ზურაბიშვილი ივანიშვილის ზებრა ან ფარშევანგი არ არის, რომ მიმოსვლა მხოლოდ ვოლიერის ფარგლებში შეეძლოს
რეზონანსი
01.10.2023

მედიით ვრცელდება ინფორმაცია 03 ოქტომბერს 12 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „ისტორიულ სხდომის“ გამართვის თაობაზე, რომელზეც სალომე ზურაბიშვილის ქმედებების კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე იმსჯელებენ. „ბრალდების მხარეს“ მმართველი პარტიის 5 მესვეური წარმოადგენს, რომლებიც შეეცდებიან მოსამართლეებს დაუმტკიცონ, რომ, ფაქტობრივად, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ნებით პრეზიდენტად გამწესებული ქალბატონი საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევია...

ცალკე მსჯელობის თემაა, რამდენჯერ შეიცვალა საქართველოს „უზენაესი კანონის“ ტექსტი და დღემდე რატომ არ გვაქვს კონსტიტუციის კომენტარი, რომელშიც მისი ავტორები ცალკეული ნორმების არსს განმარტავდენ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციაში ცვლილება-დამატებები ნაუცბათევად შედიოდა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მასში საკმაოდ ბევრი ხარვეზია „გაპარული“. შესაბამისად, სასამართლოს კონსტიტუციის იმ დებულებების ნორმატიული შინაარსის დადგენა მოუწევს, რომლის ხელყოფა სალომე ზურაბიშვილს ბრალდება...

მიუხედავად იმისა, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის მიმართ საკმაოდ მაქვს პრეტენზიები და მისთვის ხმა არასდროს მიმიცია, ვთვლი, რომ უცხოეთში ვიზიტებით კონსტიტუცია არ დაურღვევია, მით უმეტეს, რომ 50- ე მუხლში („საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი“) მკაფიოდ წერია, რომ „საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმიფოს მეთაური“ (პირველი პუნქტი) და „წარმოდგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“ (მესამე პუნქტი).

ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციის 52-ე მუხლის („საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები“)„ პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტია, რომელიც საფუძვლად დაედო პრეტენზიებს „ხავერდოვან სეზონში“ ევროპაში ვოიაჟებით დაკავებული „ურჩი“ პრეზიდენტის მიმართ. ამ ნორმის თანახმად, პრეზიდენტი: „მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს“.

მართალია, აღნიშნული ნორმა რედაქციულადაც გასამართია და კონსტიტუციის 50-ე მუხლის მესამე პუნქტთანაც შეუსაბამო, დარწუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი ან მისი წარმომადგენელი სასამართლოზე განაცხადებენ, რომ ვინაიდან პრეზიდენტმა უცხოეთში გამგზავრებაზე (საქართველოს წარმომადგენლობაზე) მთავრობის თანხმობა ვერ მიიღო, მან ვიზიტები განახორციელა, არა როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ან/და წარმომადგენელმა, არამედ, როგორც საქართველოს მოქალაქემ. მით უმეტეს, ფაქტია, რომ ქალბატონ სალომეს არანაირ ოფიციალურ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და არც რაიმე ვალდებულება აუღია სახელმწიფოს სახელით, ხოლო მისი შეხვედრები „მეგობარი სახელმწიფოების“ ლიდერებთან აშკარად არაოფიციალურ ხასიათს ატარებდა (მობილური ტელეფონით იღებდა...). 

ცხადია, სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს საქართველოს სხვა მოქალაქეებს კონსტიტუცია ანიჭებს უფლებას ნებისმიერ დროს გავიდეს ქვეყნიდან (მუხლი 14.1) და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი (17.1).

საპარლამენტო უმრავლესობასა და მის ყოფილ ფავორიტს შორის მორიგი დავის არსი მოქალაქეებისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, რომელიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასთან გავავლებ პარალელს (მით უმეტეს, ჩვენი სახელმწიფო, ფაქტობრივად „ერთი პირის საწარმოსავით“ იმართება...). 

ამდენად, თუ დამფუძნებლების (მესაკუთრეების) მიერ დანიშნული მაგ., შპს „საქართველოს“ დირექტორი კანონის საფუძველზეა უფლებამოსილი წარმოადგინოს ეს საწარმო სხვა პირებთან ურთიერთობაში, მისი წერილობითი თანმხმობით ეს უფლებამოსილება შეიძლება სხვამაც განახორციელოს და ამ შპს-ის სახელით (ინტერესებში) დადოს გარიგებები (ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს და აიღოს ვალდებულები). ამასთან, ცხადია, აღნიშნულ საწარმოში დასაქმებულები საწარმოს სახელით დოკუმენტებს ხელს ვერ მოაწერენ და ვალდებულებებს ვერ აიღებენ, თუმცა, მათ ვერავინ დაუშლით ისარგებლონ კონსტიტუციით მინიჭებული „მიმოსვლის თავისუფლებით“ და გამოხატონ საკუთარი აზრი საწარმოს საქმიანობის თაობაზე, მათ შორის აკრიტიკონ დირექტორი ან/და დამფუძნებლები. 

ცხადია, მეც მაქვს უფლება პარლამენტისა და პრეზიდენტის თაობაზე საჯაროდ გამოვთქვა აზრი, რითაც ხშირად ვსარგებლობ. ამასთან, სარჩელები მე-4 პრეზიდენტისა და მე-9 მოწვევის პარლამენტის წინააღმდეგაც მქონდა შეტანილი, ხოლო მე-10 მოწვევის პარლამენტს მორიგი კონკურსის აშკარა კანონდარღვევით ჩატარების გამო ახლახან ვუჩივლე. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, სასამართლოში მისი დაბარება არ ვიკადრე, მაგრამ საჯაროდ რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჯეროვნად არც კანონები იცის და არც სახელმწიფო ენა (ერთგვერდიან საარჩევნო მასალაში 50-ზე მეტი რედაქციული და არსებითი შეცდომა „გაეპარა“...), მოქალაქეთა განცხადებებს არ პასუხობს, ხოლო პარლამენტარებს მისი თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა ჯერ კიდევ 3 წლის უნდა წამოეწყოთ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად „მოსამართლეთა კლანის“ მიერ შერჩეული პირი დანიშნა, თუმცა საზოგადოებას თსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ წარდგენილად გააცნო, რაც არ იყო სიმართლე ... 

მართალია, „ქართული ოცნების“ ოფიციალური ლიდერები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში „ამხელენ“, ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლო მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს... ფაქტობრივად, იგივე მოხდება, რაც ე. წ. რუსული კანონის მიღებისას, როდესაც „ზემოთ“ საპარლამენტო უმრავლესობისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იქნა მირებული... როგორც ჩანს, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის სალომე ზურაბიშვილისგან პროევროპული ორიენტაციის ოპოზიციის ლიდერის ფორმირებაა დაგეგმილი, რომელიც ამჯერად უკვე მმართველ პარტიასთან დაპირისპირებულ და დამოუკიდებელ პოლიტიკოსად უნდა წარმოაჩინონ...

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×