ნაზი ბერიძე
22.01.2024

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ დაუშვებს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც დონბასის და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას გადაეცემა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს და არასოდეს სურდა მშვიდობა,- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გარდა ამისა, მისი თქმით: „თუ ჩვენ გვინდა შევაჩეროთ პუტინი, თუ მსოფლიოს არ სურს, რომ ეს განმეორდეს, იმისთვის, რომ ეს აგრესია რამდენიმე წელიწადში არ განმეორდეს, მაშინ ჯობია ახლავე გავუმკლავდეთ მას", - განაცხადაზელენსკიმ. მისი თქმით, ევროპაში მშვიდობა მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა ყველა გაიგებს, რომ უკრაინა მართლაც დამოუკიდებელია.

ამავე დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომელზეც ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაზე უნდა იმსჯელონ.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ უკრაინა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე დათანხმდება.

"ვერანაირად ვერ ვაკავშირებ ლავროვის ნიუ იორკში ვიზიტს და ზელენსკის ამ განცხადებას. არ მივიჩნევ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იხრებოდეს კონფლიქტის გაყინვისაკენ და მითუმეტეს უკრაინის ტერიტორიების ჩამოჭრისკენ, გამორიცხულია

ზელენსკი დათანხმდება მოლაპარაკებას ტერიტორიული მთლიანობის სრულმასშტაბიან აღდგენაზე. რაც გულისხმობს როგორც დონბასის რეგიონს, ასევე ყირიმს. სრული დეოკუპაცია უკრაინის ტერიტორიების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა" -განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" ადასტურებს რომ უკრაინის მოთხოვნა ნებისმიერ შემთხვევაში ტერიტორიების დეოკუპაცია იქნება და არც იმას გამორიცხავს, რომ ლავროვის ვიზიტი ზელენსკის განცხადებასთან იყოს თანხვედრაში.

„შესაძლებელია, რომ ლავროვის ვიზიტი ნიუ იორკში უკავშირდებოდეს ზელენსკის განცხადებას. რუსეთი მოლაპარაკების ერთერთ პირობად თვლის იმას, რომ რუსეთის ჯარი დარჩეს იქ, სადაც აქვს დაკავებული ტერიტორიები. ამიტომაც რუსეთთან მოლაპარაკების ყველა საკითხის განხილვისას უკრაინა აკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ მოლაპარაკება უნდა იყოს რუსეთის ჯარის გაყვანაზე დაკავებული ტერიტორიებიდან. ეს არის ის პრობლემა, რომელმაც ჯერჯერობით შეთანხმება შეუძლებელი გახადა.

„თუ უკრაინის მხრიდან რუსეთთან კონტაქტი არ შედგა და შეთანხმების ნაბიჯები არ გადაიდგა, ეს კონფლიქტი ასე დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს,"-განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" მოლაპარაკების პერსპექტივას მხოლოდ 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობაზე დაბრუნებაში ხედავს.

„არა მგონია ლავროვის განცხადება ზელენკისას უკავშირდებოდეს. ერთადერთი შესაძლებლობა რაზეც შეიძლება დათანხმდეს ზელენსკი, ეს არის 2022 წლის 24 თებერვლის ხაზზე უკან დაბრუნება

„რაც შეეხება ყირიმს, შეიძლება დათანხმდეს, რომ ნეიტრალური სტატუსი მიეცეს და ნელ-ნელა მოხდეს მისი თვითგამორკვევა. საბოლოო ჯამში იმისთვის რომ ომი დასრულდეს, შეიძლება ერთადერთი იმაზე დათანხმდეს რომ ყირიმი დარჩეს როგორც სადავო ტერიტორია. დანარჩენი უნდა გაათავისუფლოს რუსეთმა. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვის რა წინსვლის პოტენციალი ექნება სამხედრო თვალსაზრისით", - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×