თამთა ჩაჩანიძე
12.04.2024

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის პროკურატურამ ბრალი 34 მძიმე დანაშაულში წაუყენა და თუ 15 აპრილს სასამართლომ ყველა ბრალდებაში გაამტყუნა, თეორიულად მას ათ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა როგორც ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, ასეთი დრამატული სცენარი ნაკლებად სავარაუდოა და ტრამპს სავარაუდოდ პირობით 4 წლამდე პატიმრობას მისუჯიან.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპის დაპატიმრების შანსი მინიმალურია, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ფინანსური საქციები დააკისრონ. მას ჩვეულებრივად შეეძლება საპრეზიდენტო კამპანიის გაგრძელება და გაპრეზიდენტებაც კი.

„ტრამპს ვერ დააპატიმრებენ, რადგან, ჯერ ერთი, მას იმუნიტეტი აქვს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს. მეორეც, უზენაესმა მთავარმა სასამართლომ მწვანე აუნთო, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო და არა მგონია, რომ შტატის სასამართლომ ზეგავლენა მოახდინოს. აქ უკვე პოლიტიკური კონიუქტურაა, ვერავინ ვერ გაბედავს დააპატიმროს. შესაძლოა ფინანსური ჯარიმის გადახდა დააკისრონ და ამით ამოიწურება ყველაფერი.

„ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატია, პრამიერისზე გაიმარჯვა და ჩვეულებრივად შეეძლება კამპანია აწარმოოს და გაპრეზიდენტეს კიდეც. ესაა რიგითი სასამართლო, რომელიც პოლიტიკური კონიუქტურის გამო მაგდენს ვერ გაბედავს. თუ სასამართლომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო თუნდაც დაპატიმრებაზე, არაა გამორიცხული, რომ თავად აშშ-ის მოსახლეობაში პოლარიზაცია გაღრმავდეს, თუმცა არ მგონია სიტუაცია ასე დაიძაბოს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ტრამპის მისამართით მთავარი ბრალდება ბიზნეს ჩანაწერების გაყალბება და 130,000 დოლარის გადახდაა პორნოვარსკვლავ სტორმი დანიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ, რომელსაც სავარაუდოდ ტრამპთან წარსულში სექსუალური ურთიერთიბა ჰქონდა. როგორც ბრალდებაშია აღნიშნული, 2016 წელს საპრეზიდენტო კამპანიის წინ, ტრამპის ადვოკატმა პორნოვარსკვლავს, ფული დუმილის სანაცვლოდ გადაუხადა. დენიელსის თქმით, თანხა მიიღო, მერე კი მას ფიზიკური შევიწროებითა და სასამართლოში ჩივილით ემუქრებოდნენ.

მეორეს მხრივ, ტრამპი დაუპირისპირდა მოსამარლე ხუან მერჩანს, რომელმაც შესაძლოა მისი ბედი გადაწყვიტოს. მერჩანი მიუღებლად მიიჩნევს სოცმედიაში ტრამპის მხრიდან მის ქალიშვილზე თავდასხმას, რომელიც დემოკრატების კამპანიაში აქტიურადაა ჩართული და აკრიტიკებს რესპუბლიკელებს. მერჩანმა თქვა, რომ ტრამპს აქვს მოსამართლეებისა და ადვოკატების ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტები მის იურიდიულ საქმეებში.

ნიუ ორკელი ადვოკატმა ჯონ მოსქოუმ, რომელმაც მანჰეტენის საოლქო პროკურატურაში 30 წელი გაატარა, USA Today-ს განუცხადა, რომ ტრამპის ასეთმა საქციელებმა შესაძლოა დაუმძიმოს სასჯელი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ნიუ-იორკის სასამართლომ ტრამპი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეზე დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. როგორც მოსამართლემ დაადგინა, ტრამპი საოჯახო ბიზნესის ღირებულებФს ათი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 3.6 მილიარდით ხელოვნურად ზრდიდა, რამაც მას საშუალება მისცა, ესარგებლა უფრო ხელსაყრელი სასესხო პირობებით.

სასამართლომ ტრამპს ასევე სამი წლის ვადით აუკრძალა, იყოს ნიუ-იორკის რომელიმე კომპანიის თანამშრომელი ან დირექტორი. ამავე პერიოდის განმავლობაში, ტრამპს და მის კომპანიებს ეკრძალებათ ნიუ-იორკში ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტისგან სესხის აღება. გარდა ამისა, სასამართლომ ტრამპის შვილებს, დონალდ უმცროსს და ერიკს 4 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში. მათ 2 წლით ასევე აეკრძალათ ნიუ-იორკის კომპანიების მართვა.

ტრამპის ორგანიზაციის ყოფილი ფინანსური დირექტორი ალენ ვაისელბერგი, რომელმაც დანაშაული აღიარა ცალკე საგადასახადო თაღლითობის საქმეში, გადაიხდის მილიონი დოლარის ღირებულების ჯარიმას. სასამართლომ მას სამუდამოდ აუკრძალა ნიუ-იორკის რომელიმე კომპანიის ფინანსების მართვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×