რეზონანსი
08.10.2023

ინტერნეტით, გავრცელდა ინფორმაცია ნიუ იორკში რეჯეფ ერდოღანისა და ილონ მასკის შეხვედრის თაობაზე, რომელზეც თურქეთის ლიდერს წარმატებული ამერიკელი ბიზნესმენისთვის „ტესლას“ მე-7 ქარხნის თურქეთში აშენება შეუთავაზებია. მასკი წინადადების განხილვას დაჰპირებია.

აღმოჩნდა, რომ „ტესლას“ ავტომობილებისთვის მაკოპლექტებელი ზოგიერთი ნაწილი თურქეთშიც იწარმოება, რის გამოც მასკი კმაყოფილი ყოფილა თანამშრომლობით. ამასთან, მას ადრე აქვს განცხადებული, რომ ახალი საავტომობილო ქარხნისთვის ეძებს ადგილს (6 ქარხანა აშშ-ში, გერმანიასა და ჩინეთშია).

აღნიშნულმა „ნიუსმა“ გაზეთ „რეზონანსში“ 2021 წლის 18 აპრილს გამოქვეყნებული ჩემი წერილი („ნამოხვანჰესის ალტერნატივა“) გამახსენა, რომლიდანაც რამოდენიმე ამონარიდს მოვიშველიებ: „ფაქტია, ავტოინდუსტრიაში ელექტრომობილების ეპოქა დაიწყო, რაც დიდ ქალაქებს ეკოლოგიურ საფრთხეებს აარიდებს. მსოფლიოში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა აშშ-ში გამოშვებულ „ტესლებზე“, რის გამოც ილონ მასკი ახალი ქარხნების სხვა ქვეყნებში აგებასაც აპირებს. 

დუბაის მეექვსე ყოველწლიურ საინსვესტიციო შეხვედრაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველო პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანაა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით, დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია მდგრადი გრძელვადიანი განვითარება და ინკლუზიური ზრდა“. 

აღიარებულია, რომ აშშ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას ჰქონდა და დღესაც აქვს შანსი განახორციელოს კიდეც ისეთი პროექტები, რომლებიც ამ „უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის“ გამოყენებით ქვეყნის მდგრად განვითარებასაც უზრუნველყოფენ და, შესაძლებელია, ქართველების მორიგი ხეობიდან აყრა არ გახდეს საჭირო. 

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მეტალურგიული მრეწველობაც იყო განვითარებული და ავტომობილების გარდა თვითმფრინავებიც იწყობოდა, არის ფერადი ლითონის საბადოები, ნავთობსადენი პლასტმასისა და რეზინის ნაკეთობათა დამზადების საშუალებას იძლევა, ხოლო ლითონის შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდანაც შეიძლება, ამასთან გვყავს კვალიფიციური და შედარებით დაბალანაზღაურებადი მუშახელი, შესაძლებლად მიმაჩნია და გონივრულიც იქნებოდა მთავრობას „ტესლას“ მესვეურებისთვის შეეთავაზებინა საქართველოშიც გამოეშვათ ან მხოლოდ აეწყოთ ის მოდელები, რომლებზეც ევროპის, ან თუნდაც მხოლოდ აზიის ან/და აფრიკის კონტინენტებზე იქნებოდა მოთხოვნა. „ტესლასთან“ თანამშრომლობით, შეიძლებოდა ელექტროავტობუსები, ე. წ. მიკროავტობუსები, ან თუნდაც მხოლოდ „აკუმულიატორები“ ან ე. წ. მზის ელემენტები გვეწარმოებინა, რითაც ბიუჯეტს ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი ლარი შეემატებოდა... 

5 წლის წინ პრემიერ მინისტრს მივმართე კონკრეტული წინადადებებით (მაშინ პირველად ვნახე „ტესლას“ ავტომობილი თბილისში), ბოლოს კი ეკონომიკის მინისტრის სახელზე შევიტანე განცხადებები (14.05.2020 და 26.02.2021). იმედი მქონდა, მთავრობა ელექტრონული წერილით ან შეტყობინებით მაინც გამოხატავდა „ტესლასთან“ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ნებას და ამერიკულ მხარეს წარუდგენდა რამდენიმე ვარიანტს ინვესტიციის განსახორციელებლად ან ერთობლივი საქმიანობის დასაწყებად (მაგ., მიწის გადაცემა 49 წლიანი იჯარით, მიწის საკუთრებაში გადაცემა სიმბოლურ ფასად, თეზ-ის ორგანიზება, გარკვეული საგადასახადო შეღავათები, ერთობლივად სააქციო ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება და სხვა). 

განვლილი წლების განმავლობაში, „ტესლასთან“ თანამშრომლობის თაობაზე ქართული მხარის პოზიციის ან ამ მიმართებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, როგორც ვიცი, ილონ მასკი უკვე ჩინეთსა და გერმანიაშიც აგებს ქარხნებს...“

ფაქტია, რომ „ტესლას“ ავტომობილები გერმანიისა და ჩინეთის გარდა, უკვე მეზობელ თურქეთშიც შეიძლება დამზადდეს. სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობაზე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ილონ მასკთან („ტესლასთან“) კომუნიკაციის დასამყარებლად და თანამშრომლობისთვის, როგორც ჩანს, დღემდე არაფერია გაკეთებული. თუ ასე გავაგრძელეთ, ევროკავშირში ინტეგრაციის რა მოგახსენოთ, მაგრამ რუსული „მოსკვიჩის“ ან უკრაინული „ზაპოროჟეცის“ აწყობის „ნათელი პერსექტივა“ კი ნამდვილად გაგვიჩნდა... 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×