
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს. კახა კალაძე აცხადებს, რომ ოჯახთან ერთად სტამბოლის აეროპორტში იმყოფება და თბილისში ბრუნდება.
ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებისთვის ჩარტერები დააორგანიზა.
"გადავწყვიტე ვიდეო ჩამეწერა, რადგან უამრავი ადამიანი რეკავს, უამრავი ადამიანი კითხულობს თუ როგორ ვართ, სად ვართ, როდის ვბრუნდებით თბილისში. სტამბოლის აეროპორტში ვართ ახლა მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი პატარა და თბილისში ვბრუნდებით. იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება მართლაც, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი.
ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე დუბაიში, აბუ-დაბიში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობამ დააორგანიზა ჩარტერები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრს ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება. ვისაც სურვილი გაქვთ დაბრუნების, აუცილებლად უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს და გამოიყენეთ აღნიშნული შესაძლებლობა. ომანიდან არის ფრენები. ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვები იყო, უამრავი ზარი იყო ანუკასთან თუ როგორ შეიძლება ომანში მოხვედრა მანქანით, ყოველგვარი პრობლემების გარეშე. გზა არის აბსოლუტურად უსაფრთხო.
ჩამოვფრინდით სტამბოლში და დღეს ღამე ვიქნებით თბილისში. ვისაც სურვილი გაქვთ დუბაიდან და აბუ-დაბიდან დაბრუნების, საქართველოს მთავრობამ დააორგანიზა სპეციალური რეისები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. მშვიდობა მინდა ვუსურვო მსოფლიოს, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას. მგონი, ყველა ვხვდებით რომ ამაზე ძვირფასი არაფერია. გარდა ამისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დედებს მივულოცო დღევანდელი დღე. მინდა ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ, იყავით ბედნიერები, გახარებულები. მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ დედაჩემი ჩემს გვერდით არის და დედასაც ვულოცავ, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო. ყველა დედას, ყველა ქალს გილოცავთ დღევანდელ დღეს, იყავით ბედნიერები, დღეგრძელები, სიხარული და ბედნიერება არ მოგაკლოთ ღმერთმა," - აღნიშნა კახა კალაძემ.