თამთა ჩაჩანიძე
21.01.2024

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ თუკი კონგრესმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი უახლოეს დღეებში არ დაამტკიცა, ომი შესაძლოა რამდენიმე კვირაში რუსების გამარჯვებით დასრულდეს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს და იქვე დაკონკრეტებულია, რომ უკრაინულ არმიას მალე შესაძლოა საარტილერიო ჭურვებისა და ჰაერსაწინააღმდეგი თავდაცვის საშუალებების კრიტიკული დეფიციტი შეექმნას. სამხედრო ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს იყოს როგორც რეალური პროგნოზი, ისე ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ერთგვარი ზეწოლა კონგრესზე, რომ დახმარების პროექტი დაამტკიცონ. კონგრესში რესპუბლიკების მხრიდან დახმარების დაბლოკვა კარგს არაფერს მოიტანს, როცა საწორზე უკვე ევროპისა და მთლიადან დასავლეთის უსაფრთხოება დგას.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ უკრაინისათვის დახმარების დამტკიცების ბოლო „გონივრული ვადა“ იანვრის ბოლოა, რათა ეს შეფერხება უშუალოდ ფრონტზე არ აისახოს. თუმცა, მისივე თქმით, უკრაინა დათმობაზე არასდროს წავა და იარაღის მარაგის ამოწურვის შემთხვევაში საკუთარ ტერიტორიას „უკრაინელი ხალხი ნიჩბებითაც დაიცავს“. 

ანალიტიკოსთა შეფასებით კი, უკრაინას ზოგიერთი ტიპის შეიარაღების მარაგი მართლაც ეწურება და „აშკარად ჩანს, რომ თანდათან თავდაცვაზე გადადიან“. თუმცაღა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს. მისი თქმით, უკრაინული ძალები შეტევის შემდეგ ზოგჯერ რამდენიმე თვით თავდაცვაზე გადადიან, მაგრამ „უკრაინა გაჩერებას არ აპირებს“. 

რაც შეეხბა უშალოდ ფრონტზე არსებულ ვითარებას, როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანასთან“ ამბობს, მოვლენები უკრაინისათვის არასახარბიელოდ ვითარდება.

„ცხელი მიმართულებებია დონეცკის და ლუგანსკის ფრონტის ხაზი, კონკრეტულად ავდეევკა, ბახმუტი, მარიინკა, რომელიც რუსებმა უკვე დაიკავეს და პლაცდარმს ავითარებენ. ზაპოროჟიესკენ დიდი არაფერი ხდება, რუსები ცდილობენ უკრაინელები გამოფიტონ. ხერსონში კი უკრაინელები ცდილობენ, რომ პლაცდარმი შეინარჩუნონ, მაგრამ იარაღის დეფიციტის პირობებში ამას დიდხანს ვერ მოახერხებენ“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

შემაშფოთებელი პროგნოზი

„ენბისი ნიუსის“ ცნობით, გასულ ოთხშაბათს კონგრესში გაიმართა კონგრესის ლიდერთა ორპარტიულ ჯგუფის დახურული შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანსა და დაზვერვის დირექტორ ავრილ ჰეინსს შორის. „ენბისის“ წყაროს ცნობით, სალივანმა და ჰეინსმა შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადეს, რომ თუკი კონგრესი ახლო მომავალში ვერ შეძლებს უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებას, ომი უკრაინაში უკვე რამდენიმე კვირაში, ან მაქსიმუმ რამდენიმე თვეში, შესაძლოა რუსების გამარჯვებით დასრულდეს.

როგორც მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, უკრაინა უახლოეს კვირებში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საარტილერიო საშუალებებს ამოწურავს. „ენბისი ნიუსის“ ინფორმაციით, სალივანმა ასევე დაასახელა კონკრეტული ვადები, როდესაც უკრაინა მოკლე პერიოდში ამოწურავს სხვადასხვა შეიარაღებებს. 

ამავე წყაროს თანახმად, თეთრის სახლის ოფიციალური პირები „სულ უფრო მეტად შეშფოთებულები არიან იმ პერსპექტივით, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ვერ შეასრულებს თავის დაპირებას, რომ კიევს გვერდით დაუდეგება მანა, სანამ საჭიო იქნება“. 

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ასევე უთხრეს კონგრესმენებს, რომ უკრაინის დახმარების შემცირებამ შეიძლება „აიძულოს სხვა ქვეყნები, მათ შორის იაპონიასა და სამხრეთ კორეას, რომლებსაც აშშ-ის მხარდაჭერის იმედი აქვთ, რომ თავიანთ ალიანსებს გადახედონ“. 

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ შეხვედრაზე კონგრესის ლიდერთა ორპარტიული ჯგუფი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ  უკრაინის დახმარება ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია, თუმცა აღნიშნეს, რომ არსებობს უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, თუ საკანონმდებლო დონეზე ეს როგორ უნდა განხორციელდეს.

თეთრმა სახლმა კონგრესს ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში მიმართა უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარების დამკიცების აუცილებლობაზე, მაგრამ დოკუმენტი ისევ არაა მიღებული. ცოტა ხნის წინ, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეხვდა კონგრესის ხელმძღვანელობას, რათა განეხილა მოსალოდნელი შედეგები თავად ამერიკისთვის, თუკი ვაშინგტონი კიევს დახმარებას არ გაუწევს. 

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ აშშ-ის დახმარების განახლების გონივრული ბოლო ვადა იანვრის ბოლოა, იმისათვის, რომ ეს შეფერხება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე არ აისახოს.

სამხედრო-ანალიტიკური ჟრნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ეს თეთრი სახლის მაღალჩინოსნების განცხადება უფრო რეალური პროგნოზია.

„კონგრესის მხრიდან შეჩერებული დახმარების პროცესი უკრაინაზე რუსეთთან არათანასწორ ომში რა თქმა უნდა ცუდად მოქმედებს. აქ ორი ფაქტორია: პირველი ფიზიკური, როგორც წმინდა სამხედრო დახმარება და მეორე მორალური - რუსეთს ეძლევა მეტი შანსი თქვას, რომ აი, ამერიკელებიც არ აწვდიან დახმარებას, შეაჩერესო. 

„მიმაჩნია, რომ აქ მაინც დიდი თამაში მიდის რესპუბლიკელებს შორის. ტრამპის ფაქტორია -მას აქვს საშუალება, რომ ამ არჩევნებში მათი ამომრჩევლების გული მოიგოს იმით, რომ მიგრანტების თემა მუდამ ატრიალოს. თუკი დემოკრატები და რესპუბლიკელები შეჯერდებიან იმაზე, რომ უკრაინის დახმარებას რეაპუბლიკელები არ შეაფერხებენ, დემოკრატები კი მიგრანტების თემაზე რაღაც დათმობებზე წავლენ, ეს ტრამპის საარჩევნო პროცესს არ აწყობს, რადგან მას სურს ბაიდენის ხელისუფლებაზე მუდმივად ზეწოლა ჰქონდეს“, - განაცხადა ალადაშვილმა.

კითხვაზე, გაზვიადებული ხომ არაა ეს პროგნოზი და ამით ბაიდენის ადმინისტრაცია ერთგავრ ზეწოლას ხომ არ ახდენს კონგრესზე, რომ მათ დახმარების პროექტი დაამტკიცონ, ალადაშვილმა გვითხრა, რომ უფრო რეალური საფრთხეა.

„რეალურია, რა თქმა უნდა. დახმარება შეჩერდა. წარმოიდგინეთ, დეკემბრის ბოლოს მიაწოდეს და მორჩა. ომს კი დიდი მუცელი აქვს და ყველაფერს ჭამს - როცა გესვრიან, იძულებული ხარ ესროლო. რუსები უკრაინელებს საარტილერიო ჭურვებს დღე-ღამეში ათიათასობით ესვრიან და უკრაინამაც ხომ უნდა გასცეს პასუხი? აქამდე უკრაინა 2-3 ათასს უბრუნებდა, ახლა უკვე ამის საშუალებაც ნაკლებად აქვთ“, - განაცხადა ალადაშვილმა.

მისივე თქმით, ამასთან ერთად უკრაინელებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებიც ეწურებათ. 

„საერთოდ ასეთი პრაქტიკაა - მოწინააღმდეგის თვითმფრინავი ან რაკეტა გარანტირებულად რომ ჩამოაგდო, ერთის ნაცვლად ორი უნდა ესროლო. როცა რუსეთი ყოველ საღამო ას სამიზნეს უშევებს, ორასი მაინც უნდა ესრილონ“, - განაცხადა ალადაშვილმა.  

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ ესაა როგორც რეალური საფრთხე, ისე ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან კონგრესზე ზეწოლა. 

„ესაა რეალური პროგნოზიც და ამასთან ბაიდენის ადმინისტრაციაც ზეწოლას ახდენს კონგრესზე. რუსებმა ხელში ტაქტიკური ინიციატივა აიღეს, შეტევას ამზადებენ და კონცენტრაციას ახორციელებენ. უკრაინას ფრონტის გარკვეულ მონაკვეთზე თავდაცვისთვისაც აკლდება ჯარი და რუსებს ინიციატივას ფაქტიურად უნებლიედ ამით აძლევენ. 

„წლის დასაწყისია და რუსეთი ძალების კონცენტრაციასა და გადაჯგუფებას ახდენს. როგორც ჩანს, ემზადებიან. ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან ახალი სამხედრო ტექნოლოგიებიც შეიძინეს. ეს ყველაფერი ერთად რთულ სურათს ქმნის და თუ დასავლეთიდან დახმარება არ იქნება, ამან შესაძლოა ცუდი პრეცედენტი შექმნას. ამიტომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ ტყუის. ასევე იწურება ტყვია-წამალი, უკვე თანამედროვე შეიარაღებაზე არაა საუბარი.

„როგორც ჩანს, ფრონტზე შეიარაღების დეფიციტი უკვე არის. იწურება იგივე ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვის საშუალებებიც. რუსებს მომარაგების ასეთი პრობლემა არ აქვთ, უკრაინელები კი ამ კუთხით რთული დილემის წინაშე დგანან. რესპუბლიკების მხრიდან ასეთი არასერიოზული დამოკიდებილება კარგს არაფერს მოიტანს, როცა სასწორზე ევროპისა და მთელი დასავლეთის უსაფრთხოება დგას“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. 

გადადის თუ არა უკრაინა სრულად თავდაცვაზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ესპანურ გამოცემა „ელ მუნდოსთან“ საუბრისას მოკლედ უპასუხა კითხვას, გადადის თუ არა უკრაინა თავდაცვაზე. მისი თქმით, უკრაინული ძალები ზოგჯერ შეტევის შემდეგ რამდენიმე თვით თავდაცვაზე გადადიან ხოლმე, მაგრამ „უკრაინა გაჩერებას არ აპირებს“. 

„ჯარისკაცებს დასვენება სჭირდებათ. ბევრი მათგანი უკვე ორი წელია წინა ხაზზეა შესვენების გარეშე. ზოგჯერ შეტევდან რამდენიმე თვით გადავდივართ თავდაცვაზე, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ", - ხაზგასმით აღნიშნა ანდრეი ერმაკმა.

ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ უკრაინული ძალები უკვე თავდაცვაში არიან გადასული და ახლა საქმე იმაზეა, მიაწვდის თუ არა აშშ მათ დახმარებას. 

„სრულად თავდაცვა არ არსებობს. მაგალითად, ფეხბურთში, რომ წარმოვიდგინოთ, სულ დაცვაში ყოფნით წააგებ, კონტრშტევა უნდა განახორციელო, რომ მოწინააღმდეგესაც შიში ჰქონდეს. მაგრამ როცა გიჭირს, უფრო თავდაცვაში იქნები, ვიდრე თავდასხმაში. უკრაინელები თავდაცვაში ისედაც გადასული არიან და ვნახოთ რა მოხდება“,- განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან“.  

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ რუსებს ტაქტიკური ინიციატივა აქვთ, რის განვითარებასაც ცდილობენ. 

„აშკარად ჩანს, რომ უკრაინელები თავდაცვაზე გადადიან. სამწუხაროდ, რუსებს ტაქტიკური ინიციატივა გააჩნიათ, რაც თანდათან იზრდება და სერიოზულ ვითარებას ქმნის დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით. აქ საგანგაშო სიტუაციაა, ამან შეიძლება ხარკოვის მიმართულებითაც გარკვეული პრობლემები შექმნას.

„თუ დასავლეთმა დახმარება არ მისცა, ეს ფრონტები სულ ჩამოიშლება და რუსეთს მიეცემა კარტ ბლანშის საშუალება. რუსებმა, მაგალითად, თუნდაც დნეპრის მარჯვენა სანაპირო მთლიანად რომ დაიკავონ, მოგების დიდი შანსი ექნებათ, უკრაინას ფაქტიურდ ორად გაიყოფა“, - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×