
დიდი ალბათობით პარასკევს „ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოზე გახარიას შემცვლელ პრემიერ მინისტრობის ახალ კანდიდატს დაასახელებს - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი",- განაცხადა კობახიძემ.
გახარიამ პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება ხუთშაბათს მიიღო და იმედი გამოთქვა, რომ მისი ეს ნაბიჯი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას ხელს შეუწყობს.
„დღეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაციაა, თვითონ ქვეყნის განვითარების, მისი უსაფრთხოებისა და მომავლის რისკებს ქმნის. მაშინ, როდესაც ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს ვებრძვით და რაც მთავარია ჩვენ ყველანი ერთად პოლარიზაციას ვებრძვით, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და როდესაც არ იარსებებს არანაირი რისკი მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციისა, თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არის ყველზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის და ეკონომიკური განვითარების ", - განაცხადა გახარიამ.
გახარიას განცხადებას, რომ გუნდთან მელიას საკითხთან დაკავშირებით ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ პარტიაში დისკუსია ნამდვილად იყო.
„ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს მყარად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ, თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი. ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულებაა ის, რაც ხელს უწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება."- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, ასევე გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს.
პარლამენტს კი, 2-კვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერ- მინისტრს და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიცია და მელიას მხარდამჭერები ვერდიქტს „ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისში ელოდებოდნენ და აცხადებდნენ, რომ მის დაკავებას არ დაუშვებდნენ.