რეზონანსი
04.09.2023

ახლა უკვე ნათელია, რომ კრემლის ეგრედ წოდებულმა სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უკრაინაში ვერ მიაღწია ბლიცკრიგის სასურველ მიზნებს. დროში გაწელილი და ფართომასშტაბიანი ომი აიძულებს პუტინს გაგზავნოს ფრონტზე სულ უფრო მეტი ჯარი და ამისთვის იყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა შეავსოს არმია.

რუსეთის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ გადაავადოს რუსეთის მოქალაქეების მობილიზაციის მორიგი ტალღა, რათა როგორმე შეამციროს ადამიანური რესურსების დანაკარგი და რაც მთავარია, თავიდან აიცილოს მასობრივი უკმაყოფილების რისკი რუსეთის შიგნით. ასეთი რისკი კი საკმაოდ რეალურია, რადგანაც რუსეთის მოსახლეობა მოძმე ერთან ომის წინააღმდეგია და არ სურს მასში მონაწილეობის მიღება ფრონტის წინა ხაზზე.

ასეთ სიტუაციაში რუსეთის ხელისუფლება შუა აზიიდან ჩასულ მშრომელ მიგრანტებს მიადგა და ცდილობს მათ რეკრუტირებას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში". მიგრანტები ცენტრალური აზიიდან ადვილი სამიზნე არიან, რადგანაც მრავალ მათგანს არ გააჩნია რუსეთში მუშაობის ლეგალური უფლება და ასევე არღვევენ სხვა იმიგრაციულ კანონებს. მათ ეშინიათ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების და სპეცსამსახურების და არასოდეს ღიად არ გააპროტესტებენ ხელისუფლების მცდელობებს გაგზავნონ ისინი უკრაინაში ომში.

უფრო მეტიც, რუსული კერძო დამქირავებელი კომპანიები, ისეთები, როგორიცაა ვაგნერის ჯგუფი, ახლა ცდილობენ ცენტრალური აზიის მოქალაქეების რეკრუტირებას (არა მშრომელი მიგრანტების) ყირგიზული, ტაჯიკური და უზბეკური სოციალური ქსელების საშუალებით. მედია ავრცელებს ინფორმაციებს რუსი აგენტების მრავალ მცდელობებზე რამენაირად შეიტყუონ უკრაინაში საომრად ცენტრალური აზიის მოქალაქეები.

ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნის ხელისუფლებებმა აუცილებელია ითანამშრომლონ და გაცვალონ ინფორმაცია, რათა წინ აღუდგნენ ამგვარი რეკრუტირების კამპანიის საფრთხეს. რუსულ სამხედრო პროპაგანდასა და რეკრუტირებასთან ბრძოლა მოითხოვს მოქალაქეების ცნობადობის გაზრდას მოსალოდნელ რისკებზე და სამართლებრივ შედეგებზე მათი რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის შემთხვევაში, ასევე, ამგვარი ქმედებების შემთხვევაში სასჯელის გამკაცრებას.

უცხოეთში საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არღვევს მრავალი ქვეყნის კანომდებლობას და ცნობილია შემთხვევები, როდესაც ცენტრალური აზიის მოქალაქეებს მიესაჯათ ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა თავიანთ ქვეყნებში, რადგანაც ისინი იყვნენ დაქირავებულები საზღვარგარეთ.

გარკვეულწილად ეს ხდება ცენტრალური აზიის ქვეყნების ხელისუფლებების, მედიის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების არასაკმარისი მუშაობის გამო ადგილობრივ მოსახლეობასთან. სოლიდური თანხის დაპირებით მოხიბლული ადამიანები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ რუსეთის აგრესიულ ომში მონაწილეობის შედეგებს.

ცენტრალური აზიის მოქალაქეების რეკრუტირება რუსეთ-უკრაინის ომში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას და პასუხს. აუცილებელია ერთობლივი მცდელობა, რათა ამგვარ პრაქტიკას ბოლო მოეღოს და ცენტრალური აზიის მოქალაქეები დაცულნი იყვნენ კონფლიქტის ზეგავლენისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონისა და საეთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

 

ალექსანდრე ანდრიაძე

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×