
გამოფიტული - თუმცა დამარცხებულისგან შორს მყოფი - უკრაინა 2026 წელს მცირე სამხედრო არჩევანით ხვდება, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისგან კრიტიკულად მნიშვნელოვანი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე შეთანხმება უკვე მიღწეულია - აღნიშნული დაფინანსება დაეხმარება კიევს, 2027 წლის ბოლომდე შეინარჩუნოს თავდაცვის არსებული ინტენსივობა, თუმცა ის ვერ მოიტანს გარდატეხას ბრძოლის ველზე არსებულ პერსპექტივებში, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
ხმელეთზე, პირველ რიგში, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. რუსეთი ინიციატივას 2024 წლიდან ინარჩუნებს, თუმცა ტერიტორიებს მხოლოდ მცირედით, ნაბიჯ-ნაბიჯ იკავებს; ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ის მუდმივად გზავნის ცოცხალ ძალას ფრონტის ხაზის „ხორცსაკეპ მანქანაში“. 2025 წლის განმავლობაში, ნოემბრის ბოლომდე, რუსეთის წინსვლა თვეში საშუალოდ 176 კვადრატულ მილს შეადგენდა - ამის ფასი კი 382 000 დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცია.
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდისას აცხადებდა, რომ უკრაინა განწირულია დონეცკის ოლქის დარჩენილი 22%-ის დასაკარგად. რუსეთის წინსვლის ამჟამინდელი ტემპით, ამას სულ მცირე ერთი წელი დასჭირდება, ხოლო თუ მხედველობაში მივიღებთ უპირატესად ურბანულ გარემოს, შესაძლოა მეტიც.
მიუხედავად ამისა, კვლავ არსებობს კითხვები უკრაინის სტრატეგიასა და ფრონტის ხაზის საშუალოვადიან მდგრადობასთან დაკავშირებით, რუსული ტაქტიკის მცირედი გაუმჯობესების ფონზე. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინის ფრონტი სამჯერ შეირყა: აგვისტოში - დონეცკის ოლქში, დობროპილიას აღმოსავლეთით; ზაფხულის მიწურულსა და შემოდგომის დასაწყისში - ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის ჩრდილოეთით; და კვლავ ნოემბერში - ზაპოროჟიეს ოლქში, გულიაიპოლეს აღმოსავლეთით.
ყველა ამ შემთხვევაში, დაქანცულმა დამცველებმა ვერ შეძლეს რუსი ინფილტრატორების მოგერიება, რომლებიც მცირე ჯგუფებად იპარებოდნენ. კუპიანსკში რუსებმა თავდასხმებისას მიწისქვეშა გაზსადენები გამოიყენეს. თუმცა, დობროპილიასთან გარღვევა ორ თვეში აღიკვეთა; კუპიანსკში მილსადენები გადაიჭრა ან მათი გამოსასვლელები იყო ბლოკირებული, რის შედეგადაც დეკემბერში რუსებმა უკან დაიხიეს.
ეკონომისტი იანის კლუგე ვარაუდობს, რომ რუსეთი თვეში დაახლოებით 30 000 ახალ რეკრუტს იწვევს, რაც საკმარისია მიმდინარე დანაკარგების შესავსებად, თუმცა აშკარად არასაკმარისია ომის მსვლელობაში გარდატეხის შესატანად.
უკრაინაში რეკრუტირების მაჩვენებელი უფრო დაბალია - გავრცელებულ ინფორმაციას თვეში 27 000 ახალწვეულის შესახებ ეჭვქვეშ აყენებს სხვა ანგარიშები, რომელთა მიხედვითაც რეალური ციფრი ამის მესამედს შეადგენს.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი უკრაინელი შიშობს, რომ კიევის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში კონტრშეტევების ინტენსიურმა გამოყენებამ - ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრამ, შემდეგ კი სპეციალური მოიერიშე ქვედანაყოფების გამოყენებამ რუსეთის წინსვლის შესაჩერებლად ქალაქ პოკროვსკში, რომლისთვისაც ბრძოლა დღემდე გრძელდება - სტრატეგიული სუსტი წერტილი შექმნა. კურსკში შეჭრამ, მართალია, მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინელთა მორალური სულიკვეთება აამაღლა, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში სხვა მნიშვნელოვან შედეგს ვერ მიაღწია, გარდა იმისა, რომ რუსეთის წინსვლა სხვა მიმართულებებზე შეაფერხა.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ე.წ. „სირსკის დანაყოფებმა“ იმდენად მძიმე დანაკარგები განიცადეს, რომ უკრაინას აღარ დარჩა საკმარისი რეზერვები და არსებული რესურსი მხოლოდ ფრონტის ხაზზე წარმოქმნილი კრიზისების მოსაგვარებლად თუა საკმარისი. კურსკის ოპერაციის შემდეგ, როგორც ჩანს, უკრაინას ხმელეთზე მოულოდნელობის ეფექტის შექმნის რესურსი აღარ გააჩნია.
„კიევის ერთ-ერთი იმედი ისაა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში რუსეთი როგორმე „გატყდება“, თუმცა ევგენი პრიგოჟინის მოსკოვისკენ ლაშქრობის ჩავარდნის შემდეგ, ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობის მყისიერი ნიშნები ნაკლებად შეიმჩნევა. რუსეთის ეკონომიკა კვლავ აგრძელებს ზრდას, თუმცა არა ისეთი ტემპით, როგორც ადრე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 0.6%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია სტატიაში.
„მოვლენები შესაძლოა ყველაზე სწრაფად პოლიტიკურ ფრონტზე განვითარდეს, კონკრეტულად კი თეთრ სახლში - იმის მიხედვით, თუ როგორ იმოქმედებს დონალდ ტრამპი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით აქამდე განხორციელებული წარუმატებელი მცდელობების შემდეგ. კვლავ არსებობს რისკი, რომ აშშ-ის განრისხებულმა პრეზიდენტმა კიევს სადაზვერვო მონაცემების მიწოდება შეუწყვიტოს, თუ ზელენსკი კვლავ უარს იტყვის ტერიტორიების დათმობაზე, თუმცა ნამდვილი სიურპრიზი იქნება, თუ აშშ უკრაინისთვის იარაღის მიყიდვას შეწყვეტს. ასევე არსებობს იმედი, რომ ტრამპის პროკრემლისტურ კურსს შესაძლოა ხელი შეუშალოს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ სუსტმა შედეგებმა. უკრაინის ყველაზე რეალისტური პერსპექტივაა, შეეცადოს, რომ რუსეთი, უარეს შემთხვევაში, ამჟამინდელ, თითქმის უმოქმედო მდგომარეობაში შეაჩეროს, იმ იმედით, რომ საბოლოოდ რაიმე ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება. თუმცა კიევის პრობლემა ისაა, რომ ვიდრე ვლადიმირ პუტინს ჰგონია, რომ ტრამპთან მოლაპარაკებებით რაღაცას გამორჩება, ის ბრძოლის შეწყვეტის არანაირ მყისიერ ზეწოლას არ განიცდის“, - ნათქვამია სტატიაში.