თამთა ჩაჩანიძე
15.12.2023

14 დეკემბერს უნგრეთმა უკრაინას ევროკავშირში მოლაპარაკებისთვის მწვანე შუქი აუნთო, თუმცა 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაუბლოკა, ამას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც ადასტურებს. როგორც ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ამ საკითხის განხილვა გაზაფხულზე მოხდება და ევროკავშირს აქვს იმის რესურსი, რომ ეს საკითხიც დაძლიოს. ამასთან ამბობს, რომ პროცესშია აშშ-ის დახმარების საკითხიც.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს არ მისცა საშუალება, მიეღო საბიუჯეტო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისთვის დახმარების საშუალოვადიან პროგრამას მოიცავს, - ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჟურნალისტებთან საუბარში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ დაადასტურა.

მისი თქმით, განხილვის თემა მხოლოდ უკრაინის დაფინანსება არ ყოფილა და ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზეს „მეგაპაკეტის" მიღება, რომელიც მოიცავდა დაფინანსებას უკრაინის მხარდასაჭერად, მიგრაციის პროგრამების ხარჯებს და ევროკავშირის სოლიდარობის ფონდისა და თავდაცვის დაფინანსებას.

„ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი სახელმწიფო ვერ დათანხმდა. ამ „მეგაპაკეტს" დათანხმდა დანარჩენი 26 ლიდერი, მათ შორის შვედეთიც, რომლის პრემიერ-მინისტრმა, შიდა პროცედურების შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პარლამენტთან უნდა განიხილოს", - განაცხადა მიშელმა.

კითხვაზე, იყო თუ არა ვიქტორ ორბანი ევროკავშირის 27-ე ლიდერი, რომელიც არ დაეთანხმა „მეგაპაკეტის" მიღებას, შარლ მიშელმა უპასუხა: „ვფიქრობ, თქვენ ძალიან ინფორმირებული ხართ, როგორი იყო ჩვენი დებატების ხასიათი".

ამასთან, მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, „მეგაპაკეტი" არ იქნა უარყოფილი, არამედ მისი მიღება გადაიდო და რომ ლიდერები შეთანხმდნენ საგანგებო სამიტზე, რომელიც ამ საკითხს დაეთმობა.

„ამ საკითხს მომავალი წლის დასაწყისშივე დავუბრუნდებით და ვეცდებით ერთსულოვნებას მივაღწიოთ, რომ ამ მეგაპაკეტის განხორციელება შესაძლებელი გახდეს", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

როგორც ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, თუ ევროკავშირს ამ საკითხის მოგვარება ძალიან გაუჭირდა, სხვა თეორიული შანსებიც არსებობს, რომ უნგრეთის ვეტოს გვერდი აუაროს და უკრაინას დახმარება ამ გზით მიაწოდოს.

„რეალურად ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან საბოლოოდ მოხსნილია, ამას საბჭო გაზაფხულზე დაუბრუნდება და იმედია მანამდე გამოინახება რესურსი, რომ ეს საკითხიც განიბლოკოს. უნგრეთს ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ხედვა გააჩნია, თუმცა ევროკავშირს საკმარისი რესურსი აქვს უნგრეთი დაარწმუნოს და თუ ძალიან გაჭირდა, შესაძლებელია დახმარება იმ გზით იქნას მიწოდებული, როცა უნგრეთის ვეტოს გვერდს აუვლის - თეორიულდ ამის შესაძლებლობა არსებობს", - განაცხადა ფხალაძემ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ ევროკავშირმა უნგრეთის თანხმობის ნაცვლად, ბუდაპეშტისთვის განკუთვნილი და დაბლოკილი თანხები კვლავ გაუხსნას, ფხალაძემ გვითხრა:

„ევროკავშირი პარტნიორებთან ასეთი ტიპის ურთიერთობების წარმართვას ერიდება, ასეთი უხეში ვაჭრობა არცთუ მაინცდამაინც იდეალური ვარიანტია, როცა საუბარია პარტნიორობაზე. ჩემი აზრით, აქ სხვა გზა იქნება მონახული. უნგრეთს ეს თანხა დაბლოკილი აქვს არა იმიტომ, რომ უკრაინას ბლოკავს, არამედ იმიტომ, რომ მას გარკვეული საკითხები აქვს გადასაწყვეტი. მაგალითად, მან როცა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ნაბიჯი გადადგა, შესაბამისად 10 მილიარდი განიბლოკა. ეს თანხა სხვა რამესთანაა დაკავშირებული და ამიტომ ვფიქრობ, რომ პროცესი ცოტა სხვანაირად წავა",- განაცხადა ფხალაძემ „რეზონანსთან".

მან ისაუბრა იმაზეც თუ რა ხდება აშშ-ს სენატში უკრაინის დახმარების საკითხზე.

„აქაც საინტერესოა ის, რომ თემა ეხება იმას, რომ უკრაინის დახმარება დაპაკეტდა სხვა საკითხთან, რომელიც მიგრაციას ეხება. აქაც ძირითადად უფრო დაკავშირებულია დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მიგრაციის თემაზე განხეთქილებასთან, ვიდრე თავად უკრაინასთან და პლიუს კიდევ იმასთან, რომ ეს აშშ-ში საარჩევნო წელია. აქაც ვფიქრობ, რომ შეთანხმების რესურსი არსებობს.

„სენატში შეიძლება ეს საკითხი გაზაფხულამდეც იქნას მოგვარებული და ევროკავშირში გაზაფხულისკენ", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×