3 ოქტომბერს ბათუმში პრეზიდენტის, ხოლო თბილისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქმებებების კანონიერება იხილებოდა
რეზონანსი
15.10.2023

„რეზონანსის“ მკითხველებმა იციან, რომ 3 ოქტომბერს ბათუმის გარდა თბილისშიც გაიმართა „ისტორიული პროცესი“. თუმცა, თუ პარლამენტის წარდგინების საფუძველზე პრეზიდენტის ქმედებების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოდან პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 41-ე სხდომათა დარბაზში სამართლის დოქტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელების არანაკლებ მნიშვნელოვანი პაექრობით არც მედია დაინტერესებულა და არც „არასამთავრობო სექტორი“. არადა, სხდომა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურის კანონიერებაზე პირველი ინსტანციის ერთ მოსამართლეს უნდა ემსჯელა, ჯერ კიდევ 4 წლის წინ უნდა გამართულიყო, ხოლო სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, არც „სტრატეგიული პარტნიორები“ დაგვიწესებდენ სანქციებს და ვენეციის კომისიაც არ მოგვთხოვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ (ძირეულ, ყოვლისმომცველ) რეფორმას...

შესაბამისად, უპრიანად მივიჩნიე საზოგადოებისთვის პარალელურ რეჟიმში მიმდინარე ამ ორი, ფაქტობრივად „პოლიტიკური პროცესის“ შედარებითი ანალიზის შედეგები გამეცნო: პირველ რიგში, ხაზი იმ გარემოებას უნდა გაესვას, რომ რამდენიმე გვერდიანი კონსტიტუციური წარდგინების განხილვა რეგლამენტით არ შეიზღუდა, რის გამოც გაუმართლებლად გაჭიანურდა, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ 2019 წლის 16 ივლისს შეტანილი სარჩელის განხილვა, რომელშიც პრეტენზიები 38 გვერდზე იყო ჩამოყალიბებული, მოსამართლემ, ფაქტობრივად ერთ საათში დაასრულა, ვინაიდან პროცედურით გათვალისწინებული თითოეული მოქმედებისთვის 10-10 წუთი გამოჰყო (გასართობად კი არ ვარ მოსული, კიდევ 450 საქმე მაქვს განსახილველიო...),

მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლთა თავკაცმა თავიდანვე განაცხადა: „საკითხი მარტივიაო...“, ფაქტია, საქართველოს კონსტიტუციის ავტორები და მეცნიერები („სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტები“) 4 დღის განმავლობაში ცდილობდენ 9 მოსამართლისა და დანარჩენი მოქალაქეებისთვის („ხალხისთვის“, რომელიც კონსტიტუციის თანახმად „ხელისუფლების წყაროა“ ) სახელმწიფოს „უზენაეს კანონში“ რამდენიმე წლის წინ შეტანილი იმ ცვლილებების ნორმატიული შინაარსი განემარტათ, რომლებიც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სტატუსსა და უფლებამოსილებას განსაზღვრავენ. აღმოჩნდა, რომ კონსტიტუციის ბოლო რედაქციის „მამას“, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, თსუ-ის პროფესორს („კონსტიტუციონალისტს“) ირაკლი კობახიძეს და მის თანხლებ იურისტებს (მათ შორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს) კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლად აღებული სამართლის ნორმები სრულიად განსხვავებულად ესმით, ვიდრე საკონსტიტუციო კომისიის მდივანს, პარლამენტის ყოფილ ვიცესპიკერს, იურისტთა ყველაზე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის („საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა აოციაციის“) ყოფილ თავმჯდომარეს, თამარ ჩუგოშვილს და თსუ-ის პროფესორს, საკონსტიტუციო სასამართლოში 10 წლის განმავლობაში ნამოღვაწევ მაია კოპალეიშვილს. 

სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსებისა და მეცნიერების პაექრობა აშკარად გასცდა არა მხოლოდ აკადემიური წრეებში, არამედ საზოგადოდ მიღებულ ნორმებს და პიროვნულ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. არადა, თუ როგორ უწუნებდნენ ერთმანეთს განათლება-კვალიფიკაციას პირველი ქართული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები, მათი სტუდენტებიც ადევნებდნენ თვალს... 

ცალკე მსჯელობის თემაა, რამდენჯერ შეიცვალა საქართველოს „უზენაესი კანონის“ ტექსტი (კონსტიტუციაში, ფაქტობრივად, მეჯიხურის ნისიების რვეულივით იცვლება ჩანაწერები...) და დღემდე რატომ არ გვაქვს კონსტიტუციის კომენტარი, რომელშიც კონსტიტუციის ტექსტის შემმუშავებელი კომისიის წევრთა უმრავლესობის პოზიცია თითოეული ნორმის არსის თაობაზე იქნებოდა ასახული. ამასთან, ვინაიდან ცვლილება-დამატებებები ნაუცბათევად შედიოდა კონსტიტუციაში საკმაოდ ბევრი ხარვეზია „გაპარული“ (ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროპაში, რომელშიც უშუალოდ პარლამენტი ცვლის „უზენაესი კანონის“ ტექსტს და არა ხალხი...). შესაბამისად, სასამართლოს კონსტიტუციის იმ დებულებების ნორმატიული შინაარსის დადგენა მოუწევს, რომლის ხელყოფა სალომე ზურაბიშვილს ბრალდება... თუმცა, როგორ შეიძლება მოქალაქე (თუნდაც პრეზიდენტი...) „უხეშად არღვევდეს“ იმ არაგანჭვრეტად ნორმას (თუნდაც კონსტიტუციურს...), რომლის შინაარსის თაობაზე ავტორები და მეცნიერები ვერ შეთანხმებულან (სრულიად განსხვავებულად განმარტავენ...). 

ისიც ცალკე მსჯელობის თემაა, რამდენად კორექტულია, როდესაც მმართველი პარტიის მესვეურები მათივე ძალისხმვევით გაპრეზიდენტებულ ქალბატონს სასამართლოში საქვეყნოდ „ურჩევენ საქმეს“, თან იურისტთა „შეჯიბრებაში“ „სუსტი სქესის“ წარმომადგენლებს მამაკაცების გაორმაგებულ შემადგებლობას უპირისპირებენ... არადა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ქალი საერთოდ არ ჰყავთ დასაქმებული.. 

შესაბამისად, ვთვლი, რომ ბათუმში აშკარად სამარცხვინო პროცესი („პოლიტიკური სპექტაკლი“...) გაიმართა, რომელშიც განსაკუთრებით სასამართლოს თავმჯდომარე ცდილობდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მსაჯულის როლის შესრულებას... („მხარეებს არ შეგზღუდავთო და რამდენიც გინდათ ილაპარაკეთო...“ ). შედეგად, მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტს საკონსიტუციო სასამართლო, ზურაბიშვილის „რეიტინგი“ მნიშვნელოვნად ამაღლდა (როგორც ჩანს, მომავალ პარლამენტში პროევროპული ოპოზიციის ლიდერად მოიაზრებენ...). 

რაც შეეხება, მეორე „ისტორიულ პროცესს“, იმავე 3 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ 2019 წლის 16 ივლისს შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყო, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის შეჩერება იყო მოთხოვნილი. 

ვინაიდან საქმის განხილვა 4 წელზე მეტი ხნით გაჭიანურდა (კანონის თანახმად, 2 თვეში უნდა განხილულიყო), ცხადია კონკურსის გაუქმება მოვითხოვე. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი მოცულობითი იყო, ხოლო კონკურსის არაგონივრული პირობით და კანონდარღვევით ჩატარების გამო საკმაოდ ბევრი ნორმის შინაარსი იყო დასადგენი, მოსამართლემ მხოლოდ10 წუთი გამომიყო სალაპარაკოდ და კითხვების დასასმელად... მოპასუხის წარმომადგენლებს კი არც კითხვები გასჩენიათ და სხდომაზე, ფაქტობრივად იგივე განაცხადეს, რაც სასამართლოში 2019 წლის 5 სექტემბერს წარდგენილ ერთგვერდიან შესაგებელში დასკვნის სახით ჰქონდათ ჩამოყალიბებული: „კონკურსი კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდაო...“, ხოლო „მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელების ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის გაგრძელებაო“. 

მართალია, თამარ მეშველიანს „შინაგანი რწმენის“ ჩამოსაყალიბებლად თითქმის ერთი თვე დასჭირდება (გადაწყვეტილებას 31 ოქტომბერს გამოვაცხადებო... აბა რა! ხომ უნდა დრო განსჯა-გააზრებისთვის...), ლოგიკურია, ვერცერთი მოსამართლე, რომელიც სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ხოლო „უზენაესში“ მხოლოდ პარლამენტმა შეიძლება გაამწესოს, „ზემდგომი ორგანოების“ წინააღმდეგ არაფერს მოიმოქმედებს... მით უმეტეს, როდესაც მიზანი „ლეგიტიმურია“, ხოლო მისი მიღწევის პროცედურა „სასიცოცხლოდ აუცილებელი“... 

დაბოლოს, მართალია ე. წ, ვენეციის კომისის წევრი არ ვარ, მაგრამ ვინაიდან საქართველოში რეალურად დამოუკიდელი სასამართლოს ფორმირებით მეც სისხლხორცეულად ვარ დაინტერესებული (დღეს საკანონმდებლო და სასასამართლო ხელისუფლება ტანდემში მოქმედებს...), ვეცდები, 3 ოქტომბერს გამართული „ისტორიული პროცესების“ შედარების საფუძველზე რამდენიმე რეკომენდაცია მეც შევთავაზო პარლამენტს: 

საქართველოს კანონმდებლობის (პირველ რიგში, კონსტიტუციის, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის) სრულყოფის მიზნით დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას კომისიები, რომლებიც გონივრულ ვადაში მოამზადებენ კანონების ახალ რედაქციებს შესაბამისი კომენტარებით:

არა მარტო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება უნდა მოხდეს (მაგ., შეიძლება, ყველა წევრი ადვოკატებმა შეარჩიონ... ამასთან, გონივრულად მიმაჩნია, თუ კანდიდატი კონკურსზე მხოლოდ სპეციალობით 10 წლის მუშაობის და იმის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენს, რომ დაინტერესებულია საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობით, ანუ რეალურად დამოუკიდებელი და ეფექტური სასამართლო ხელისუფლების ფორმირებით),

არამედ მოსამართლეების სრული შემადგენლობაც უნდა გადაიხედოს (ამისთვის, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზია საკმარისი...) და მათი შერჩევის წესიც;

არა მარტო საკონსტიტუციო წარდგინების, არამედ თანამდებობაზე გამწესების თაობაზე დავებიც სასამართლოებმა ერთვიან ვადაში უნდა განიხილონ; 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები პირველი ინსტანციით უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს, მეორე ინსტანციით მისმა დიდმა პალატამ, ხოლო მესამეთი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა (ერთვიან ვადებში). 

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებების განხილვის დროსაც მხარეებისთვის პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, კითხვების დასმისა თუ პაექრობისთვის გონივრული ვადებია დასადგენი. არ შეიძლება, შედეგზე ორიენტირებული პროცედურა რეგლამენტირებული არ იყოს. სასამართლოს სხდომათა დარბაზი პოლიტიკური ან პიროვნული დაპირისპირების ადგილი არ არის.

სამართლიანი კონკურსების (არჩევნების) ჩატარება უნდა ვისწავლოთ... 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×