
ჩვენთვის მთავარია საქართველოს გადარჩენა და ამიტომ ვართ ალიანსში. ავია თუ კარგია, ვუყვარვართ თუ არ ვუყვარვართ, ამას მეასეხარისხოვან ყურადღებას ვაქცევთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ბარამიძის თქმით, ვალდებული არიან, ითანამშრომლონ პარტიებთან, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს.
„სულელი არავინ არის და ყველამ ძალიან კარგად იცის „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩვენი გუნდის, პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდის ძალა. სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, მთელი ამ წლების განმავლობაში ამოღებულია მიზანში პუტინის და პუტინის მარიონეტული რეჟიმის მიერ. ეს შემთხვევით არ არის. პრეზიდენტი სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ რომ არ წარმოადგენდნენ ქართულ საზოგადოებას, მაშინ ეს რეჟიმი ამდენ რესურსს არ დახარჯავდა. დანარჩენი - ვინ, რას, რატომ ლაპარაკობს, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ.
ჩვენთვის მთავარია საქართველოს გადარჩენა და ამიტომ ვართ ალიანსში. ავია თუ კარგია, სუსტია თუ ხანდახან აბსოლუტურად არაობიექტურია, ჩვენ ვუყვარვართ თუ არ ვუყვარვართ, ვძულვართ თუ არ ვძულვართ, ამას მეასეხარისხოვან ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენთვის ფასი აქვს საქართველოს ერთიანობას, ქართველი ხალხის ერთიანობას და ვალდებული ვართ, ვითანამშრომლოთ პარტიებთან, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს და ნაკლები ყურადღება მივაქციოთ მათი მხრიდან ტალახის სროლას, არასწორ შეფასებებს.
მიხეილ სააკაშვილის მიდგომა არის ეს, ჩვენი პარტიის, ჩვენი გუნდის მიდგომაა, რომ წინა პლანზე დავაყენოთ საქართველო, წყენები, რაღაცა შეურაცხყოფები ნაკლებად შევიმჩნიოთ. საერთოდ რომ არ შევიმჩნიოთ, ეს შეუძლებელია და ამიტომ, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი საჭიროდ მიიჩნევს, პასუხსაც სცემს. როგორც ადრე პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, საქართველო გატაცებული ჰყავთ ტერორისტებს. ამ თვითმფრინავში ვართ ჩვენც და უნდათ, რომ დაანარცხონ დედამიწაზე. ამიტომ, ვინც ამ თვითმფრინავში ვართ, გვიყვარს ერთმანეთი თუ არა, უნდა გავერთიანდეთ, რომ ამ ტერორისტებს გამოვტაცოთ ხელიდან მართვის სადავეები, საქართველო უსაფრთხოდ დავსვათ მშვიდობიან აეროპორტში, რასაც ჰქვია ნატო, ევროკავშირი, საქართველოს გამთლიანება და ქვეყნის კეთილდღეობა“, - განაცხადა ბარამიძემ.