ნიკა ჩიტაძე
20.07.2023

მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა სახის სანქციების დაწესებასთან ერთად საერთაშორისო საზოგადოების მიერ ეტაპობრივად ხდება ახალი და უახლესი ისტორიის განმავლობაში მიმდინარე ისტორიული პროცესების გადახედვა. კერძოდ, ბევრი ქვეყანა უკვე განსხვავებულად აღიქვამს რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის და სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ სხვადახვა ხალხებისა და ქვეყნების მიმართ წარმოებულ აგრესიულ და დამნაშავე პოლიტიკას.

მოცემულ შემთხვევაში, ალბათ აუცილებელია იმის აღიარება, რომ ცივი ომი არ დასრულებულა 1990-იანი წლების დასაწყისში და მან მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული ფორმა მიიღო. კერძოდ, ერთის მხრივ დაიშალა მსოფლიო კომუნისტური სისტემა და ბევრი, პირველ რიგში კი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობა რუსეთის ჩათვლით ცენტრალიზებული გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა, მაგრამ, გეოპოლიტიკური დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს, ანუ ატლანტიზმსა და ევრაზიანიზმს შორის კვლავ გაგრძელდა. მაგალითად, თუ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე საბჭოთა იმპერიის გეოპოლიტიკური გავლენის სფეროდ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და სხვა კომუნისტური რეჟიმის მქონე ქვეყნები (ჩინეთის გარდა) მოიაზრებოდნენ, მოცემულ ქვეყნებზე გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გავლენის დაკარგვის შემდეგ სსრკ-ის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაცია თავისი გეოპოლიტიკუირი გავლენის სფეროდ მოიაზრებდა ყოფილ საბჭოთა სივრცეს (ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გამოკლებით), რომელსაც კრემლი უწოდებდა და უწოდებს „ახლო საზღვარგარეთს". გარდა ამისა, რუსეთსა და დასავლეთს შორის გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე გეოპოლიტიკური დაპირისპირების ნათელი მაგალითებია რუსეთის მიერ ჩარევა საქართველოსა და მოლდოვაში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტებში, კრემლის მიერ ბოსნიელი სერბების მხარდაჭერა ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში მიმდინარე ომში (1992-1995 წწ.) და რუსეთ-ნატო-ს დაპირისპირების ფონზე იუგოსლავიის პრეზიდენტის, მილოშევიჩის რეჟიმის მხარდაჭერა კოსოვოს კონფლიქტში 1999 წელს, რუსეთის მიერ გაჩაღებული ორი სისხლიანი ომი ჩეჩნეთში და აშშ-ის მიერ ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებული საომარი მოქმედებების კრიტიკა, 2008 წელს საქართველოს, ხოლო 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, ნატო-ს და ევროკავშირის გაფართოების კრიტიკა, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს მიმდინარე საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნებში უხეში ჩარევა და რუსეთისათვის მისაღები პოლიტიკური ძალების წახალისება, ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული ენერგეტიკული შანტაჟი და რუსეთის ნავთობისა და გაზის რესურსების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, ასევე შანხაის ხელშეკრულების ორგანიზაციის (ჩინეთთან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან ერთად) და ბრიქსის (BRICS) (ბრაზილიასთან, ინდოეთთან, ჩინეთთან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან ერთად) სახით ანტიდასავლური კავშირების ჩამოყალიბება. ყოველივე ზემოაღნიშნულის „დაგვირგვინება" კი რა თქმა უნდა გახლავთ 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი აგრესია.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის კვალობაზე არ არის გამორიცხული, რომ ადრე თუ გვიან საერთაშორისო საზოგადოებამ დღის წესრიგში (სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებულ რეზოლუციებზე დაყრდნობით) უნდა დააყენოს რუსეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაული. კერძოდ:

- ცნობილია, რომ 1939 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერით ნაცისტურმა გერმანიამ და კომუნისტურმა საბჭოთა კავშირმა გადაანაწილეს თავიანთი გავლენის სფეროები ევროპაში და ფაქტობრივად ერთდროულად დაიწყეს აგრესიული სამხედრო ოპერაციები სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი კი მოხდა მას შემდეგ, რაც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერით საბჭოთა კავშირმა გერმანიას საომარი მოქმედებების დასაწყებად მწვანე შუქი აუნთო, რასაც ერთ კვირაში მოჰყვა გერმანიის თავდასხმა პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. მოგეხსენებათ, რომ სწორედ ეს დღე გახლავთ აღიარებული როგორც მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღე. უკვე იმავე წლის 17 სექტემბერს, სსრკ-მა პოლონეთს აღმოსავლეთი მიმართულებიდან შეუტია. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო გერმანია, არამედ საბჭოთა კავშირიც გახლავთ მეორე მსოფლიო ომის მთავარი გამჩაღებელი ქვეყანა, რაც დასტურდება იმ ფაქტით, რომ თუ შემდგომში გერმანიამ მოახდინა ჩრდილოეთ თუ დასავლეთ ევროპის რიგი ქვეყნების ოკუპაცია, სსრკ 1939 წლის ზამთარში თავს დაესხა ფინეთს, ასევე 1940 წელს მიიტაცა რუმინეთის ტერიტორიის ნაწილი და განახორციელა ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკის ოკუპაცია. მეორე მსოფლიო ომის შედეგები საბჭოთა ხელისუფლებამ და შემდგომში რუსეთმა კარგად გამოიყენა საკუთარი პროპაგანდისთვის, როდესაც მოსკოვში, როგორც „განმათავისუფლებელი ქვეყნის" დედაქალაქში ყოველწლიურად იმართებოდა ნაციზმსა და ფაშიზმზე გამარჯვების იუბილეები, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა, მათ შორის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებს ყოველწლიურად იწვევდნენ.

ზემოაღნიშნული ფაქტები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საბჭოთა იმპერიას მეორე მსოფლიო იმის დაწყებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის და მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია 80-ზე მეტი წლის შემდგომ თავიდან იქნეს გადახედილი;

უკვე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი შეიძლება ითქვას რომ ნაცისტური გერმანიის მიერ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ოკუპაცია - ევროპის აღნიშნულ რეგიონებში კომუნისტური რეჟიმების დამყარების შემდეგ შეიცვალა საბჭოთა ოკუპაციით. შესაბამისად, აღმოსავლეთ გერმანიაში ჯერ 1948 წელს (ბერლინის ბლოკადა) და შემდეგ 1953 წელს, ისევე როგორც მოვლენები უნგრეთში 1956 წელს, ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს და პოლონეთში 1980-იანი წლების დასაწყისში ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ მეორე მსოფლიო ომის დასკვნით ეტაპზე და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხების სსრკ-ის მხრიდან არავითარ განთავისუფლებას ადგილი არ ჰქონია;

იმის გათვალისწინებით, რომ 1930-1940 წლებში საბჭოთა იმპერიაში არსებობდა 53 საკონცენტრაციო ბანაკი და რომ ბოლშევიკური და საბჭოთა რეპრესიების დროს 15 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა რეჟიმი გახლდათ ისეთივე კრიმინალური რეჟიმი და ტერორისტული სახელმწიფო (თუ არა მეტი ბოროტება), როგორც ნაცისტური გერმანია და ფაშისტური იტალია. თუმცა, იმ ფაქტის გამო, რომ სსრკ თავის ყოფილ მოკავშირეებად ერთად გახლდათ ომში გამარჯვებული სახელმწიფო, საბჭოთა იმპერიას პრინციპით „გამარჯვებულს არ ასამართლებენ" კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არანაირი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. ამიტომაც მოცემული საკითხიც ისტორიის თავიდან გადახედვას აუცილებლად საჭიროებს;

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ უკვე აღიარა 1930-იან წლებში „ჰოლოდომორის" ფარგლებში საბჭოთა იმპერიის მიერ უკრაინელი ერის წინააღმდეგ ჩადენილი მასობრივი მკვლელობები და გენოციდი. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა;

ასევე, ჯერ მხოლოდ სამეცნიერო წრეების დონეზე - მაგრამ მაინც დაიწყო დისკუსია თემაზე, რომ თუ საერთაშორისო საზოგადოებამ მნიშვნელოვანწილად გამოიძია ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდი, ასევე შესაძლებელია გამოძიებულ იქნეს რუსეთის იმპერიის მიერ ჩადენილი გენოციდი ჩერქეზი და აფხაზი ხალხების წინააღმდეგ მე-19 საუკუნეში, და ასევე საბჭოთა იმპერიის მიერ განხორციელებული ჩეჩნების, ინგუშების, ყირიმელი თათრების, სხვადასხვა კავკასიელი ხალხის მასობრივი დეპორტაცია 1940-იან წლებში მშობლიური რეგიონებიდან;

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდგომ შეიქმნება შესაბამისი ნიადაგი გამოძიებულ იქნეს 1992-1993 წლებში და შემდეგ 2008 წელს აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რუსეთის ფედერაციის მიერ ქართველების ეთნიკური წმენდა;

ასევე გამოიძიებულ იქნება ჩეჩენი ხალხის გენოციდი პუტინის რეჟიმის მიერ, რომელიც ეფუძნება 200 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვას ჩეჩნეთში რუსეთის ხელმძღვანელობით ორი ომის დროს (1994-1996 და 1999-2004 წლებში).

საკუთარი ქმედებების გამო რუსეთი უკვე აღიარებულია ტერორისტულ სახელმწიფოდ. შესაბამისად, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები რუსეთის იმპერიის, სსრკ-ს და რუსეთის ფედერაციის მიერ უნდა იყოს აღიარებული როგორც „სახელმწიფო ტერორიზმი" 1984 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული 39/158 რეზოლუციის: „სახელმწიფო ტერორიზმის შესახებ" საფუძველზე.

რა თქმა უნდა, დღის წესრიგში ამ ეტაპზე დადგება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები.

როგორც გერმანია იყო ფინანსურად პასუხისმგებელი ებრაელი ერის წინაშე ნაცისტური გერმანიის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის, ასევე რუსეთის ფედერაცია - რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრე - უნდა იყოს პასუხისმგებელი და განახორციელოს კომპენსაცია (ფულადი, იურიდიული, პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით) სხვადასხვა ხალხებისათვის ზიანის მიყენებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება კრემლის მიერ ჩადენილ გენოციდს, მასობრივ დეპორტაციას და ა.შ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×