რეზონანსი
01.06.2021

საქართველოს მოქალაქეებმა კონსტიტუციის პრეამბულაში ავსახეთ ჩვენი „ურყევი ნება, დავამკვიდროთ სამართლებრივი სახელმწიფო“, რაც, პირველ რიგში, ქვეყანაში რეალურად დანაწილებული ხელისუფლებების შექმნას გულისხმობს. ამდენად, თუ ქართული სასამართლო არ ჩამოყალიბდა კანონმდებლისგან რეალურად დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ინსტიტუტად, ვერც ადამიანის უფლებებს დავიცავთ ეფექტურად და არც ევროპის სამართლებრივი სივრცის ნაწილად გვაღიარებს ვინმე. დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო უნდა იყოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის გარანტი, რითვისაც მოსამართლეებად პიროვნული და პროფესიული თვისებებით გამორჩეულ იურისტებს ამწესებენ.

ფაქტია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს ფორმირების პროცედურების მიმართ უკვე ოვროპელი მეგობრებიც და ამერიკელი „სტრატეგიული პარტნიორებიც“ ღიად გამოთქვამენ პრეტენზიებს. მიუხედავად ამისა, არც საერთაშორისო ავტორიტეტულ და არც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რატომღაც, დღემდე არ გაუმახვილებიათ ყურადღება იმ ფაქტზე, რომ იუს–მ და პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობები ისე შეარჩია, თავად იუს-ს არამოსამართლე წევრების თანამდებობაზე გამწესების კანონიერებაა დღემდე სადავო... 

ვინაიდან 2017 წელს იუს-ს არამოსამართლე წევრთა ასარჩევი კონკურსები არსებითი კანონდარღვევებით ჩატარდა, მათი გაუქმების მოთხოვნით პარლამენტის წინააღმდეგ 3 სარჩელია შეტანილი... საქმის მასალებით დასტურდება, რომ კონკურსები, ფაქტობრივად, არ ჩატარებულა, ხოლო პარლამენტისა და სასამართლოს მესვეურები ერთმანეთში შეთანხმდნენ კვოტებისა და ასარჩევი კანდიდატურების თაობაზე (საკუთარი „წარმომადგენლები“ აარჩევინეს დეპუტატებს...). ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ იუს-ს 4 არამოსამართლე წევრი პარლამენტმა ისე აირჩია, რომ მათთვის არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და არც პარლამენტის სხდომაზე ერთი კითხვაც არავის დაუსვამს...

იუს-ს გადაწყვეტილებაუნარიანობის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა დეპუტატებს იუს-დან ხუთივე არამოსამართლე წევრის გამოწვევა შესთავაზა, რითაც, ფაქტობრივად, აღიარა მათი არჩევისას დაშვებული შეცდომები. იუს-ს მოსამართლე წევრმა, ირაკლი შენგელიამაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ არამოსამართლე წევრები გარიგების საფუძველზე გამწესდნენ თანამდებობებზე, როდესაც საჯაროდ განაცხადა, ნაზი ჯანეზაშვილი იუს–ში მოხვედრას მიხეილ ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდესო... როგორც ჩანს, შენგელია, კარგად არის ინფორმირებული ხელისუფლების კულუარებში მიმდინარე გარიგებების თაობაზე... მართალია, ქალბატონ ნაზის აქტიურობამ იუს-ს სხდომები პარლამენტისას დაამსგავსა, მაგრამ შესაბამის ორგანულ კანონში ჩადებული არაგონივრული მექანიზმი საშუალებას აძლევს მოსამართლეთა კორპორაციას (ოჯახს, „კლანს“, რომელიც 9 წევრით არის წარმოდგენილი), მათი ინტერესების დამცველი არამოსამართლე წევრების (ქადაგიძე, ხარებავა, გზირიშვილი) დახმარებითაც მიეღოთ სასურველი გადაწყვეტილებები (რამოდენიმე მოწინააღმდეგე ვერაფერს ცვლის)...

იუს-ს წევრის ზემოაღნიშნული განცხადებითაც დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტი და სასამართლო, ფაქტობრივად, ერთიანი ორგანიზმია, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით აღიარებულ პრინციპებს ხელისუფლებათა დანაწილების თაობაზე. არადა, ყველაზე დიდი საფრთხე ქართულ სახელმწიფობრიობას იმ შემთხვევაში შეექმნება, თუ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება კვლავ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ მართული დარჩება, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვისას შენიშნა და გადაწყვეტილებაშიც ვერ დამალა გაოგნება თუ გაოცება დეპუტატებისა და მოსამართლეების „კოორდინირებული მოქმედების“ გამო... შესაბამისად, გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ ჰყოფნით მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტში წარსადგენად იუს-ს წევრთა მხოლოდ 2/3–ის მხარდაჭერა, ხოლო „უზენაეს“ თანამდებობაზე გასამწესებლად _ პარლამენტის „უბრალო უმრავლესობა“... 

ვინაიდან პარლამენტთან დავაც, სავარაუდოდ, იმავე მიზეზით გაჭიანურდა (5 წლის წინ შეტანილი სარჩელების თაობაზე საკასაციო ინსტანციას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია...), 2019 წლის 16 ივლისს სასამართლოში უკვე უშუალოდ იუს-ს წინააღმდეგ შევიდა სარჩელი, რომლითაც ჯერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცედურის შეჩერება იქნა მოთხოვნილი, შემდეგ კი _ იუს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაც... ლოგიკურია, სასამართლომ არც ამ შემთხვევაში დააკმაყოფილა შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და არც ამ საქმის განხილვა დაწყებულა დღემდე... 

ცალკე მსჯელობის თემაა პრეზიდენტის მიერ ჩატარებული კონკურსიც. მართალია, არავის გაუსაჩივრებია, მაგრამ ფაქტია, რომ იუს–ში ანა დოლიძის შემცვლელი კანონის მოთხოვნის ხელყოფით დაინიშნა... ამდენად, იუს-ს 15 წევრიდან 6-ის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას (ერთს უფლებამოსილება 21 მარტს შეუწყდა, თუმცა პარლამენტს შემცვლელი დღემდე არ აურჩევია, რითაც კანონი დაირღვა...), ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მოსამართლეების მიერ ერთხმად (ცხადია, ერთხმად და სრულიად „დამოუკიდებლად“...) იუს-ს 4 ახალი წევრის შერჩევის ფაქტმა კიდევ უფრო გაამწვავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული პრობლემა და გააღრმავა უნდობლობა მთლიანად სასამართლო ხელისუფლებისადმი. მით უმეტს, იმ ვითარებაში, როდესაც ე.წ. ვენეციის კომისია უზენაესი სასამართლოსთვის „რაც შეიძლება ასაკოვანი, გამოცდილი და დამოუკიდებელი“ იურისტების მოძიებას გვირჩევდა, ხოლო იუს-ს წევრებმა, ფაქტობრივად, მხოლოდ „ოჯახიდან“ შეარჩიეს ახალგაზრდები და უვადოდ გაამწესეს... 

ამდენად, უზენაეს სასამართლოსთან ერთად, უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოსაც ეძლევა შანსი, პარლამენტის გარდა, იუს–შიც „აღადგინოს სამართლიანობა“. თუ მოსამართლეები (ვაჩაძე, წულაძე, ბაქაქური, მეშველიანი) კანონით იხელმძღვანელებენ და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ, ამ ან მომავალ პარლამენტს იუს-ს ახალი მოსამართლე წევრების შერჩევა მოუწევს, ხოლო იუს-ს მიერ ჩატარებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების A შესარჩევი კონკურსების შედეგები გაუქმდება, საშუალებას მოგვცემს იუს-ს წევრთა და მოსამართლეთა შერჩევის გაცილებით გონივრული პროცედურები შევიმუშაოთ.

დარწმუნებული ვარ, თუ იუს-ს წევრების ან მოსამართლეების შესარჩევ კონკურსებთან მიმართებით თავად სასამართლო ხელისუფლებამ არ აღადგინა სამართლიანობა და საკუთარი დამოუკიდებლობა არ დაიცვა, რეალური საფრთხეა, სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად, პლუტოკრატიული (თვითნებობასა და ტყუილებზე დაფუძნებული რეჟიმი) შეგვრჩეს ხელში. საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკოსებმაც სრულად უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობა და არ დაუჭირონ მხარი საეჭვო რეპუტაციის კანდიდატების არც იუს–ში და არც უზენაეს სასამართლოში გამწესებას, რითაც საქართველოს ევროპულ კავშირში ინტეგრაციის შანსს მაინც შეუნარჩუნებენ.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×