ნატალია ჯვარიძე
22.04.2024

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცახადებით, დასავლეთს უკრაინაში ჯარების შეყვანამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, თუმცა, მისი მტკიცებით, ბუდაპეშტის ამაში ჩათრევას არ დაუშვებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ნატოს უკრაინაში ჯარების შეყვანის ვარიანტი გამორიცხულია და ორბანის ეს განცხადება მისი პირადი ინტერპრეტაციაა.

„ევროპის ლიდერები უკვე ჩაფლული არიან ომში, ისინი ომს აღიქვამენ როგორც საკუთარ ომს და აწარმოებენ მას, როგორც საკუთარ ომს. ფული, ფული, იარაღი, მაგრამ ვითარება არ უმჯობესდება, ერთი ნაბიჯი გვაშორებს დასავლეთის მიერ ჯარების უკრაინაში გაგზავნას.

„ჩვენ უნგრელებმა ვიცით რა არის ომი. ჩვენთვის საკმარისია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ. ეს ჩვენი ომი არ არის. არ გვინდა ომი და არ გვინდა, რომ უნგრეთი კვლავ იქცეს დიდი სახელმწიფოების სათამაშოდ. ამიტომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მშვიდობას - შინ, ბრიუსელში, ვაშინგტონში, გაეროსა და ნატოში" - წერს ორბანი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად საუბარი იყო მხოლოდ ჩაფხუტების გაგზავნაზე, შემდეგ კი მკაცრ სანქციებამდე, თვითმფრინავებისა და მილიარდობით ევროს გადაცემამდე მივიდნენ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია„რეზონანსთან" აცხადებს, რომ ორბანის ეს განცხადება მისი პირადი ინტერპრეტაციაა და ნატო უკრაინაში ჯარების შეყვანას არ აპირებს. მისივე განმარტებით, ეს ორბანის მორიგი პოპულისტური გამოსვლაა, როგორც ახასიათებს ხოლმე.

„ორბანის ეს განცხადება მისი პირადი ინტერპრეტაციაა, რადგან ნატოს ჯარების უკრაინაში შეყვანა გამორიცხულია. ეს მისი მორიგი პოპულისტური გამოსვლაა, როგორც ახასიათებს ხოლმე. ეტყობა მან ნატო არ იციც რა არის და არ ესმის მათი განცხადებების შინაარსი. თუ ინდივიდუალურად ალიანსის წევრი ქვეყნები გადადგამენ ამ ნაბიჯს, ეს სხვა საკითხია, თუმცა, როგორც ამას ორბანი ამბობს რა თქმა უნდა, ეგრე არაა.

„გარკვეული ევროპის ქვეყნებიდან მოხალისეები კი იბრძვიან იქ. მაკრონმაც კი გააკეთა განცხადება, რომ უკრაინაში რაღაც გარკვეულ კონტიგენტს გაუშვებენ, ოღონდ ეროვნულ კონტიგენტს და არა ნატოს შემადგენლობიდან, ეს ორი განსხვავებული ცნებაა. ასე რომ, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ნატო ომში არ ჩაერთვება, თუ მას პუტინი თავს არ დაესხმევა" - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

საერთაშორისო ექსპერტის ნიკა ჩიტაძის შეფასებითაც უკრაინაში ჯარების გაგზავნა ნაკლებად მოსალოდნელია. როგორც მან აღნიშნა, ორბანის ეს გაცხადება მორიგი ბლეფია, რათა რუსეთს თავი მოაჩვენოს, რომ მათდამი ლოიალურად განწყობილია.

„ამ ეტაპზე უკრაინაში ჯარების გაგზავნა ნაკლებად მოსალოდნელია. აშშ-ის კონგრესი როცა საბოლოოდ დაამტკიცებს 70 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს, არამგონია ჯარების შეყვანა საჭირო გახდეს.

„ორბანის ეს გაცხადება მორიგი ბლეფია, რადგან რუსეთს თავი მოაჩვენოს, რომ მათთვის ლოიალურად განწყობილია. კი ბატონო, ამას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც მხარს უჭერს, თუმცა, არ ნიშნავს, რომ ნატოს ჯარი უშუალოდ ომში ჩაერთვება. ამრიგად, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი რეალობისგან ძალიან შორსაა" - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×