(მერვე წერილი)
რეზონანსი
07.04.2024

საერთო სესიების სასამართლოებში მუშაობს 163 მოსამართლე, რომლებიც აირჩევიან ასევე რვა წლიანი ვადით. საერთო სესიის სასამართლოების იურისდიქცია მოიცავს მცირე თანხების სარჩელებს სამოქალაქო საქმეების, საოჯახო საქმეების, ასევე შტატის ზოგიერთ საგრაფოში, სადაც შექმნილი არ არის სხვა დამოუკიდებელი სასამართლო, ქონების სამემკვიდრეო საქმეების და არასრულწლოვანთა საქმეების განხილვებს. 

ამ ტიპის სასამართლოები სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ არა არსებითად, არამედ განხილვა შემოიფარგლება ფელონიის კატეგორიის საქმეთა წინასწარი მოსმენით. მისდიმინორთან მიმართებაში შტატის კანომდებლობა საქმის სასამართლო განხილვას აწესებს იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული უარს იტყვის მსაჯულთა სასამართლოზე. 

შტატში ასევე ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა საქმეების სასამართლოები, რომელთა შემადგენლობაში 18 მოსამართლე შედის და გააჩნიათ განსაკუთრებული იურისდიქციის უფლებამოსილებები არასრულწლოვანთა საქმეების განხილვისას, მათ შორის განიხილავს ასევე არასრულწლოვანთა რჩენისა და მზრუნველობის ღონისძიებების საკითხებზე.

და ბოლოს, ისევე როგორც სხვა შტატებში, ტენესის შტატშიც ფუნქციონირებს მუნიციპალური სასამართლოები, სადაც 170 მოსამართლე მუშაობს და ძირითადად იხილავენ საქალაქო დეკრეტებისა და წესების დარღვევის საქმეებს. ტენესის შტატის მუნიციპალური სასამართლოების მოსამართლეები უფლებამოსილნი არიან დააკისრონ 50 დოლარის ოდენობის ჯარიმები ან კიდევ გამოიყენონ ადმინისტრაციული დაპატიმრება 30 დღემდე ვადის ფარგლებში. 

საგანგებო ინტერესის საკითხს წარმოადგენს ჩრდილო ამერიკულ შტატებში უმაღლესი სასამართლოების დამხმარე ორგანოთა სისტემა, რომლებიც მოწოდებულნი არიან თანადგომა აღმოუჩინონ არამარტო შტატის უმაღლეს სასამართლო ორგანოთა საქმიანობას, არამედ სხვა სასამართლოებსაც. ტენესის შტატის მაგალითზე მათი სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება: 

ა) საკონსულტაციო კომისიები სისხლის სამართლებრივ, სამოქალაქო და სააპელაციო სამართალწარმოების წესებზე. უმაღლეს სასამართლოში შექმნილია ორი კომისია: სისხლის სამართლის პროცედურის წესებისა და სამოქალაქო საქმეების სააპელაციო წესების სწავლებაზე, ასევე რეკომენდაციების გაცემა შტატის ყველა სასამართლოებში პროცესუალური ნორმების გამოყენებაზე. სისხლის სამართლებრივი საკითხების საკონსულტაციო კომისია ასევე უფლებამოსილია განიხილოს წინადადებები სისხლის სამართლებრივი ზოგიერთი საპროცესო ნორმის ცვლილების თაობაზე , რომლებიც სტატუსის დადგენას უკავშირდებიან ( მაგალითად, დაზარალებულის, არასრულწლოვანის, ლტოლვილის, სოციალურად დაუცველის, უმუშევრობის და ა.შ.);

ბ) უფლებათა საგამოცდო კოლეგია. ეს ორგანო ტენესის შტატის გენერალური ასამბლეის მიერაა შექმნილი იმისათვის, რომ უმაღლეს სასამართლოს ხელი შეუწყოს ატორნეებისათვის ლიცენზიის გაცემაში. უფლებათა საგამოცდო კოლეგია არსებობს პატენტის სარგებლობისათვის ატორნეთა მიერ შეტანილი საწევროების ხარჯზე და პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პირებისათვის გამოცდების ჩატარებაში, რომლებიც არიან პრეტენდენტები შტატის ტერიტორიაზე იურიდიული მომსახურეობის გაწევის თაობაზე;

გ) სამართლებრივი განათლებისა და სპეციალიზაციის საკითხთა კომისია. ამ კომისიის ვალდებულებაში შედის პრაქტიკოსი იურისტების, მათ შორის მოსამართლეების სამართლებრივი განათლების დონის მონიტორინგი. მაგალითად, კომისიის პერსონალი აღმოუჩენს საგანმანათლებლო მომსახურეობას ტენესის შტატის ადვოკატთა ფონდს კლიენტთა დაცვის, აგრეთვე უმაღლესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ისინი ატარებენ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს ატორნეებისათვის ისეთი სფეროებისა და მიმართულებების მიხედვით, როგორიცაა: თანამდებობრივი დანაშაულები, გაკოტრება სამეწარმეო საქმიანობაში, სამოქალაქო სამართალი, , კრედიტორთა უფლებები, სოციალური უზრუნველყოფა, სისხლის სამართლის პროცესი, სამედიცინო სამართალი, და ა.შ. სამართლებრივი განათლებისა და სპეციალიზაციის კომისია ახდენს შტატის მოსახლეობის ინფორმირებას სამართლის ამა თუ იმ სფეროში არსებული სპეციალისტების რაოდენობის თაობაზე. 

დ) ტექნოლოგიების საკონსულტაციო კომისია. აღნიშნული კომისია შექმნა უმაღლესმა სასამართლომ სამართალწარმოებაში საინფორამაციო ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით. 

ე) სადავო სასამართლო რეზოლუციების კომისია, რომელიც შეიქმნა ტენესის შტატის უმაღლესი სასამართლოს მიერ იმისათვის, რომ შემუშავებული ყოფილიყო აუცილებელი რეკომენდაციები სასამართლოებისათვის სადავო რეზოლუციების მიღებისას. მსგავსი რეკომენდაციები მიმართულია სასამართლო ხარჯების შემცირებისაკენ და სასამართლო პროცედურების დაჩქარებისათვის. კომისია ასევე იწონებს შუამავალ კანდიდატებს, რომლებსაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სასამართლომდე (წინასასამართლო პერიოდში) სამოქალაქო სამართლებრივი და საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვის სავალდებულო მომზადებაში, რომელიც შეადგენს 40 საათს სამოქალაქო საქმეებზე, ხოლო 46 საათს საოჯახო საქმეებზე. 

ვ) სამოსამართლეო თანამეგობრობის (თანასაზაგოადოების) სასამართლო. შექმნილი იყო შტატის გენერალური ასამბლეის მიერ ატორნეების, მოსამართლეების და იურიდიული განათლების მქონე სხვა პირთა შემადგენლობით მოსამართლეთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის გამოძიებისათვის, რომელიც აღიძვრება წერილობითი საჩივრისა და მოქალაქეთა პროტესტის საფუძველზე. თუ სასამართლო დაადგენს მოსამართლეთა ბრალეულობას ,მაშინ იგი უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი ღონისძიებები: გაკიცხოს მოსამართლე, ან 30 დღით ჩამოაშოროს მოსამართლე მოვალეობის შესრულებას ან კიდევ საერთოდ დაითხოვოს დაკავებული თანამდებობიდან. 

ზ) უქონელთა დაცვის კომისია. ეს კომისია შეიქმნა იმისათვის, რომ სასამართლოებს გაეწიოთ იმ მოპასუხეთათვის შეღავათების გამოყენების რეკომენდაცია, რომლებსაც მცირე შემოსავალი ან ცუდი ქონებრივი მდგომარეობა გააჩნიათ. 

თ) მოსამართლეთა საბჭო, რომელიც შეიქმნა საკონსულტაციო ორგანოს სახით შტატის გენერალური ასამბლეის მიერ და შედგება მოსამართლეებისაგან, დეპუტატებისა და იურიდიული განათლების მქონე სხვა პირებისაგან. ამ საბჭოს მინიჭებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და მისი შექმნის მიზანიც სწორედ ისაა, რომ შეიმუშავოს წინადადებები შტატის იუსტიციის მართცის გაუმჯობესების საკითხებზე და მოამზადოს კანონპროექტი იმ ცვლილებებზე , რაც სამართალწარმოების პრობლემების რეგულირებას უკავშირდება. 

ი) მოსამართლეთა ეთიკის კომისია შტატის უმაღლეს სასამართლოში ფუნქციონირებს როგორც მუდმივმოქმედი ორგანო. იხილავს როგორც მოსამართლეთა ეთიკურ-ზნეობრივი ქცევის სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხებს, ასევე მათი პირადი თხოვნის გამო იძლევა შესაბამის რეკომენდაციებს. 

კ) მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კომისია. ეს ორგანო გენერალური ასამბლეის მიერ იმიტომ შეიქმნა, რომ გუბერნატორი ჩარეულიყო უმაღლესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს, სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლოს და ყველა სხვა დონის სასამართლოში მოსამართლეთა ვაკანსიის შევსებაში. ამ კომისიის შემადგენლობაში შედიან ატორნეები და იურიდიული განათლების სხვა პირები. იმ შემთხვევაში, თუ ვაკანსია გაიხსნება სააპელაციო სასამართლოს დონეზე, ან იმ სასამართლოში, სადაც საქმე არსებითად იხილება, მაშინ კომისია ღებულობს შესაბამის განცხადებებს და აწყობს შეხვედრებს არამარტო კანდიდატებთან, არამედ ასევე მათ მხარდამჭერ ან მათ მოწინააღმდეგე პირებთან. როცა კანდიდატთა საჯარო განხილვები მთავრდება, მაშინ კომისია სთავაზობს გუბერნატორს სამ კანდიდატს თვითოეულ ვაკანსიაზე. 

ლ) უმაღლესი სასამართლოს მშენებლობის კომისია. ამ კომისიის წარმომადგენლობა ორგანიზებულია შტატის სამ ქალაქში, სადაც გახსნილია შტატის უმაღლესი სასამართლოს განყოფილებები. კომისია აწარმოებს შტატის უმაღლესი სასამართლო ორგანოსა და მისი განყოფილებების არქიტექტურული განვითარების საკითხებს.

მ) კანონმდებლობის კოდიფიკაციის კომისია. ეს კომისია 5 წევრისაგან შედგება, რომელთა შორისაა შტატის უმაღლესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე, გენერალური ატორენეი, გენერალური ასამბლეის მთავარი სამსახურის დირექტორი და ორი სხვა წევრი, რომლებსაც მთავარი მოსამართლე ნიშნავს. კომისია შეიმუშავებს და ღებულობს გეგმას სისტემატიზაციის, კოდიფიკაციის, პუბლიკაციის და შტატის სტატუტების (კანონების) განაწილების საკითხებზე. 

ნ) შტატის მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარების კომისია. აღნიშნული კომისია ამზადებს საკითხებს სასამართლოების ბიუჯეტების, სასამართლო მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების, მოსამართლეთა უსაფრთხოების, სასამართლოებისათვის საინფარმაციო უზრუნველყოფის და სხვა თემაზე, რომლებსაც იხილავს და ამტკიცებს მოსამართლეთა კონფერენცია. ამ კომისიაში ფუნქციონირებს ორი სპეციალური კომიტეტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების თაობაზე.

ო) შტატის საბიბლიოთეკო კომისია. ეს კომისია მოქმედებს შტატის უმაღლეს სასამართლოში, რომლის შემადგენლობაშია მთავარი მოსამართლე და ყველა დონის მუდმივი სააპელაციო მოსამართლეები. კომისიას მინდობილი აქვს ადმინისტრაციული ფუნქციები იურიდიულ ბიბლიოთეკებში მომსახურე პერსონალის დაქირავების, სამართლებრივი ლიტერატურის შესყიდვების, ტექნიკური აღჭურვილობის მოწყობის, ასევე საბიბლიოთეკო საქმეების წესების შიმუშავებისა და მიღების საკითხებში.

ვალერი გელბახიანი

პაატა კოღუაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×