტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ნიდერლანდები ევროკომისიის გადაწყვეტილებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროპის კავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი კი აცხადებს, რომ იგი უკრაინისათვის რაიმე უპირატესობის მინიჭებას მხარს არ დაუჭერს და შესაბამისად, არსებულ პირობებში ოფიციალური კიევთან მოლაპარაკების დაწყებას არ დათანხმდება.

„არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება. უკრაინას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს, რომელიც, ასევე, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს", - განაცხადა კარლ ნეჰამერმა.

სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იურაი ბლანარსაც.

„ეს ძალიან სერიოზული შეკითხვაა, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში მე ეს ვერ წარმომიდგენია. მე თავად მაინტერესებს, მაგალითად, როგორ გაამართლებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ურსულა ფონ დერ ლაიენი და უპასუხებს კითხვას, თუ როგორ შეგვიძლია სამხედრო კონფლიქტის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან მოლაპარაკებების დაწყება", - განაცხადა იურაი ბლანარმა.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ უკრაინის მიმართ სკეპტიკურად გაწყობილი ქვეყნები ამ საკითხის მხოლოდ გადადებას ითხოვენ, თუმცა ისინი უმცირესობაში არიან და იმედოვნებს, რომ უმრავლესობა მათ დათანხმებას საბოლოოდ შეძლებს.

„ახლაც მიდის მოლაპარაკება და ცალსახად თქმა, რომ ვიღაც 100%-იანი მოწინააღმდეგეა, არასწორია. პროცესი მიდის და არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. ზოგს აქვს მოსაზრება, რომ საკითხის განხილვამ გადაიწიოს და იყოს არა ახლა, არამედ, პირობითად, მარტში.

„პროცესი მიდის და ამ ორმა დღემ ძალიან ბევრი რამ უნდა აჩვენოს. თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი დამოკიდებულება. ყველაზე მწვავეა უნგრეთის თემა. უნგრეთს აქვს თავისი გარკვეული საკითხები ბრიუსელთან მოსაგვარებელი. შეიძლება შედგეს ურთიერთ შეთანხმება და რაღაც საკითხში ორბანის ოპონენტების ლოიალობა, მისი თანხმობის სასარგებლოდ.

„ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველ შემთხვევაში, წევრი ქვეყნების უმეტესობა ემხრობა ამ საკითხს და აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დაარწმუნოს დანარჩენები", - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

თსუს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსს" ეუბნება, რომ მხოლოდ უნგრეთია პრობლემატური. ხოლო ისეთი გავლენიანი სახელმწიფოები, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია, მის დაყოლიებას ამჯერად ვერ შეძლებენ, უკრაინის საკითხის გადაწყვეტა სამი თვით გადაიწევს.

„თუ მოახერხეს უნგრეთის დაყოლიება, დანარჩენების დათანხმებაც შესაძლებელია. ისეთი ძლიერი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია, მხარს უჭერენ ამას და შეძლებენ რაღაცნაირად ამ საკითხის გადაწყვეტას. პრობლემაა უნგრეთი, რომელსაც თუ მოახერხებენ რომ გადააფიქრებინონ, მერე დანარჩენებიც მიჰყვებიან ამ პროცესს.

„რას უნდა ველოდოთ, ეს არ ვიცი. მოლაპარაკებები მიდის, 2-3 დღე არის და თუ მოხერხდა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იქნება დადებითი შედეგი. თუ ვერ მოხერხდა, როგორც ვიცით მეორე სცენარი, სამ თვეში დაუბრუნდებიან ამ საკითხს და იმუშავებენ იმისთვის, რომ ეს კონსენსუსი შედგეს", - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×