
დახვედრის ოფიციალური ცერემონია "სერბეთის სასახლეში" ქართული დელეგაციის პატივსაცემად გაიმართა. პრეზიდენტის რანგში, მიხეილ ყაველაშვილი ბელგრადს პირველად ესტუმრა. საქართველოს პრეზიდენტს, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, სერბმა კოლეგამ უმასპინძლა.
პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ალექსანდარ ვუჩიჩმა და მიხეილ ყაველაშვილმა პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ვუჩიჩის სიტყვებით, სერბეთში რთულია ისეთი ადამიანის პოვნა , რომელსაც საქართველო არ უყვარს. სერბეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული კავშირი კი ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობას განსაზღვრავს.
სერბეთი საქართველოს მსგავსად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც სერბეთს გააჩნია ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით. ეს გამოცდილება, მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, რადგან საქართველოს ევროპული ბიუროკრატია არასამართლიანად ეპყრობა.
შეხვედრა, გაფართოებულ ფორმატშიც გაიმართა. დელეგაციის წევრებმა რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე შუა დერეფნის მნიშვნელობა განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა , რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობისა და სტაბილურობის ვექტორი ურყევია და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში კეთილდღეობის წინაპირობაა. საქართველოს მთავრობის პოლიტიკა განსაკუთრებულად გამოყო სერბეთის პრეზიდენტმა. ალექსანდარ ვუჩიჩმა თქვა, რომ საქართველო თავისი მიღწევებით, რეგიონში წარმატების მოდელი ქვეყანაა.
ბელგრადში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სერბეთის ეროვნული კრების თავმჯდომარესაც შეხვდა. ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები და საქართველო სერბეთის პარლამენტთაშორისო დიალოგის ხელშეწყობა - მთავარი განსახილველი საკითხები იყო. საქართველოს პრეზიდენტს სამუშაო სადილზე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმაც უმასპინძლა. შეხვედრას არ ჩაუვლია ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივაზე საუბრის გარეშე. ქართული დელეგაციის წევრებმა, რომლებიც ოფიციალურ დონეზე გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ, ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასეს.
დატვირთული დღის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტმა ავალას მთაზე, უცნობი გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკო. მიხეილ ყაველაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის ვიზიტი სერბეთში, ხვალ დასრულდება.