თამთა ჩაჩანიძე
19.01.2024

შესაძლოა ახალი ტიპის კოალიციური ომი მივიღოთ, სადაც ერთიანი ფრონტი კი არა, იქნება კონფლიქტები რეგიონების მიხედვით - ამის შესახებ „რეზონანსთან" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა. იგი გამოეხმაურა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის, ნიდერლანდელი ადმირალის, რობ ბაუერის განცხადებას, რომ ნატო-ს ქვეყნები რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადონ და მომდევნო 20 წელი რთული იქნება.

„ნატო-ს ქვეყნები არ უნდა იყვნენ იმის იმედად, რომ მშვიდობიანი ცხოვრება თავისთავად გაგრძელდება და რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადონ, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს მშვიდობიან მოსახლეობაზე. უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ მშვიდობიანად ვცხოვრობთ, მოცემულობა არ არის. სწორედ ამიტომ ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის, მაგრამ დისკუსია გაცილებით ფართოა. ეს არის ინდუსტრიული ბაზა და ასევე ადამიანები, რომლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ისინი გარკვეულ როლს ასრულებენ", - აღნიშნა რობ ბაუერმა.

მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ კონფლიქტისთვის მომდევნო 20 წლის განმავლობაში, რომელიც მოითხოვს მათ ცხოვრებაში დიდ ცვლილებას. ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გლობალური ომი დაიწყება, მთავრობები დაწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი ქვეყნები მზად არიან ომისთვის.

„უნდა დავიწყოთ იმის გაცნობიერებით, რომ ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება და ყველაფერი შოკოლადში არ იქნება მომდევნო 20 წლის განმავლობაში", - აღნიშნა ბაუერმა.

ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ დღეს გლობალური ომის დაწყებისთვის არც დასავლეთია მზად და არც რუსეთი, და არაა გამორიცხული, რომ ფსიქოლოგიური ომის ნაწილი იყოს ნატოს მხრიდან, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ჩუმი მზადებებიც იყოს.

„ნატოს მხრიდან გლობალურ ომზე საუბარი შესაძლოა ფისიქოლოგიური ომის ნაწილიც იყოს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ უკვე ხალხს ამზადებდნენ, რომ თუკი პუტინმა არჩევნებში კიდევ გაიმარჯვა და პრეზიდენტი ისევ გახდა, არაა გამორიცხული, რომ ევროპაზე სერიოზული ზეწოლა განახორციელოს და სუვალის სამხედრო კონფრონტაცია შესაძლოა რუსეთ-ნატოს შორის სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს.

„გლობალური ომი თუ დაიწყო, ყველაზე საშიში იმითაა, რომ შესაძლოა რუსეთი მივიდეს იქამდე, რომ ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამ ეტაპზე ასე ჩანს, რომ დასავლეთ ქვეყნებში გლობალური ომისთვის მზადება უნდა იყოს, თუმცა დღეს მე თუ მკითხავთ, ამისთვის ნაკლებად არიან მზად, როგორც დასავლეთი, ისე რუსეთი.

„თუმცაღა რუსეთს უკრაინის ომმა გამოცდილება მისცა და არაა გამორიცხული, რომ სამხედრო სფეროს მოდერნიზაცია და ტრანსფორმაცია მოახდინოს. ისინი თავიანთ დაშვებულ შეცდომებზე და ჩავარდნებზე კარგად სწავლობენ. სამხედრო ტექნოლოგიური თანამშრომლობა დაიწყეს ჩრდილო კორეასთან და ირანთან, გარკვეული ურთიერთობები ჩინეთთანაც აქვთ და ტექნოლოგიებს კიდევ უფრო აუმჯობესებენ. თუმცა რუსეთში კორუფციის დიდი მასშტაბები და თავდაცვის სფეროში მოუქნელი მართვის სისტემა განვითარების პროცესს აფერხებს, რაც დადებითია დასავლეთისთვის და ჩვენთვის.

„ნატო-რუსეთის დაპირისპირებაში ჩინეთი არა მგონია ღიად ჩაერთოს, მაგრამ შესაძლოა ორივე მხარის მიმართ წაკიდების პოლიტიკა განახორციელოს. შესაძლოა ახალი ტიპის კოალიციური ომი მივიღოთ, სადაც ერთიანი ფრონტი კი არ იქნება, ეს იქნება რეგიონების მიხედვით - მაგალითად, აღმოსავლეთში ირანელები და სირიელები ჩაერთვებიან, აღმოსავლეთ აზიაში ჩრდილო კორეელები, აქეთ ბელარუსია და რუსეთი, ერთ-ერთი ფრონტი ყველა ვარიანტში უკრაინა იქნება და არის, ასევე სუვალის დერეფანი. კავკასიაში თუ ფრონტის ხაზი იქნება, სადაც რუსებს სამწუხაროდ პოზიციები გამყარებული აქვს, ერთი საქართველოა დარჩენილი და ისიც შეიძლება ჩაყლაპონ", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

გლობალურ ომზე მხოლოდ ნატოს მაღალჩინოსანი არ საუბრობს, მანამდე ნატო-რუსეთის შესაზლო ომზე სტატია გერმანულმა „ბილდმა" დაწერა, ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმა კი განაცხადა, რომ ევროპას 3-5 წელი აქვს, რათა მოემზადოს რუსების შეტევისათვის ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, რომელსაც მოსკოვი ალიანსის ყველაზე მოწყვლად ნაწილად მიიჩნევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×