მარიკა ხორავა
03.10.2020

საქრთველოს კარგი პოზიცია უჭირავს და სწორი აქცენტები აქვს გაკეთებული. ვისურვებდი ეს განცხადება გაცილებით ადრე გაკეთებულიყო - ასე გამოეხმაურა „რეზონანსთან" საუბრისას საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო საქართველოს მთავრობამ დროებით შეაჩერა სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით.

ფხალაძის განმარტებით, მთავარია მშვიდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.

„ძალიან კარგია უსაფრთხოების საბჭოს სხდომა რომ გაიმართა და კარგია ეს განცხადებაც რომ მივიღეთ. უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადებში აბსოლუტურად სწორი აქცენტებია დასმული. მშვიდობა მნიშვნელოვნია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

„საქართველოს სწორი პოზიციაა უჭრავს, კარგი აქცენტებია გაკეთებული - მოწოდება მშვიდობისათვის, ის, რომ საქართველოს სამხედრო ტვირთებს არ ატარებს, საქართველო მოლაპარაკების სივრცედ შეთავაზებული რომ იქნა. ყველა ის აქცენტი, რომელიც დასმულია, არის სწორი და მართებული.

„ამ რეგიონში ძალიან მნშვნელოვანია მშვიდობა. საჭიროა ნებისმიერი ტიპის დავა მშვიდობიანი გზით იქნას გადაწყვეტილი. ამ განცხადების სულისკვეთება არის სწორი. ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, ეს ყველაფერი გაკეთებულიყო გაცილებით ადრე, მაგრამ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს", - განაცხადა ფხალაძემ.

საქართველოს მთავრობამ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით - ამის შესახებ ეროვნულმა უსაფრთხოების საბჭოს განცხადება გაავრცელა.

„აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული კონფლიქტით გამოწვეული მძიმე ვითარება, რომელსაც შედეგად, სამწუხაროდ, უკვე მოყვა მსხვერპლი, ვითარების ესკალაცია კი მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მიიღონ ყველა ზომა ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის. საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან.

„ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები. საქართველოში ყოველთვის ვამაყობდით ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის აზერბაიჯანლებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და მას დიდი გაფრთხილება, ერთობლივი ზრუნვა სჭირდება.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, საქართველოს გარეთ თუ შიგნით, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობასა და ისტორიულ გამოცდილებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში.

„ქართული მხარე მრავალი წლის განმავლობაში ზედმიწევნით ასრულებდა და ასრულებს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ. კერძოდ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ორივე ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებშიც არის. დღესაც, საქართველოს გავლით, ტრანზიტის რეჟიმში სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო გადაზიდვები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდება ნებისმიერი, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით.

„გადაზიდვების ინტენსივობა მაღალია და აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა სამხედრო კონფლიქტის განახლების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მიერ სამოქალაქო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და არც დაწესდება. ამასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ. ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენი საერთო ინტერესია - სწრაფად შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება და რეგიონში აღდგეს მშვიდობა", - ნათქვამია უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×