ნატალია ჯვარიძე
20.03.2024

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებაზე, რომ რუსეთმა ნატოზე თავდასხმა, შესაძლოა, 2026-27 წლებში განახორციელოს, ანალიტიკოსთა აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ პუტინი მოემზადება და ნატოს 2-3 წელში დაარტყამს. მეორე მხარე კი მიიჩნევს, რომ რუსეთს დრო არ ეყოფა და ვერ შეძლებს ძალების აღდგენას. როგორც მათ აღნიშნეს, ახლა პუტინის მთავარი ამოცანა უკრაინაში თავისი ძალაუფლების განმტკიცებაა.

„განგაშის ზარი რეკავს: 2-3 წელი გვაქვს და ამ დროში შეგვიძლია ჩვენი ძალისხმევა გავზარდოთ, მოვაგროვოთ საბრძოლო მასალა და ვაწარმოოთ იარაღი, რადგან მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ევროპული უსაფრთხოება. ყველაფერი უნდა გავაკეთეთოთ, რომ რუსეთი არ შემოეჭრას ნატოს ქვეყნებს"- აღნიშნა დუდამ.

ანალიტიკოსი ვახტანგ კაპანაძე ფიქრობს, რომ დუდას განცხადება უფრო გადაჭარბებულია, რადგან რუსეთს მიმდინარე დინამიკის გათვალისწინებით 2025 წლისთვის საბრძლო აღჭურვილობის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები უნდა შეექმნას. მისივე თქმით, პუტინი ნატოსთან დაპირისპირებას ვერ გაბედავს.

„რუსეთი ნატოზე თავდასხმას განახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინასთან შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებებს, არსებულ რესურსებს დაზოგავს და მშვიდად დაიწყებს თავისი შეიარაღებული ძალების განვითარებას, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია.

„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე მე ვერც კი წარმომიდგენია, რუსეთმა ისე შეძლოს გაძლიერება, რომ 2-3 წელიწადში ნატოს თავს დაესხას. დუდას ეს განცხადება უფრო გადაჭარბებული მგონია, რადგან ნატოს წევრი ქვეყნები გამოფხიზლდნენ და უფრო მეტი გააკეთონ თავდაცვის გაძლიერებისთვის.

„ექსპერტების გათვლებით რუსეთს მიმდინარე დინამიკის გათვალისწინებით 2025 წლისთვის საბრძლო აღჭურვილობის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები უნდა შეექმნას. აქედან გამომდინარე, პუტინი ვერ შეძლებს ნატოსთან დაპირისპირებას. თუ ასე მოხდება, უკრაინა სადღა წავა მაშინ?! ესე იგი ისინი ნატოს წევრ ქვეყნებთანაც იომებენ და უკრაინასთანაც?! ეს ხომ არარეალურია".- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიტიკოს კახა გოგოლაშვილს კი მიაჩნია, რომ პუტინს თავისი მიზნების განხორციელებისთვის ხელს არაფერი შეუშლის. მისი აზრით, ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი არ არის, თუმცა, გამორიცხულიც არაა, რომ 2-3 წელიწადში ძალები აღიდგინოს და ნატოს დაარტყას.

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი შესაძლოა ნატოს წევრ ქვეყნებს თავს დაესხას, უფრო ანალიტიკური მგონია, ვიდრე სადაზვერვო. მეეჭვება ახლა პუტინი რაიმე გეგმას ადგენდეს 2026-27 წლებში თუ როგორ უნდა დაარტყას ნატოს, საიდან უნდა შეუტიოს და ა.შ. ამ ეტაპზე რუსეთი ამისთვის მზად არ არის, თუმცა, იქამდე 2-3 წელია და პუტინი რას მოიფიქრებს, არავინ იცის, მითუმეტეს, ხელს არაფერი უშლის. პრეზიდენტობის 6 წელი განაღდებული აქვს და თვითონ ქვეყნის შიგნით ყველაფერი თავის გემოზე აქვს დალაგებული.

„ოპოზიცია სულ გაანადგურა, მათ მოსპობას კიდევ გააგრძელებს და აღარავის დატოვებს, ვინც შეძლებს მასთან შეწინააღმდეგებას.

„ანჯეი დუდამ ალბათ იგულისხმა ის, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან და ისინი დამარცხდებიან, მაშინ რუსეთი მოემზადება სხვა აგრესიისთვის, რასაც მე არ გამოვრიცხავ.

„რუსეთისთვის ახლა მთავარი ამოცანაა, რომ უკრაინასთან რაიმე შედეგზე გავიდეს და სტაბილურად უკრაინის ტერიტორიაზე დამკვიდრდეს. ერთდროულად ნატოს რომელიმე ქვეყანას დაუპირისპირდეს და უკრაინასთანაც გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები, ამდენს ვერ გაბედავს, მაგრამ ამისთვის მოემზადება და 2-3 წელი მაინც დასჭირდება". - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×